ახალი ამბები

კობახიძე გვარამიას “ხელმოცარულ ფაშისტს” უწოდებს და ისევ აკრიტიკებს არასამთავრობოებს

8 ოქტომბერი, 2018 • 2878
კობახიძე გვარამიას “ხელმოცარულ ფაშისტს” უწოდებს და ისევ აკრიტიკებს არასამთავრობოებს

ირაკლი კობახიძემ “ხელმოცარული და უნიათო ფაშისტის განცხადება” უწოდა რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მოწოდებას, “უკიდურესად შეავიწროონ” სალომე ზურაბიშვილის დამფინანსებლები და მხარდამჭერები.

“ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს ან აფინანსებს, ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება, უკიდურესად უნდა შევავიწროოთ. ყველა ეს ადამიანი უნდა დავიმახსოვროთ და გავაძევოთ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროდან, იქნება ეს ბიზნესი, კულტურა თუ პოლიტიკა,” — დაწერა გვარამიამ 5 ოქტომბერს ფეისბუკზე. მან “მოღალატის მხარდამჭერებად” მოიხსენია ასეთი ადამიანები და თქვა, რომ ცხოვრების ყველა სფეროდან უნდა გავაძევოთ.

8 ოქტომბერს კობახიძემ ამ ნაწერს “ისტერიული განცხადება” უწოდა და განაცხადა, რომ ეს “უსათუოდ უკავშირდება კანდიდატების არსებულ რეიტინგებს, რომელთა მიხედვითაც სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იგებს არჩევნებს”.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, “ეს განცხადება არის ხელმოცარული და უნიათო ფაშისტის განცხადება, რომელიც გასული ექვსი წლის მანძილზე არაერთგზის მწარედ დამარცხდა ქართული დემოკრატიის, ქართული საზოგადოების და სიმართლის წინააღმდეგ ბრძოლაში”.

არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკა

კობახიძე ამბობს, რომ საზოგადოება რამდენიმე დღე ელოდა არასამთავრობო ორგანიზაციების “მკვეთრ პოზიციას ნიკა გვარამიას ფაშისტურ განცხადებასთან დაკავშირებით. თუმცა ასეთი გამოხმაურება არცერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელისგან არ მოგვისმენია”.

“მეტიც, ერთ-ერთმა მათგანმა, მიხეილ ბენიძემ ნიკა გვარამიას დაცვაც კი იკადრა, ანუ რეალურად უკადრებელი იკადრა, რაც უკიდურესად შემაშფოთებელია”, — განაცხადა კობახიძემ. მას არ დაუზუსტებია, ბენიძის რომელ განცხადებას გულისხმობდა. დასძინა, რომ “სამოქალაქო სექტორის როლი … უმნიშვნელოვანესია”, თუმცა “პერსონალიები, რომლებიც ზოგიერთ ორგანიზაციას სათავეში უდგანან, სამწუხაროდ, პოლიტიკურად ანგაჟირებულობის, ან პოლიტიკური მიკუთვნებულობის გამო აზიანებენ თავად ამ იდეას”.

კობახიძემ, სავარაუდოდ, იგულისხმა არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” (ISFED) დირექტორის, მიხეილ ბენიძის კომენტარი, რომელიც  5 ოქტომბერს მისცა გამოცემა “პრაიმტაიმს”. იგი ამბობს, რომ შესაძლოა, გვარამიას განცხადება “ვინმეს გემოვნებაში არ ჯდება”, თუმცა ის  ჯდება სიტყვის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნბის” (ISFED) დირექტორს, მიხეილ ბენიძეს. მან გვითხრა, რომ კობახიძის განცხადების შეფასებას და მის აყოლას “აზრი არა აქვს”, რამეთუ “მისი მიზანია, წინასაარჩევნო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციები გადაიყვანოს თავდაცვის რეჟიმში” და სრულფასოვნად ვერ განახორციელონ თავიანთი საქმიანობა.

“ამას ჩვენ ვაფასებთ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლას, ხელშეშლას”.

“ზეწოლა არასამთავრობო ორგანიზაციებზე”

“ჩვენი შეშფოთების საგანი სწორედ ესაა, რომ ზოგიერთი პოლიტიზებული პერსონის გამო, ზიანდება თავად იდეა და არასამთავრობო სექტორის როლი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში, რაც დაუშვებელია”, განაცხადა კობახიძემ და ბენიძეს ირიბად უწოდა ფაშიზმის მონაწილე: “ვინც ხელს აფარებს ფაშიზმს, თავადაც არის ფაშიზმის თანამონაწილე. სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შორისაც არიან”, — განაცხადა მან.

ბენიძის თქმით, NGO-ებზე “ზეწოლა წინა კვირაში განსაკუთრებულად გააქტიურდა”, თუმცა ასეთი რიტორიკა მანამდეც შესამჩნევი იყო. “მათი მიზანია არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაცია და გარკვეულწილად ყურადღების გადატანა მნიშვნელოვანი საკითხებიდან”.

ბენიძემ ჩამოთვალა რამდენიმე ასეთი საკითხი — სავარაუდოდ, კორუფციული გარიგებები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქალაქეთა გატაცება და ა.შ. “პარლამენტის თავმჯდომარეს უფრო მეტი საზრუნავი უნდა ჰქონდეს და კვირაში ერთხელ სხვადასხვა ფორმატში არ უნდა ესხმოდეს თავს არასამთავრობო ორგანიზაციებს”.

ბოლო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციები გააკრიტიკეს სხვადასხვა ოფიციალური უწყების წარმომადგენლებმა თუ საპრეზიდენტო კანდიდატებმა. წინა კვირას ორგანიზაცია კიდევ 12 არასამთავრობო ჯგუფთან ერთად გახდა, როგორც თვითონ აფასებენ, “კოორდინირებული თავდასხმის” ობიექტი.

რამდენიმე დღით ადრე რუსთვი2-ის ეთერში, გადაცემა “არჩევანში” კობახიძემ 13 არასამთავრობო ორგანიზაციას უწოდა  უწოდა “13 კაცი და ქალი, რომელსაც აქვს თავისი პოლიტიკური მიკერძოებული შეხედულებები”. ეს იყო მისი პასუხი 13 არასამთავრობო ორგანიზაციის, მათ შორის “საერთაშორისო გამჭვირვალობის”, “ღია საზოგადოების ფონდის”, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” განცხადებაზე. ამ განცხადებაში NGO-ები წერენ, რომ “ომეგა ჯგუფის” გარშემო განვითარებული მოვლენები მიუთითებს არაფორმალური მეთოდებითა და კრიმინალების დახმარებით მმართველობაზე.

ISFED 8 ოქტომბრის ანგარიშში აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე “კოორდინირებული თავდასხმა” მიმდინარეობს, რაც, მათივე შეფასებით, “წინასაარჩევნო პერიოდში წარმოადგენს ხელისუფლების მხრიდან მომდინარე ზეწოლას და საქმიანობის შეზღუდვის მცდელობას”.

უშუალოდ ISFED რამდენიმე კვირის წინ გააკრიტიკა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელმა კახა ბექაურმაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი