“რუსთავი2” ომეგა ჯგუფის საქმეზე მორიგ ჩანაწერებს ავრცელებს

“რუსთავი2” ომეგა ჯგუფის საქმესთან დაკავშირებით ფარულ ჩანაწერებს ავრცელებს, რომელიც, ტელეარხის ინფორმაციით, კომპანიის დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილსა და სპორტის ყოფილ მინისტრ ლევან ყიფიანს შორის სატელეფონო საუბარს ასახავს. ტელეარხის მტკიცებით, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ბიძინა ივანიშვილის დავალებით ლევან ყიფიანს ფიზიკურად გაუსწორდა და დაემუქრა, ვინაიდან ის სპორტის მინისტრის ქმედებებით უკმაყოფილო დარჩა. ჩანაწერების არ არის სრული და არც ავთენტურობაა დადასტურებული.

“რუსთავი2” სატელეფონო საუბრის წინაპირობებზე

“რუსთავი2”-ის მიხედვით, საუბრები შედგა იმ პერიოდში, რაც “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ზაზა ოქუაშვილი საქართველოში დაბრუნდა და ბიძინა ივანიშვილს ბიზნესში დაბრუნებაში დახმარება სთხოვა.

ტელეარხის ცნობით, ივანიშვილმა ის ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან[თანამდებობაზე ყოფნის პერიოდი: [07.11.13-30.12.13] გადაამისამართა, ფარცხალაძემ კი ოქუაშვილს უთხრა, რომ მისი ბიზნესის პრობლემების მოსაგვარებლად ე.წ. კონტრიბუციის სახით, 4  მილიონი უნდა გადაეხადა. ოქუაშვილმა მთავარ პროკურორს უპასუხა, რომ ურთიერთობის გაგრძელება პირდაპირ ივანიშვილთან ერჩივნა, რაზეც ფარცხალაძემ მიუგო, რომ თავად წარმოადგენდა ივანიშვილს.

ამავე ცნობით, ამის შემდეგ ოქუაშვილმა ვითარებაში გარკვევა სპორტის ყოფილ მინისტრ ლევან ყიფიანს[თანამდებობაზე ყოფნის პერიოდი – 25.10.2012-29.042015] სთხოვა, ყიფიანი კი პრემიერ კვირიკაშვილს[30.12.2015-13.06.2018] შეხვდა და ჰკითხა, რა როლი ჰქონდა საქმეში ოთარ ფარცხალაძეს.

“რუსთავი2” იუწყება, რომ ივანიშვილი უკმაყოფილო დარჩა ყიფიანის მიერ საქმეში კვირიკაშვილის ჩარევით, რის გამოც ოთარ ფარცხალაძეს სთხოვა, “ჭკუა ესწავლებინა” სპორტის მინისტრისთვის. ტელეარხის ინფორმაციით, ამის შემდეგ ფარცხალაძემ და მისმა თანმხლებმა პირებმა ყიფიანი კონსპირაციულ ადგილას წაიყვანეს, სცემეს და დაემუქრნენ.

ტელეარხის ცნობით, აღნიშნულის შემდეგ ოქუაშვილი და ყიფიანი ერთად შეხვდნენ ივანიშვილს, რომელმაც ომეგა ჯგუფის დამფუძნებელს 4 მილიონის გადახდა სთხოვა და უთხრა, რომ “ყველა ასე იხდის”.

რას ვიგებთ ჩანაწერებიდან?

“რუსთავი2”-ის ცნობით, სამივე ჩანაწერი ზემოაღნიშნული მოვლენების შემდეგაა გაკეთებული. პირველი სატელეფონო საუბარი ზაზა ოქუაშვილსა და ლევან ყიფიანს შორის ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგაა ჩაწერილი. ჩანაწერში ისმის, რომ ყიფიანი ოქუაშვილს თანხის გადახდის საჭიროებაზე ესაუბრება, რა დროსაც ომეგა ჯგუფის დამფუძნებელი მას სარდაფში ჩაკეტვის ეპიზოდს უხსენებს. ლევან ყიფიანი აღნიშნულს არც უარყოფს და არც რაიმე ფორმით ადასტურებს.

მეორე ჩანაწერი, “რუსთავი2”-ის ცნობით, სკაიპ კონფერენციაა ყიფიანს, ოქუაშვილსა და ომეგას ორ თანამშრომელს შორის, რომელთაც სახელებით მიმართავენ, თუმცა სპორტის მინისტრისა და ომეგას დამფუძნებლის საუბარში არ ერთვებიან. ყიფიანი ჩანაწერში სვამს კითხვას: “მე რომ მივედი იმ კაცთან, ვისთანაც ავარია მოხდა, რატომ მოხდა ის ავარია?” ოქუაშვილი პასუხობს, რომ ის, რასაც ყიფიანი ავარიად მოიხსენიებს, “სარდაფში ჩასვლა და ცემა-ტყეპაა”. ყიფიანი აღნიშნულს არც ამჯერად უარყოფს.

მესამე ჩანაწერში ყიფიანი ოქუაშვილს კვირიკაშვილთან შეხვედრის მიზეზებს უხსნის. მისი თქმით, ყოფილ პრემიერის ჰკითხა, რას წარმოადგენდა “ეს კაცი”[სავარაუდოდ, ფარცხალაძე], რომ ომეგას საქმეში შუამავლობა დაავალეს. ზაზა ოქუაშვილი აღნიშნულ საუბარში კიდევ ერთხელ ახსენებს სარდაფის სცენას, რასაც ყიფიანი კვლავ არ ეხმაურება და საუბარს აგრძელებს.


ბოლო კვირების მანძილზე ეს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებული მეოთხე ჩანაწერია, რომელიც “ომეგა ჯგუფთან” დაკავშირებულ საკითხებს მოიცავს, რომლის ავთენტურობაც ჯერჯერობით არაა დადასტურებული. ჩანაწერების მიხედვით, თამბაქოს ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებს “ქართული ოცნებისთვის” ფულის გადახდას, ასევე, საარჩევნო კამპანიების დაფინანსებას სთხოვდნენ. წინა ჩანაწერებს პროკურატურა უკვე სწავლობს. მმართველი გუნდი კი აცხადებს, რომ ჩანაწერები მთავრობის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან