თამარ მერაბიშვილი: “მოვითხოვ, მომეცეს საშუალება, მოვინახულო ჩემი მეუღლე”

თამარ მერაბიშვილი აცხადებს, რომ თავისი მეუღლის, ვანო მერაბიშვილის მონახულების საშუალებას არ აძლევენ და დიაგნოზს არ აცნობენ.

“დღეს ვაპირებდი საავადმყოფოში მეუღლის მონახულებას, მაგრამ არ შემიშვეს და მომთხოვეს ქორწინების მოწმობა. უკანასკნელი 6 წელია დავდივარ მატროსოვზე ვანოსთან შესახვედრად და არასდროს დამდგარა საჭიროება, წარმომედგინა დოკუმენტი, რომ ვარ ვანო მერაბიშვილის მეუღლე. მოვითხოვ, მომეცეს საშუალება მოვინახულო ჩემი მეუღლე”.

ეს განცხადება თამარ მერაბიშვილის სახელით გავრცელდა ვანო მერაბიშვილის ფეისბუკის ანგარიშიდან.

“გარდა ამისა, ჩემთვის დღემდე უცნობია, თუ რა კვლევები უტარდება მას, მხოლოდ ვისმენთ საჯარო განცხადებებს და დღემდე არ გვაქვს მისი კვლევის შედეგები. მეტიც, სახელმწიფო არცერთ ეტაპზე საქმის კურსში არ ამყოფებს არც მისი ოჯახის წევრებს და არც ადვოკატებს კვლევებსა და მათ შედეგებზე”,- წერს მერაბიშვილი.

2 ოქტომბერს,  ვანო მერაბიშვილის ადვოკატებმა ბრიფინგი გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ მიუხედავად მკურნალობისა, მერაბიშვილის მდგომარეობა დამძიმდა.

როგორც ადვოკატები და ოჯახის წევრები აცხადებენ, მკურნალობა, რომელიც მერაბიშვილს უტარდება, უშედეგოა, ვინაიდან ებრძვის სიმპტომებს, ხოლო ექიმებმა სიმპტომების გამომწვევი მიზეზი დღემდე არ იციან.

საპირისპიროს აცხადებს პენტენციური სამსახური. მათი თქმით, პატიმრობაში მყოფ ვანო მერაბიშვილის მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება და დღეს, 2 ოქტომბერს, სამოქალაქო კლინიკაში მხოლოდ ადვოკატების ეჭვების გასაფანტად გადაიყვანეს.

უწყების ცნობით, 2018 წლის 26 სექტემბერს კლინიკა “ავერსში” ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ჩატარებული მკურნალობის შედეგად ჰორნერის სინდრომის დაავადება რეგრესირებს და, როგორც მსჯავრდებული ექიმებთან თავადვე ადასტურებს, 2 კვირაა, რაც მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა როგორც სუნთქვის პრობლემების, ასევე თვალის ლორწოვანის ჰიპერემიისა და ქუთუთოს შეშუპების მხრივ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლუკა პერტაია მუშაობდა ნეტგაზეთის რეპორტიორად 2016 წლის მაისიდან 2017 წლის 31 იანვრამდე. 2017-18 წლებში მუშაობდა OC Media ში რეპორტიორად. 2018 წლის 1 სექტემბრიდან ის კვლავ ნეტგაზეთის რეპორტიორია.