ვაშლიჯვარში ორდონიანი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა იწყება

თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა იწყება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, 8 აგვისტოს, ქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მშენებლობას მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. უწყების პრესსამსახურის ცნობით, პროექტის განხორციელებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან ოთხ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, სამუშაოები კი 24 საათის განმავლობაში იწარმოება.

“როგორც თბილისის მერმა განაცხადა, პროექტი ვაშლიჯვრის დასახლებაში მოძრაობის განტვირთვას უზრუნველყოფს, ხოლო საბურთალოსა და დიღომს შორის ტრანსპორტის ნაკადის გამტარობას გაზრდის.

მისი თქმით, გადაადგილება ასევე, თავისუფლად იქნება შესაძლებელი ნუცუბიძის პლატოებიდან ვაშლიჯვრის გავლით დიღმის მიმართულებით და პირიქით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის”, – წერია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

კალაძემ შესაძლო დისკომფორტისთვის მოსახლეობას ბოდიში მოუხადა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან