ჯასტინ ტრუდო 11-13 ოქტომბერს სომხეთს ეწვევა

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო 11-დან 13 ოქტომბრამდე სომხეთში ვიზიტს გეგმავს.

ინფორმაციას კანადის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

ტრუდო დაესწრება ფრანკოფონიის XVII სამიტს.

ფრანკოფონია მსოფლიოს ფრანგულენოვანი ქვეყნების თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც 57 ქვეყანას აერთიანებს.

ფრანკოფონიის წლევანდელი სამიტის თემაა “სოლიდარობით, საერთო ჰუმანისტური ღირებულებებით, მრავალფეროვნების პატივისცემით ცხოვრება — მშვიდობისა და კეთილდღეობის წყარო ფრანკოფონიაში”.

სამიტის შემდეგ ტრუდო სომხეთის ოფიციალურ პირებს შეხვდება.

“ვიზიტი იქნება კარგი შანსი მხარეებისთვის, განიხილონ მნიშვნელოვანი ურთიერთობები კანადასა და სომხეთს შორის. განიხილონ ის გზები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ორი ქვეყნის კომერციული და ეკონომიკური კავშირების გაძლიერება”,- ნათქვამია ვებსაიტზე.

ეს იქნება ჯასტინ ტრუდოს პირველი ოფიციალური ვიზიტი სომხეთში.

სომხეთისა და კანადის პრემიერ-მინისტრები, ნიკოლ ფაშინიანი და ჯასტინ ტრუდო ესალმებიან ერთმანეთს 24 სექტემბერს ნელსონ მანდელას სახელობის სამშვიდობო სამიტზე ნიუ-იორკში. ფოტო: სომხეთის მთავრობა

პრემიერის საიტის თანახმად, 2017 წელს კანადის ექსპორტი სომხეთში 9.3 მილიონი აშშ დოლარი იყო, სომხეთიდან იმპორტმა კი 26 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.

2006 წლის მონაცემებით, კანადაში სომხური დიასპორის 50 000-მდე ადამიანი ცხოვრობს.

გარეკანის ფოტო: EPA-EFE/JUSTIN LANE

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლუკა პერტაია მუშაობდა ნეტგაზეთის რეპორტიორად 2016 წლის მაისიდან 2017 წლის 31 იანვრამდე. 2017-18 წლებში მუშაობდა OC Media ში რეპორტიორად. 2018 წლის 1 სექტემბრიდან ის კვლავ ნეტგაზეთის რეპორტიორია.