ახალი ამბები

ლატვიაში ძებნილი ყოფილი ევროპარლამენტარი მამიკინსი რუსეთში გადაიხვეწა

26 იანვარი, 2024 • 1161
ლატვიაში ძებნილი ყოფილი ევროპარლამენტარი მამიკინსი რუსეთში გადაიხვეწა

ლატვიელი პოლიტიკოსი ანდრეს მამიკინსი, რომლის წინააღმდეგაც საქმე ლატვიაში რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულების განდიდებისა და გამართლების ბრალდებით აღიძრა, ახლა რუსულ სახელმწიფო ტელევიზიებში, პროპაგანდისტულ გადაცემებში „მუშაობს“.

საქმე მის წინააღმდეგ 2023 წლის შემოდგომაზე აღიძრა. ლატვიის საზოგადოებრივი მაუწყებელი აღნიშნავს, რომ მამიკინსს, – პოლიტიკური კარიერის დაწყებამდე ტელეჟურნალისტს, – აქვს „პრორუსული შოვინიზმის ხანგრძლივი ისტორია, მათ შორის, ვიზიტი რუსეთის ავიაბაზაზე სირიაში ევროპარლამენტის წევრობის პერიოდში“.

სასამართლო პროცესები ყოფილი დეპუტატის წინააღმდეგ, დიდი ალბათობით, მის გარეშე ჩატარდება – მამიკინსი საკმაო ხანია რუსეთში იმყოფება და იქაურ ტელევიზიებთან საუბარში სხვადასხვა პრორუსულ განცხადებას აკეთებს. მაგალითად, იგი უარყოფს რუსული ძალების მიერ ბუჩაში მოწყობილ ხოცვა-ჟლეტვას.

მანვე ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა რუსული ტანკის ფოტო და მიაწერა: „თუ რუსეთის მოქალაქეებს არ აძლევენ უფლებას, ევროკავშირში პირადი ავტომობილით შევიდნენ, ტანკებზე არაფერია ნათქვამი“.

რუსეთში სექტემბერში გადაბარგებული მამიკინსი ამბობს, რომ „ნაცისტურ რეჟიმს“ გაექცა. მისივე თქმით, დეპუტატობის შემდეგ სამსახურის პოვნა ვერ მოახერხა და ჯართს აგროვებდა. რუსეთში გადაცხოვრების შემდეგ მამიკინსი აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა რუსი პროპაგანდისტის გადაცემებში.

2014-19 წლებში ევროპარლამენტში  მამიკინსი საქართველოზე მომხსენებელიც იყო და ამ ამპლუაში, არაერთხელ სტუმრობდა საქართველოს. იგი დადებითად იყო განწყობილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ, რის გამოც ოპოზიციის წარმომადგენლები მას აკრიტიკებდნენ ხოლმე, მათ შორის, სირიაში ვიზიტისა და ბაშარ ალ ასადთან შეხვედრის გამოც.

მასალების გადაბეჭდვის წესი