ახალი ამბები

არასაარჩევნო დროს პოლიტიკური რეკლამის აკრძალვა არაკონსტიტუციურია – კახიძე

13 აგვისტო, 2018 • 2451
არასაარჩევნო დროს პოლიტიკური რეკლამის აკრძალვა არაკონსტიტუციურია – კახიძე

დღეს, 13 ივნისს, გამართულ ბრიფინგზე “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ოთარ კახიძემ, კომუნიკაციების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებას, არასაარჩევნო პერიოდში პოლიტკური რეკლამების განთავსების აკრძალვაზე, არაკონსტიტუციური უწოდა. მისივე თქმით, გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, რისთვისაც პარტია რეკომენდაცით უწყებათაშორის საბჭოს მიმართავს.

საქმე ეხება კომისიის 2017 წლის გადაწყვეტილებას ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმეზე. როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობის” ანგარიშში წერია, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2” დამრღვევად იმის გამო ცნო, რომ არაწინასაარჩევნო პერიოდში ეთერში პოლიტიკური რეკლამა გაუშვა.

საქმე პრეცედენტული იყო და ამ გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად, მაუწყებლებს არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის ეთერში გაშვება აეკრძალათ. რადგანაც კომისიამ პირველად იმსჯელა მსგავს შემთხვევაზე, “რუსთავი 2-ის” წინააღმდეგ  სანქციად მხოლოდ გაფრთხილება გამოიყენა.

“ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური პარტიები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, განათავსონ რეკლამა იმ საკითხებზე, რომელიც ეხება, მაგალითად, პარტიის პროგრამას, მათ საკანონმდებლო ინიციატივებს, სხვადასხვა საპროტესტო აქციასა თუ პარტიის ყრილობას. იქმნება ძალიან არაორდინალური მდგომარეობა, რომელიც ხელს აძლევს ხელისუფლებას, რომელიც შეუზღუდავად ათავსებს საკუთარ რეკლამებს და მათ სოციალური რეკლამის სტატუსი აქვთ,” – განმარტავს ოთარ კახიძე.

მისივე თქმით, სწორედ ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, “ევროპული საქართველო” მიიჩნევს, რომ ეს “აბსოლუტურად უსამართლო და არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება”, რომელიც მიიღო მარეგულირებელმა კომისიამ, დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს და შეიცვალოს.

“ამისთვის, “ევროპულმა საქართველომ” მიმართა უწყებათაშორის საბჭოს, რომ გაიცეს შესაბამისი რეკომენდაცია. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ჩვენს ამ პოზიციას იზიარებს პრაქტიკულად ყველა მედიასაშუალება, საარჩევნო ადმინისტრაცია, ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს საარჩევნო საკითხებზე. ეს მდგომარეობა ართმევს საშუალებას მედიაორგანიზაციებს, რომ მიიღონ შემოსავალი და ამავე დროს, ართმევს საშუალებას პოლიტიკურ პარტიებს, რომ თავიანთი გზავნილები მასმედიის საშუალებით მიაწოდონ მოქალაქეებს,” – აცხადებს კახიძე.

ნეტგაზეთს “ევროპულ საქართველოში” უთხრეს, რომ საბჭოს რეკომენდაციის შემდეგ, აღნიშნული საქმის გაგრძელება საკონსტიტუციო დავა იქნება.

რაც შეეხება დავას, ის ეხებოდა სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2-ის” მიერ არაწინასაარჩევნო დროს სამაუწყებლო ბადეში პოლიტიკური მოძრაობა “ევროპული საქართველოს” სარეკლამო რგოლის განთავსებას. “საერთაშორისო გამჭვირვალობის” ინფორმაციით, რეკლამა კომისიის მონიტორებმა აღმოაჩინეს და მისი განხილვა მაუწყებლის შესახებ კანონის 661 მუხლის დარღვევისთვის დაიწყო, რომლის მიხედვითაც “აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა და მაუწყებლის პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება”.

კომისიის სხდომაზე “რუსთავი 2-ის” წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ  კანონში პირდაპირ არ წერია მსგავსი რეკლამის აკრძალვის შესახებ და თუ  კანონმდებელს ეს მიზანი ექნებოდა, კანონშივე ჩაწერდა, რომ აკრძალულია არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიების რეკლამა გამონაკლისის გარდა. მათივე თქმით, „ამ ნორმის სიტყვასიტყვითი განმარტებით, საერთოდ აკრძალულია სარეკლამო მომსახურების შეძენა პოლიტიკური პარტიების მიერ, მათ შორის წინასწაარჩევნო პერიოდში, ვინაიდან გამონაკლისად არ უთითებს საქართველოს „საარჩევნო კოდექსით” გათვალისწინებულ და წინასაარჩევნო პერიოდისთვის დადგენილ ნორმებს.”

კომისიამ არ გაითვალისწინა ტელევიზიის არგუმენტები და განმარტა, რომ “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიის მიერ მაუწყებლის დაფინანსების აკრძალვა ემსახურება მაუწყებლის დაცვას პოლიტიკური პარტიის გავლენისგან, მაუწყებლის მიუკერძოებლობის, ასევე, თავისუფალი და პლურალისტული დებატის უზრუნველყოფას, რაც აძლიერებს დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტურ როლს.”

ნეტგაზეთს “ევროპულ საქართველოში” უთხრეს, რომ საქალაქო სასამართლომ კომუნიკაციების კომისია გაამართა, ამჟამად დავა სააპელაციო სასამართლოშია. რაც შეეხება პარტიის გეგმებს, როგორც ნეტგაზეთს ირაკლი კიკნაველიძემ უთხრა, უწყებათაშორისი საბჭოს შემდეგ, საქმის გაგრძელება საკონსტიტუციო დავა იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი