მჯერა, ბატონი ბიძინას ხელმძღვანელობით ერთად ავიხდენთ ქართულ ოცნებას – ზარდიაშვილი

24 ივლისს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი აფასებს. მისი თქმით, პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საკუთარი განცხადებებით საზოგადოებას აჩვენებს, რომ ქვეყნის ინტერესები ყველაფერზე მაღლა დგას.

“გუშინ ჩვენ მოვისმინეთ საქართველოზე უზომოდ შეყვარებული, პატრიოტი ადამიანის ხედვები, გზები და დამოკიდებულება საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე და მომავლ გეგმებზე. იგი საკუთარი ქმედებებით ანახებს გუნდსაც  და ჩვენს ოპონენტებსაც, რომ სამშობლოს სიყვარული და ინტერესები ყველაფერზე ზემოთ დგას.  არასდროს არ ყოფილა, რომ ხელისუფლება ასე უსმენდეს და ზრუნავდეს  თავის მოქალაქეებზე, მყისიერად რეაგირებდეს ნებისმიერ საჭიროებებზე, ჩვენ ეს შევძელით და ამას სჭირდება შენარჩუნება, გაფრთხილება, რომ შემდეგმა ხელისუფლებებმა ვეღარასდროს გაბედონ  საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობა, კერძო საკუთრების ხელყოფა, უფლებების შელახვა. მე მჯერა, რომ  ბატონი ბიძინას ხელმძღვანელობით ერთად ავიხდენთ ქართულ ოცნებას”,-აცხადებს ვანო ზარდიაშვილი.


“პირველი არხისთვისთვის” მიცემულ ინტერვიუში ივანიშვილმა თქვა, რომ მას ოპოზიცია საკუთარი გუნდის წევრებზე მეტად აფასებს. “ოპოზიცია ცოტა უფრო მეტად მაფასებს, ვიდრე საკუთარი გუნდი”,-განაცხადა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, თუ მისი გუნდის რომელიმე წევრს ჰგონია, რომ ოპოზიციის ბრალდებები მის მიმართ ლეგიტიმურია, მას შეუძლია შეხვდეს და ესაუბროს ამ საკითხებზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.