ახალი ამბები

ღვინის ეროვნული სააგენტოს პასუხი რუსეთს: ექსპორტზე ღვინო შემოწმების გარეშე არ გადის

20 ივლისი, 2018 • 2074
ღვინის ეროვნული სააგენტოს პასუხი რუსეთს: ექსპორტზე ღვინო შემოწმების გარეშე არ გადის

მას შემდეგ, რაც რუსეთის მარეგულირებელმა ორგანომ თქვა, რომ საქართველოში ღვინის ხარისხის შემოწმების სისტემური ხარვეზი არსებობს და ამის გამო გაამკაცრებენ კონტროლს ქართულ ღვინოზე, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ საპასუხო განცხადება გაავრცელა.

ქართული უწყების ცნობით, 2017 წელს, „ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში“ შესული ცვლილებებით, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან სავალდებულო დეგუსტაციას დაექვემდებარა ყველა კატეგორიის საექსპორტო ღვინო. 2017 წლის პირველ იანვრამდე სავალდებულო დეგუსტაციას მხოლოდ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები ექვემდებარებოდა. აღნიშნული ცვლილების ინიციატივა კერძო სექტორის მხრიდან მოდიოდა და მიზანისწორედ ღვინის ხარისხის გაუმჯობესება იყო.

“საექსპორტოდ განკუთვნილი ყველა კატეგორიის ღვინის ორგანოლეპტიკური შემოწმების მიზნით, ღვინის ეროვნულ სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიამ მიმდინარე წლის 6 თვეში დეგუსტაციაზე შემოსული 4813 ნიმუშიდან 93 შეაჩერა. 2017 წელს 3440 ნიმუშიდან უარყოფითად 299 შეფასდა”, – აცხადებს ღვინის სააგენტო. უწყებისვე ცნობით, საკანომდებლო ცვლილებებით ასევე აიკრძალა ჩამოსასხმელი ღვინის საქართველოდან ექსპორტი, რათა არ მოხდეს ქვეყნის გარეთ ქართული ღვინის ფალსიფიკაცია.

“ამასთან ერთად, სააგენტოს მიერ ღვინის მწარმოებელ კომპანიებში განხორციელებული სახელმწიფო და საინსპექციო კონტროლის შედეგად, წელს, 6 თვეში აღებული 123 ნიმუშიდან 15 ნიმუში არ შეესაბამებოდა აკრედიტირებული ლაბორატორიის მიერ ლოტზე გაცემულ ფიზიკო-ქიმიურ მახასიათებლებს, რის საფუძველზეც კონკრეტულ ღვინოების ექსპორტზე უარი ეთქვათ. 2017 წელს საექსპორტო პარტიებიდან აღებული და შემოწმებული 469 ნიმუშიდან ექსპორტირებაზე უარი 27 ნიმუშს განეცხადა”, – აცხადებს ღვინის ეროვნული სააგენტო.

სააგენტოსვე ცნობით, დღეისათვის რუსეთი კვლავ რჩება ქართული ღვინის ყველაზე მსხვილ საექსპორტო ბაზრად 50-ზე მეტ ქვეყანას შორის. მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, ექსპორტირებულია 24 მლნ ბოთლი ღვინო, ზრდამ გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 24% შეადგინა.

ღვინის ეროვნულ სააგენტოში მიიჩნევენ, რომ ხარისხზე ზრუნვა არის მუდმივი პროცესი და მზად არის გააგრძელოს ამ მიმართულებით მუშაობა როგორც კერძო სექტორთან, ისე შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან, რათა ათეულ მილიონობით წარმოებული ბოთლიდან აბსოლუტური უმრავლესობა აკმაყოფილებდეს შესაბამის სტანდარტებსა და მოთხოვნებს.

2018 წელს საქართველოს ექსპორტი EU-ში რუსეთზე $164 მილიონით მეტია

მასალების გადაბეჭდვის წესი