საკონსტიტუციო მარიხუანის „ლეგალიზაციასთან“ დაკავშირებით ზეწოლას გამორიცხავს

საკონსტიტუციო სასამართლო მოუწოდებს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ სასამართლოს საქმიანობის შეფასებას. ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში წერია.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებული განცხადება 30 ივლისს მიღებულ გადაწყვეტილებას ეხება, რომლითაც ქვეყანაში მარიხუანის მოხმარებაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გაუქმდა.

სასამართლოს განცხადების მიხედვით, გარკვეული მედია, პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციები არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, მათ შორის ზეწოლაზე:

„მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლო და მისი კონკრეტული წევრები 1/3/1282 გადაწყვეტილების მიღებისას დაექვემდებარნენ ზეწოლას. ამასთანავე, გავრცელებულ ინფორმაციაში აქცენტი კეთდება ფაქტზე, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მოახდინა ნარკოტიკული საშუალება – მარიხუანის „ლეგალიზაცია“. აღნიშნული შეფასება შორს დგას სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსთან და წარმოადგენს მის არასწორ განმარტებას“.

სასამართლო განმარტავს, რომ მიღებული გადაწყვეტილებით მარიხუანის ლეგალიზება არ მომხდარა და სასამართლომ მარიხუანის მოხმარების გამო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება სცნო არაკონსტიტუციურად.

“საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაშივე აღნიშნა, რომ მარიხუანის მოხმარებისათვის პასუხისმგებლობის დაწესება კონსტიტუციის შესაბამისია იმ შემთხვევებში, როდესაც მოხმარების კონკრეტული ფაქტი ქმნის საფრთხეებს მესამე პირებისთვის. მაგალითისთვის, სასამართლომ მარიხუანის მოხმარებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება გამართლებულად მიიჩნია მაშინ, როდესაც აღნიშნულ ქმედებას ადგილი აქვს სასწავლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ზოგიერთი სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით და ა.შ.” – წერია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ ბოლო დროს გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებზეც არის საუბარი. სასამართლოში მიაჩნიათ, რომ კრიტიკა კონსტიტუციურ კონტროლს გაზრდის. განცხადებაში ასევე საუბარია პოლიტიკური, რელიგიური ორგანიზაციების მხრიდან სასამართლოს შეფასებით, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებაზეც. საკონსტიტუციო სასამართლოში მიაჩნიათ, რომ მსგავსი განცხადებით, სასამართლოს ავტორიტეტი ზიანდება.

“დასანანია, რომ ბოლო დროს მედია საშუალებების, პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენელთა მიერ გავრცელებულ განცხადებები არ შეიცავს არცერთ საფუძვლიან ფაქტობრივ გარემოებას და არასწორი დასკვნების გზით ზიანს აყენებს საკონსტიტუციო სასამართლოს ავტორიტეტს. მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის შეფასებისას მედია საშუალებებისა და საზოგადოების წევრებმა დასკვნები დადასტურებულ, გადამოწმებულ ინფორმაციაზე დააფუძნონ. გადაუმოწმებელ, არასწორ ინფორმაციაზე დაფუძნებული მოსაზრებები, ასევე ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს მოკლებული განცხადებები შეიცავს სასამართლოს ავტორიტეტისა და სანდოობის დაზიანების რისკებს, რაც საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახება კონსტიტუციური კონტროლის განხორციელებასა და ადამიანის უფლებების ეფექტიან დაცვაზე,” – წერია განცხადებაში.

სასამართლო პოლიტიკოსებსა და რელიგიურ ჯგუფების იმ წარმომადგენლებსაც პასუხობს, რომლებიც სასამართლოს გაუქმებას მოითხოვენ.

“დემოკრატიულ საზოგადოებაში არსებობს ფართო კონსენსუსი საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტიტუტის მნიშვნელობაზე და მის განსაკუთრებულ როლზე განსხვავებული შეხედულებების დაცვის თვალსაზრისით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კვლავ გააგრძელებს საკონსტიტუციო კონტროლის განხორციელებას და ადამიანის კონსტიტუციური უფლებების განუხრელ დაცვას,” – წერია განცხადებაში.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.