არასამთავრობოები: გრძელდება აგრესიული რიტორიკა არასამთავრობო სექტორის მიმართ

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის 8 ოქტომბრის განცხადებას, სადაც მან “ზოგიერთ ორგანიზაციას” პოლიტიკურად ანგაჟირებულობაში დასდო ბრალი.

NGO-ების თანახმად, ამ განცხადებით “გრძელდება აგრესიული რიტორიკა არასამთავრობო სექტორის მიმართ”:

“დღევანდელ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ ისაუბრა პარტიის აღმასრულებელი მდივნის სტატუსით, რაც გვაფიქრებინებს, რომ მისი მხრიდან გაჟღერებული მოსაზრებები პარტიის მიერ განხილული და გაზიარებულია, რაც საკითხის სიმწვავეს კიდევ უფრო მეტად აჩვენებს”,- წერია განცხადებაში.

ორგანიზაციები — ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), “ახალგაზრდა იურისტები”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა”, ISFED და სხვები — წერენ, რომ მსგავსი რიტორიკა მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან “გაძლიერდა არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის და იმ განცხადების საპასუხოდ, რომელიც ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, კორუფციისა და არაფორმალური მმართველობის სავარაუდო ფაქტებს და პოლიტიკური კრიზისის ნიშნებს ეხებოდა”.

13 არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის, “საერთაშორისო გამჭვირვალობის”, “ღია საზოგადოების ფონდი”, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”,  წინა კვირას გამოეხმაურნენ “ომეგა ჯგუფის” გარშემო განვითარებული მოვლენებს და თქვეს, რომ ეს პროცესები “არაფორმალური მეთოდებითა და კრიმინალების დახმარებით მმართველობაზე მიუთითებს”.

“ამ ფაქტებზე სისტემური და სამართლებრივი რეაგირების ნაცვლად, ფაქტობრივად, ყოველდღე, მმართველი პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი საზოგადოებას სთავაზობს ყურადღების გადატანას პრობლემის შინაარსიდან კრიტიკის ავტორებზე, რითიც ცდილობს დღის წესრიგიდან მოხსნას მთავარი და საკვანძო პრობლემები”.

“მიგვაჩნია, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ბოლო დღეების განცხადებები უმთავრესად ემსახურება სწორედ საარჩევნო საკითხებზე და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების დელეგიტიმაციას და საზოგადოების, ისევე როგორც არჩევნებზე დამკვირვებელ საერთაშორისო ორგანიზაციების თვალში, მათი შეფასებების დისკრედიტაციას. განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ წინასაარჩევნო ვითარებაში საკითხების ზედმეტი პოლიტიზების და პოლარიზების საფუძველს მმართველი პოლიტიკური გუნდის წევრების განცხადებები ქმნის”.

კობახიძის შემდეგ მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა კახი კალაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ “ქართული ოცნების” ლიდერშიპს:

  • “უზრუნველყონ მშვიდი და სამართლიანი წინასაარჩევნო გარემოს არსებობა ქვეყანაში და საკუთარი უსაფუძვლო ბრალდებებით ხელი არ შეუშალონ არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციების მუშაობას;
  • გამოიყენონ მათ ხელთ არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი ბერკეტები და მოითხოვონ კორუფციის, არაფორმალური მმართველობის თუ დაუსჯელობის სავარაუდო ფაქტებზე დროული რეაგირება შესაბამისი ორგანოების მხრიდან”.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლუკა პერტაია მუშაობდა ნეტგაზეთის რეპორტიორად 2016 წლის მაისიდან 2017 წლის 31 იანვრამდე. 2017-18 წლებში მუშაობდა OC Media ში რეპორტიორად. 2018 წლის 1 სექტემბრიდან ის კვლავ ნეტგაზეთის რეპორტიორია.