ლატვიის არჩევნებში “პრორუსულმა” პარტიამ ხმათა უმეტესობა მიიღო

ლატვიის 6 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ხმათა ყველაზე მეტი რაოდენობა მიიღო პრორუსულად მიჩნეულმა პარტია “თანხმობამ”.

“რადიო თავისუფლების” თანახმად, რუსეთის მიმართ მეგობრულად განწყობილმა “თანხმობამ” ხმათა 19.9% მიიღო; ხმათა ეს რაოდენობა პარტიამ დააგროვა, ძირითადად, რუსი უმცირესობის (2.2 მილიონიანი მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედის) ხარჯზე.

“თანხმობის” პოტენციურმა პარტნიორებმა, პარტიებმა, “ვის ეკუთვნის სახელმწიფო” (KPV LV) და “ახალი კონსერვატორები”, 14.1 და 13.6% მიიღეს.

ხმათა რაოდენობით მე-4 ადგილას გავიდა პროევროპული პარტია “განვითარებისთვის”.

1.9 მილიონი ამომრჩევნის ნახევარზე ოდნავ მეტი, 54.6% მივიდა არჩევნებზე ხმის მისაცემად. არჩევნებში 16 პარტია და პოლიტიკური გაერთიანება მონაწილეობდა.

ბალტიისპირეთის ეს ქვეყანა, რომელსაც 214კმ-იანი საზღვარი აქვს რუსეთთან, ევროკავშირისა და ნატოს წევრია. ლატვიაში ნატოს 1 000 ჯარისკაცი ჰყავს.

BBC-ის ცნობით, “თანხმობაში” ამბობენ, რომ მათ ევროკავშირსა და ნატოში დარჩენა სურთ, თუმცა რუსეთთან უფრო ახლო ეკონომიკური კავშირები უნდათ.

ლატვიის 100-წევრიან პარლამენტში “თანხმობას” 24 დეპუტატი შეჰყავს, “ახალ კონსერვატორებსა” და KPV LV-ს კი — 16 და 15.

შესწორება: სათაური შეიცვალა დაზუსტების მიზნით 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლუკა პერტაია მუშაობდა ნეტგაზეთის რეპორტიორად 2016 წლის მაისიდან 2017 წლის 31 იანვრამდე. 2017-18 წლებში მუშაობდა OC Media ში რეპორტიორად. 2018 წლის 1 სექტემბრიდან ის კვლავ ნეტგაზეთის რეპორტიორია.