ახალი ამბები

მაშინდელმა ხელისუფლებამ ვერ შეუშალა ხელი რუსეთის სცენარის განხროციელებას – ბახტაძე

9 აგვისტო, 2018 • 3193
მაშინდელმა ხელისუფლებამ ვერ შეუშალა ხელი რუსეთის სცენარის განხროციელებას – ბახტაძე

პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის თქმით, 2008 წელს მაშინდელმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო საომარი ვითარების თავიდან აცილება. პრემიერმა ეს განცხადება მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

როგორც ბახტაძე განმარტავს, რუსეთი 2008 წლის ომის აგრესორი და ოკუპანტია, თუმცა, მაშინდელმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ საომარი ვითარების პრევენციაზე ორიენტირება ვერ შეძლო.

“ისიც მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნები მაშინდელ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აფრთხილებდნენ, რომ რუსეთი გეგმავდა საომარი ოპერაციების სცენარის განხორციელებას, სამწუხაროდ, მაშინდელმა ხელმძღვანელობამ, იმის მაგივრად, რომ თავიდან აერიდებინა მსგავსი მოვლენების განვითარება და მოეხდინა ჩვენი მეგობარი ქვეყნებისა და საერთაშორისო თანამეგრობის ჩართულობით პრევენციაზე ორიენტირება, მან ვერ შეუშალა ხელი რუსეთის მიერ დაგეგმილი სცენარის განხროციელებას,” – დასძინა პრემიერმა.

ბახტაძემ ასევე ისაუბრა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზების შესაძლებლობაზე. მისი თქმით, დიპლომატიური ურთიერთობა მას შემდეგ აღდგება, რაც რუსეთი 2008 წლის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს.

“აგრესია, ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, მსხვერპლი და ათასობით დევნილი ჩვენი საზოგადოების მოუშუშებელი ტკივილია. ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, რომ არსებობს სურვილები, აღდგეს საერთაშორისო ურთიერთობები. ამაზე ჩვენი პასუხი არის ძალიან მარტივი: 2008 წელს ხელი მოეწერა ცეცლის შეწყვეტის ხელშეკრულებას, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ რუსეთს, შეასრულოს ნაკსირი ვალდებულებები და გაიყვანოს სამხედრო დანაყოფები საქართველოდან. ეს იქნება სწორი სიგნალი იმისთვის, რომ დავიწყოთ ჩვენ ჩვენი ურთიერთობების ნორმალიზება,” – ამბობს პრემიერი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი