ახალი ამბები

რა წერია ხორავას საქმეზე “ქართული ოცნების” დასკვნაში, რომელსაც ზაზა სარალიძე აკრიტიკებს

6 სექტემბერი, 2018 • 2860
რა წერია ხორავას საქმეზე “ქართული ოცნების” დასკვნაში, რომელსაც ზაზა სარალიძე აკრიტიკებს

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” მიერ მომზადებულ დასკვნას მოკლული დავით სარალიძს მამა, ზაზა სარალიძე აკრიტიკებს. მისი თქმით, დასკვნის მიხედვით, “დამნაშავე არავინ არაა”.

“მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა დასკვნა დადო, სადაც იკვეთება, რომ დამნაშავე არავინ არაა და ჩემმა შვილმა თავისივე ხელით მიიყენა სასიკვდილო ჭრილობები.
თურმე ზაზა სარალიძე ითხოვს სუბელიანის პასუხისმგებლობას, ვინ გაღუნა დანა და ვინ დაანგრია ფარდული და არ ითხოვს ვინ მოკლა დავით სარალიძე”,  – წერს სარალიძე “ფეისბუქზე”.

“ქართულმა ოცნებამ” ალტერნატიული დასკვნა მას შემდეგ მოამზადა, რაც ოპოზიციის მიერ მომზადებული 67-გვერდიანი დასკვნა გააკრიტიკა და მიკერძოუბულად შეაფასა. “ოცნების” ვარიანტი, რომელიც კომისიის ბოლო სხდომაზე განიხილეს, დროებითი საგამოძიებო ორგანოს მუშაობას აჯამებს და პარტიის მიერ წარმოდგენილ საქმის ძირითად გარემოებებს მოიცავს.

დასკვნაში წერია, რომ დავით სარალიძის მამას და საზოგადოებას ძირითადად სამი საკითხის მიმართ ამოძრავებდა ინტერესი:

1. შემთხვევის ადგილზე არსებული ფარდულის დანგრევა და თანმდევი ეჭვი, რომ ის საგამოძიებო უწყების წარმომადგენელთა მითითებით დაანგრიეს;

2. დანის, როგორც ნივთმტკიცების დაზიანების ფაქტი და თანმდევი ეჭვი, რომ ის განგებ გაღუნეს, რათა გამოსაკვლევად უვარგისი გაეხადათ.

3. მირზა სუბელიანის ფაქტორი და მოსაზრება, რომ ის, ერთ-ერთი ფიგურანტის მშობელი, ხელშეუხებელი ფიგურა იყო.

მმართველი გუნდის დასკვნით, კომისიამ დაადგინა, რომ არცერთი ზემოთ მოცემული საკითხის შემთხვევაში პრობლემა არ არსებობს. კერძოდ:

1. ფარდული დაანგრიეს ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით, საგამოძიებო უწყებების წარმომადგენლებისგან დამოუკიდებლად. ამასთან, მისი დემონტაჟი განხორციელდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ფარდულთან დაკავშირებით ჩატარდა ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება. მიუხედავად იმისა, რომ ფარდულის აღდგენა შესაძლებელი იყო, კომისიამ არ ჩათვალა საჭიროდ მისი პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა;

2. ნივთმტკიცების სახით საქმეში არსებული დანა არ არის განზრახ დაზიანებული („გაღუნული”). ექსპერტიზის ჩატარებისას დანამ მიიღო მიკროდეფორმაცია, რაც არ ჩანს შეუიარაღებელი თვალით. დანა ვარგისია შემდგომი საექსპერტო კვლევისთვის;

3. მირზა სუბელიანის „ხელშეუხებლობა“ და მის მიერ გამოძიების მიმდინარეობაზე შესაძლო ზეგავლენის მოხდენის ეჭვი არ დადასტურდა და ის დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს.

“ქართული ოცნების” დასკვნის მიხედვით, მართლმსაჯულების განხორციელებაში ხელი არცერთ უწყებას შეუშლია, თუმცა იყო ხარვეზები არჩატარებული ან გვიან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კუთხით. მაგრამ აღნიშნულს გავლენა არ მოუხდენია საქმის გამოძიების შედეგზე.

“კომისიას მიაჩნია, რომ გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, საგამოძიებო და საგანმანათლებლო სფეროში საჭიროა ცვლილებების განხორციელება როგორც საკანონმდებლო დონეზე, ისე პრაქტიკაში”, – წერია დასკვნაში.

“ქართული ოცნების” დასკვნა საგამოძიებო კომისიის ბოლო სხდომაზე ვერ დამტკიცდა. მან სულ 4 ხმა მიიღო, კომისიის 9 წევრი კი წინააღმდეგ წავიდა. ხმათა უმრავლესობით(9 ხმით) დამტკიცდა ოპოზიციის დასკვნა, რომელიც 67 გვერდისგან შედგება და ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე განიხილებოდა. ამით კომისიამ მუშაობა დაასრულა.


1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს ცივი იარაღით ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. სასწრაფო დახმარების სამსახურმა დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა გზაში ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. მეორე არასრულწლოვანი 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება იმავე ჩხუბის დროს მოკლულ დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე. ამ საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა.

ვრცლად ხორავას ქუჩის საქმეზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი