ახალი ამბები

პარლამენტში მარიხუანის კულტივაცია-რეალიზაციის კანონპროექტის განხილვა გადაიდო

16 სექტემბერი, 2018 • 3386
პარლამენტში მარიხუანის კულტივაცია-რეალიზაციის კანონპროექტის განხილვა გადაიდო

პარლამენტში მარიხუანის კულტივაცია-რეალიზაციის შესახებ კანონპროექტის განხილვა გადაიდო, რომელიც მთავრობის მიერ იყო ინიცირებული. ამის მიზეზად პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საზოგადოების უკეთ ინფორმირება დაასახელა.

ირაკლი კობახიძის თქმით, მომავალ სხდომაზე პარლამენტი მხოლოდ ის ნაწილს განიხილავს, რომელიც მარიხუანის მოხმარებას ეხება.

“შემოსულია კანონპროექტის პაკეტი, რომელიც შეეხება საქართველოში მარიხუანის მოხმარების რეგლამენტაციას და მცენარე კანაფის წარმოებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიმოქმედოთ საზოგადოების განწყობის შესაბამისად. საზოგადოება აუცილებლად უნდა იყოს ინფორმირებული ასეთი საკითხების მოწესრიგების შინაარსის თაობაზე. ინფორმირებას სჭირდება დრო და შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება 2 ნაწილად გავყოთ ამ საკითხების განხილვა,” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, შსს-ს თხოვნით, პარლამენტი სასწრაფოდ დაიწყებს იმ საკითხის განხილვას, რომელიც მარიხუანის მოხმარებას შეეხება.

“დღეს ვაკუუმია დარჩენილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე და ჩვენი ამოცანაა ამ ვაკუუმის სასწრაფოდ აღმოფხვრა. შესაბამისად, მომდევნო სასესიო კვირიდან დაიწყება იმ კანონპროექტის განხილვა, რომელიც შეეხება საქართველოში მარიხუანის მოხმარების რეგლამენტაციას და საუბარია მკაცრ რეგლამენტაციაზე.

რაც შეეხება მეორე პაკეტს, რომელიც დაკავშირებულია მცენარე კანაფის კულტივაციასთან და რეალიზაციასთან, აქ ჩვენ არ გვეჩქარება. მთავარი არის საზოგადოება იყოს ინფორმირებული. დღეს ეს ინფორმაცია საზოგადოებას არ აქვს, მათ შორის იმაზე, რომ ეს კანონპროექტი არ ითვალისწინებს ნარკოტიკების წარმოებას და რეალიზაციას. ხდება სპეკულაციები, არასწორი ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას ჩვენი ოპონენტების, სხვადასხვა ძალების მხრიდან, რაც არის ძალიან სამწუხარო. თუმცა, კანონპროექტი ამას არ ითვალისწინებს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება. ჩვენ საბოლოო ჯამში მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება სრულად მისაღები საზოგადოებისთვის.”

მასალების გადაბეჭდვის წესი