გენო პეტრიაშვილი: თედეევმა გვთხოვა ფოტოს გადაღება თავისივე გამოსახულებიანი მაისურით

საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა გენო პეტრიაშვილმა ფეისბუკის პირად გვერდზე განმარტა, რატომ ეცვათ საქართველოს ნაკრების წევრებს მაისური ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის წევრის, მოჭიდავე ძამბოლატ თედეევის გამოსახულებითა და რუსეთის დროშით.

“მოგესალმებით. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ჩემი და ჩემი თანაგუნდელების ფოტოსთან დაკავშირებით მინდა ვთქვა. ფოტო გადაღებულია 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე დაღესტანში, სადაც ჯაბო თედეევმა გვთხოვა ფოტოს გადაღება თავისივე გამოსახულებიანი მაისურით და ჩვენ მეგობრულად დავთანხმდით, რადგან ჩვენი დიდი გულშემატკივარია და ვმეგობრობთ. მსგავსი მაისურები სუვენირების სახით არის ყველა ჩემპიონატზე. ამ მაისურზე გამოსახულია ჩვენი მეგობარი მოჭიდავე და მხოლოდ ამის გამო გადავიღეთ ეს ფოტო, ეს იყო მხოლოდ მეგობრული ჟესტი. მერწმუნეთ, არ მიმიქცევია ყურადღება მაისურის ფერისთვის.

მეც და ჩვენი ნაკრების თითოეულ წევრს ისევე შესტკივა გული ჩვენს სამშობლოზე და დაკარგულ ტერიტორიებზე, როგორც ყველა ქართველს!”, – წერს გენო პეტრიაშვილი. 

აღნიშნული ფოტო და ინფორმაცია თედეევის შესახებ On.ge-მ 16 აგვისტოს გაავრცელა. ფოტოზე აღბეჭდილნი არიან საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე და მოჭიდავეები- გენო პეტრიაშვილი, ზურაბ იაკობაშვილი და მამუკა ერაძე. მათ რუსეთის დროშისფერიანი მაისურები აცვიათ, რომელზეც ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატისა და რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ძამბოლატ (ჯაბო) თედეევის სახეა დაბეჭდილი.

ძამბოლატ თედეევი არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. ის წარმოშობით ცხინვალიდანაა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.