ახალი ამბები

ბანკების სამეთვალყურეო საბჭოში მინიმუმ ერთი ქალი წევრი უნდა იყოს

2 ოქტომბერი, 2018 • 1883
ბანკების სამეთვალყურეო საბჭოში მინიმუმ ერთი ქალი წევრი უნდა იყოს

კომერციული ბანკების სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში მინიმუმ ერთი წევრი ქალი უნდა იყოს. ამის შესახებ ბანკების კორპორატიული მმართველობის კოდექსში წერია, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე 26 სექტემბერს დამტკიცდა.

სებ-ში აცხადებენ, რომ ცვლილებების მიზანია კომერციულ ბანკებში მმართველობის ძირითადი პრინციპები განისაზღვროს. ბანკებში კორპორაციულ მართვაზე პასუხისმგებელი გახდა სამეთვალყურეო საბჭო. კოდექსმა ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ფუნქციები შემდეგნაირად განსაზღვრა: ღირებულებების, ხედვის, მისიისა და ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა. ასევე საბჭომ მონიტორინგი უნდა გაუწიოს ბანკის დირექტორის საქმიანობას.

“საბჭო საკუთარი ფუნქციების შესრულებისას, პირველ რიგში, უნდა ითვალისწინებდეს ბანკის, დეპოზიტარების, აქციონერებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ინტერესებს”,- წერია ბრძანებაში.

ამ ფუნქციების გარდა, სამეთვალყრეო საბჭოს წევრები პასუხისმგებელნი არიან მონიტორინგი განახორციელონ, რამდენად ასრულებს მათი ბანკი სებ-ის მიერ განსაზღვრულ საზედამხედველო მოთხოვნებს.

ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრების რაოდენობა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი არ არის და მათ რაოდენობას ძირითადად კომერციული ბანკის სიდიდეს განსაზღვრავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი