“არ მინდა ამაში პოლიტიკა დავინახო” – აბაშიძე ქართულ ღვინოზე რუსეთის განცხადებაზე

“მე არ მინდა, რომ ამაში პოლიტიკა დავინახო”, – ასე აფასებს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის მარეგულირებელი ორგანოს დღევანდელ განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში ღვინის ხარისხის შემოწმების სისტემური ხარვეზი არსებობს და ამის გამო კონტროლს გაამკაცრებენ.

“ყოფილა ასეთი შემთხვევები, მე არ მინდა, რომ მაინცდამაინც პოლიტიკური მოტივი დვაინახო. მგონია, რომ ღვინის ეროვნული  სააგენტოს განცხადებაში ძალიან კვალიფიციურად და ზუსტად არის ეს ყველაფერი ახსნილი, თუ რაოდენ ხარისხიანად ხდება [საექსპორტო] კონტროლი. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სრულდება ეს პროცედურები, ამას ყველა აღნიშნავს, მათ შორის რუსული კომპანიებიც”, – განაცხადა აბაშიძემ ნეტგაზეთთან საუბარში.

დღეს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ მართლაც უპასუხა რუსულ მხარეს და განმარტა, რომ საქართველოში საექსპორტო ღვინის ხარისხის კონტროლის მექანიზმი არსებობს.

ნეტგაზეთმა ზურაბ აბაშიძეს ჰკითხა, თუ დავუშვებთ, რომ ღვინის ეროვნული სააგენტო სიმართლეს ამბობს, მაშინ ორი ვარიანტი რჩება: რუსეთის მარეგულირებელ უწყებას ეშლება, ან ეს არის პოლიტიკური განაცხადი და საფრთხე იმის თაობაზე, რომ რუსეთმა შესაძლოა ქართული ღვინო თავის ბაზარზე კიდევ ერთელ დაბლოკოს. პრემიერის წარმომადგენელს ვკითხეთ: ამ ორიდან რომელ ვარიანტს უფრო ემხრობა?

“მე არ მინდა, რომ ამაში პოლიტიკა დავინახო, მე მგონი, ეს ყველაფერი პროფესიულ დონეზე გაირკვევა. [გაუგებრობაა? ] შეიძლება… ასეთი შემთხვევები შარშანაც იყო, შარშანწინაც, ძალიან მცირე რაოდენობაზეა იქ ლაპარაკი… წელს 23 მილიონი ბოთლია უკვე გასული”, – იყო აბაშიძის პასუხი.

ის ამბობს, რომ ამის თაობაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კარასინთან დაკონტაქტებას არ აპირებს – “არ არის საჭირო”. აბაშიძე არ ელის, რომ რუსეთი ქართულ ღვინოს დაბლოკავს:

“ამის საფუძველი არ არსებობს’.

ბოლო პერიოდის განმავლობაში რუსეთის ოფიციალური პირების მხრიდან საქართველოს კონტექსტში არაერთი აგრესიული განცხადება გაკეთდა, მათ შორის პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრებას საფრთხედ აღიქვამს, მანამდე რუსულ წყაროებში იყო საუბარი იმის თაობაზე, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი თბილისის მიღებას თავის რიგებში MAP-ის გარეშე აპირებდა, რასაც მოსკოვი ასევე საფრთხედ აღიქვამდა. აბაშიძე ამბობს, რომ ღვინის კონტექსტში ამ საკითხზე საუბარი არ სურს.

“არ მინდა… მგონი, რომ უნდა დავეყრდნოთ ჩვენი ღვინის სააგენტოს კომენტარს და შევეცადოთ ამით ვიხელმძღვანელოთ”, – – უთხრა აბაშიძემ ნეტგაზეთს.

რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერალურმა ორგანომ გადაწყვიტა, შეამოწმოს რუსეთში საქართველოდან შესული ღვინის ხარისხი და უსაფრთხოება. ამის შესახებ განცხადება მარეგულირებელმა 19 ივლისს გაავრცელა.

როგორც რუსეთის სახელმწიფო უწყება აცხადებს, 2018 წლის პირველ ნახევარში რუსეთში გამოავლინეს ქართული ღვინის პარტიები, რომლებიც არ შეესაბამებოდნენ დადგენილ ტექნიკურ რეგლამენტს და მომხარებელთა დასაცავ ადგილობრივ კანონმდებლობას. სწორედ ამიტომ, რუსეთის ტერიტორიაზე არ შეუშვეს 16 ათასი ლიტრი ქართული ღვინო.

ამავე თემაზე გირჩევთ

ქართული საექსპორტო პროდუქცია ევროპაში უფრო ძვირად ფასობს, ვიდრე რუსეთში – ინფოგრაფიკა

ღვინის ეროვნული სააგენტოს პასუხი რუსეთს: ექსპორტზე ღვინო შემოწმების გარეშე არ გადის

რუსეთი ამბობს, რომ საქართველოდან უხარისხო ღვინო შედის და კონტროლის გამკაცრებით იმუქრება

2018 წელს საქართველოს ექსპორტი EU-ში რუსეთზე $164 მილიონით მეტია

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com