ახალი ამბები

ბოლო თვეებში კვირიკაშვილსა და გუნდს შორის კომუნიკაცია შესუსტებული იყო – წულუკიანი

26 ივლისი, 2018 • 1854
ბოლო თვეებში კვირიკაშვილსა და გუნდს შორის კომუნიკაცია შესუსტებული იყო – წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში ყოფილ პრემიერს, გიორგი კვირიკაშვილს პოლიტიკურ გუნდთან შესუსტებული კომუნიკაცია ჰქონდა. მინისტრი განმარტავს, რომ მთავრობის წევრებთან და საპარლამენტო გუნდთან კვირიკაშვილის ურთიერთობის გამო ბიძინა ივანიშვილს მოუწია, პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნებულიყო.

“შემიძლია დავეთანხმო ბიძინა ივანიშვილს. პრემიერსა და ზოგადად, პოლიტიკურ გუნდს შორის კომუნიკაცია ბოლო თვეებში უკიდურესად შესუსტებული იყო. მე ამ შესუსტებული კომუნიკაციის მომსწრე არაერთხელ ვყოფილვარ. გუნდურობა როდესაც იმ დონეზე სუსტდება, რა დონეზეც ბოლო პერიოდში იყო შესუსტებული, რა თქმა უნდა, სასიცოცხლო გახდა ბიძინა ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნება. მან  კარგად ახსნა, რომ უკვე გარედან დახმარების რეჟიმში ის ვეღარ შეძლებდა პროცესების სწორი მიმართულებით წარმართვას ისე, რომ გუნდი არ დაშლილიყო. შესაბამისად, ჩვენ მაშინ ყველანი მივესალმეთ, რომ პარტიის დამფუძნებელი პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნდა,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 24 ივლისს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ გიორგი კვირიკაშვილს მართვა აღარ შეეძლო და მხოლოდ ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრთან, ზურაბ ალავიძესთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილ მინისტრთან, დიმიტრი ქუმსიშვილთან  შეეძლო გადაწყვეტილების შეთანხმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი