ახალი ამბები

გიორგი ვაშაძე სარალიძე-მაჩალიკაშვილის სოლიდარობის აქციაზე მივიდა [video]

11 სექტემბერი, 2018 • 1169
გიორგი ვაშაძე სარალიძე-მაჩალიკაშვილის სოლიდარობის აქციაზე მივიდა [video]

ოპოზიციური გაერთიანების “ძალა ერთობაშია” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე  მას შემდეგ მივიდა, რაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა და პოლიციამ აქციის მონაწილეებს კარვები წაართვა.

“ეს კადრები ტელევიზიით ვნახე და არ შემეძლო, არ მოვსულიყავი და გამომეხატა ჩემი სოლიდარობა. თქვენ რაც გინდათ ,ის ჩათვალეთ, მე მოქალაქეობრივ ვალად ჩავთვალე, სახლში არ გავჩერებულიყავი.”, – უთხრა ვაშაძემ ჟურნალისტებს და დასძინა:

“დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ჩვენ საქმე გვაქვს თავზეხელაღებულ თავხედებთან. ადამიანებთან, რომლებსაც უნდათ ხელი დააფარონ დამნაშავეებს. მე ბოლომდე ვიქნები შვილმოკლული მამების გვერდით და ერთი რამ მინდა ვთქვა: ვინც დანაშაული ჩაიდინა და ახალგაზრდები დახოცა, აუცილებლად მიეცემიან პასუხისგებაში. ყველა მათი მფარველიც მიეცემა პასუხისგებაში. ხელისუფლება, რომელიც ასე თავხედურად იქცევა, დიდხანს ვერ შეინარჩუნებს ხელისუფლებას”, – განაცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებთან.

ნეტგაზეთმა ვაშაძეს ჰკითხა მიზეზი, აქამდე რატომ არ ჩნდებოდა სარალიძე-მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე , რაზედაც ვაშაძემ უპასუხა, რომ ყოველთვის მხარს უჭერდა, ხოლო ახლა ჩათვალა საჭიროდ, ფიზიკური მისვლითაც გამოეხატა მხარდაჭერა, რადგან:


მოვლენების ქრონოლოგია მოკლედ:

10 სექტემბერი: ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ და პანკისში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა აქციები განაახლეს;

10 სექტემბერი: ზაზა სარალიძემ შიმშილობა დაიწყო ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით; სარალიძე და მაჩალიკაშვილი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლემა მკვლელებს აფარებს ხელს და დამნაშავეებს არ სჯის.

11 სექტემბერი: პარლამენტის შენობასთან კვლავ განახლდა სარალიძე-მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია. პოლიციამ აქციის მონაწილეებს წვიმისგან დამცავი კარვების გაშლის უფლება არ მისცა და ისინი აქციის მონაწილეებს წაართვა. ზაზა სარალიძე ცუდად გახდა და იგი სასწრაფო დახმარების მანქანამ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი