აივ ინფიცირების ახალი შემთხვევები წინა წელთან შედარებით გაიზარდა – შიდსის ცენტრი

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, 2018 წლის პირველი ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში აივ ინფიცირების 517 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შარშან, შესაბამის პერიოდში, 468 შემთხვევა იყო გამოვლენილი.

შიდსის ცენტრის ინფორმაციით, 2018 წლის პირველი ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში სულ რეგისტრირებულია 7 283 აივ ინფიცირებული პირი.

მათ შორის 5445 კაცია, 1838 კი – ქალი. შიდსის ცენტრის ინფორმაციით, პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 3797 პაციენტს განუვითარდა, 1477 გარდაიცვალა:

“არვ მკურნალობას იტარებს 4436 პაციენტი, მათ შორის 48 ბავშვია. რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 40.4 % ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 46.0 % დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 11.0 %- მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.4 % დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % სისხლის რეციპიენტია; 0.7 %- გადაცემის გზა დაუდგენელია”, – ვკითხულობთ შიდსის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2662 შემთხვევა, მათგან 89 უცხოეთის მოქალაქეა, 2 -დაუდგენელი); სამეგრელოში 924 (აქედან ზუგდიდი – 608); შემდეგ იმერეთში 906 (ქუთაისი 437); აჭარაში 818 (ბათუმი – 515); აფხაზეთში (461); კახეთში (350) ქვემო ქართლში (378); შიდა ქართლში(272); გურიაში (155); ფოთში (110); სამცხე-ჯავახეთში (102) და ა.შ.

ცენტრში აცხადებენ, რომ ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი აჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია.

საქართველოს მოქალაქეებისთვის აივ კონსულტირება-ტესტირება კონფიდენციალურია და უფასო. შიდსის ცენტრის მისამართია: თბილისი, ალ. ყაზბეგის 16, მე-8 კორპუსი. ცხელი ხაზი: 239-80-18.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.