გახარია ტატუნაშვილის საქმეზე: დარწმუნებული ვარ საერთაშორისო სასამართლო გამოიტანს სამართლიან გადაწყვეტილებას

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, დარწმუნებულია, რომ ტატუნაშვილის საქმეზე საერთაშორისო სასამართლო გამოიტანს გადაწვეტილებას, რომელიც დააკმაყოფილებს ოჯახის და საქართველოს ინტერესებს.

„ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით იცით, რომ ჩვენ მივმართეთ საერთაშორისო სასამართლოს, გვაქვს ყველა საჭირო დოკუმენტური მტკიცებულება იმისთვის, რომ მიგვემართა ამ სასამართლოსთვის და ამიტომაც მივმართეთ. დარწმუნებული ვართ, რომ საერთაშორისო სასამართლო გამოიტანს სამართლიან გადაწყვეტილებას, ისეთს, რომელიც დააკმაყოფილებს ქვეყანასაც და ოჯახსაც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

აღნიშნული კომენტარი გიორგი გახარიამ ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის ახლი გუბერნატორის წარდგენის შემდეგ გააკეთა.

არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ცხინვალში გარდაიცვალა და მისი ცხედარი ქართულ მხარეს მხოლოდ რამდენიმეკვირიანი შეყოვნების შემდეგ გადასცეს.

საქართველოს მოქალაქეები, არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს.

ოსური მხარის ცნობით, დაკავებულმა არჩილ ტატუნაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს, რის გამოც მის წინააღმდეგ ძალის გამოყენება გახდა საჭიროო. ოსური მხარის განცხადებით 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი “23 თებერვლის ღამეს ცხინვალის იზოლატორის კიბეზე დაგორდა და ცხინვალის საავადმყოფოში “გულის უკმარისობით” გარდაიცვალა.

2018 წლის 21 მარტს პარლამენტმა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ“ რეზოლუცია მიიღო. 26 ივნისს კი, პრემიერ-მინიტრ მამუკა ბახტაძისგან ცნობილი გახდა, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში 33 ადამიანია შეყვანილი.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com