ახალი ამბები

მაჩალიკაშვილი გავრცელებულ ვიდეოზე: შურისძიება და მუქარა ჩემთვის მიუღებელია

6 აგვისტო, 2018 • 4234
მაჩალიკაშვილი გავრცელებულ ვიდეოზე: შურისძიება და მუქარა ჩემთვის მიუღებელია

სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილი მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი “ნეტგაზეთთან” სატელეფონო ინტერვიუში ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია ნებისმიერი სახის მუქარა და ძალადობრივი მოწოდება შურისძიებისკენ.

“პალიტრა ნიუსმა” დღეს, 6 აგვისტოს, გაავრცელა ვიდეო ქართული ტიტრებით, სადაც წერია მუქარა და შურისძიებისკენ მოწოდება ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს ქართველი წევრების სიკვდილისთვის. ვიდეოში ჩანს თემირლან მაჩალიკაშვილის საჯაროდ გავრცელებუ;ი ის ფოტოებიც, რომელიც სხვადასხვა მედიასაშუალებამ არაერთხელ გამოიყენა. ამ დროისათვის დაუდგენელია როგორც ვიდეოს წარმომავლობა, ისე მისი ნამდვილობა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ინფორმირებულნი არიან ამ ვიდეოს შესახებ და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებებო.

როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, მისთვის გაუგებარია, როგორ აღმოჩნდა მისი შვილის ფოტოები აღნიშნულ ვიდეოში და საერთოდ, ვის მოუვიდა თავში აზრად მსგავსი მუქარა და შურისძიებისკენ მოწოდება.

“არ ვიცი ეს ვის შეიძლება მოუნდეს. როგორც ვიცი, სირიაში პანკისიდან წასული სულ 3–4 კაცი დარჩა. მე ყოველთვის შევეწინააღმდეგები მსგავს უკანონო ქმედებებს. მე თავიდანვე ვთქვი, რომ ჩემი შვილის მკვლელობის გამოსაძიებლად ვიბრძოლებდი კანონიერი გზებით და გავაგრძელებ ამ კანონიერ ბრძოლას”, – უთხრა მალხაზ მაჩალიკაშვილმა ნეტგაზეთს. ის არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული ვიდეო, შესაძლოა, იყოს პროვოკაცია.

“ჩემი შვილის მკვლელობა იყო ტერაქტი და არა სპეცოპერაცია და ჩემი შვილის მკვლელები უნდა დაისაჯონ კანონიერი გზით”, – ამბობს მაჩალიკაშვილი.

მაჩალიკაშვილის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ სუსი ყველაფერს გააკეთებს მის შესაჩერებლად და ამის დასტურად იხსენებს რამდენიმე დღის წინ სტრასბურგში დაგეგმილი ვიზიტის ჩაშლას. მისივე ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ევროპელ სამართალდამცავებს შეატყობინა, რომ დელეგაციაში, რომელთა შემადგენლობაში იყო ჟურნალისტი ელისო კილაძე, მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე, იმყოფებოდა ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირი, რის გამოც მათ ქვეყანაში შესვლის საშუალება არ მისცეს.

რატომ ჩაიშალა სარალიძისა და მაჩალიკაშვილის ვიზიტი სტრასბურგში

მასალების გადაბეჭდვის წესი