ახალი ამბები

უსუფაშვილის საარჩევნო სლოგანი იქნება “მეტი>შეგვიძლია”

7 სექტემბერი, 2018 • 1448
უსუფაშვილის საარჩევნო სლოგანი იქნება “მეტი>შეგვიძლია”

პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა დღეს, 7 სექტემებერს, საარჩევნო ლოგოსა და სლოგანის პრეზენტაცია გამართა.

დავით უსუფაშვილის კამპანიის ლოგო იქნება საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში ჩახატული ქართული ანბანი, სლოგანი – “მეტი>შეგვიძლია”.

“გარეშე მტრებისა და პერსონალურ ქიშპობაში გართული შიდა პოლიტიკური ძალების გავლენით სულ უფრო ბევრ მოქალაქეს იპყრობს იმის განცდა, რომ ამ ქვეყანას მეტი არ შეუძლია და ამ ქვეყანაში მას მეტი აღარ შეუძლია – ამიტომ ბევრი ან ტოვებს ქვეყანას, ან რჩება ქვეყანაში, მაგრამ სრულად ემიჯნება საჯარო ცხოვრებას, ანუ საკუთარ სახელმწიფოს. ეს ტენდენცია ქართულ სახელმწიფოს თვითლიკვიდაციისკენ მიაქანებს”, – უსუფაშვილის კომენტარს მისი პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც პრესსამსახური აცხადებს, უსუფაშვილისთვის “მეტი>შეგვიძლია” ნიშნავს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თავმოყვარეობის და თვითრწმენის აღდგენას და განმტკიცებას; წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, 1918-21 წლების დემოკრატიული საქართველოს და 1980-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სულისკვეთების აღორძინებას; საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული საზოგადოების დემოკრატიულ მოდერნიზაციას და ევროპულ ცივილიზაციაში სრულფასოვან დაბრუნებას.

“საჭიროა დავიბრუნოთ აღმაშენებლის, ექვთიმეს, ანწუხელიძის დარი რწმენა, რომ შეგვიძლია და მაშინ ყველაფერს შევძლებთ.  ინდივიდუალური, ეროვნული და სახელმწიფოებრივი წარმატება მოაქვს “მუდმივად მეტი შესაძლებლობების” დოქტრინას, ანუ ნაბიჯ-ნაბიჯ, აგურ-აგურ, რაციონალურ, დაგეგმილ შენებას (და არა “გულხელდაკრეფილ ოცნებურ დგომას” ან “გაუაზრებელ ნაციონალურ ხტომას”…)”, – აცხადებს უსუფაშვილი.

უსუფაშვილის თქმით, “პრეზიდენტი გვჭირდება, რადგან საქართველოს სჭირდება სახელმწიფოს შემკვრელი, საზოგადოების მომწესრიგებელი, ქვეყნის დამლაგებელი საქმე, რაც სწორედ აღმასრულებელი ვალდებულებებისგან და პოლიტიკური პაექრობის აუცილებლობისგან გამოთავისუფლებული სახელმწიფოს მეთაურის საკეთებელი საქმეა”.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს იმართება. 7 სექტემბრის მონაცემებით, პრეზიდენტობის სურვილი 40-მდე პირმა გამოთქვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი