კაცი ისრაელის დროშით. ფოტო: EPA/OMER MESSINGER

ამიერიდან ისრაელი ებრაელთა ეროვნული სახელმწიფოა – ქნესეთმა საკამათო კანონი მიიღო

საკამათო კანონს, რომელიც ისრაელს აღიარებს ებრაელთა ეროვნულ სახელმწიფოდ, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ მხარი დაუჭირა. კანონპროექტს ქნესეთის 62-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა, 55 კი წინააღმდეგ წავიდა.

კანონის მიხედვით, “ისრაელი ებრაელი ხალხის ისტორიული სამშობლოა და მათ ეროვნული თვითგამორკვევის ექსკლუზიური უფლება აქვთ”. დოკუმენტი სადავო ებრაული ახალშენების მოწყობას ეროვნულ ღირებულებად ცნობს,  ისრაელის დედაქალაქად კი “ერთიან იერუსალიმს”  აღიარებს. კრიტიკოსთა აზრით, კანონის ძალით კნინდება არაბული, როგორც ოფიციალური ენა, რომელსაც სპეციალური სტატუსი ენიჭება.

კანონპროექტის განხილვა ქნესეთში 8 საათის განმავლობაში ხმაურიანი დისკუსიისა და კამათის ფონზე მიმდინარეობდა. დოკუმენტი ქვეყნის მემარჯვენე მთავრობის სრული მხარდაჭერით სარგებლობდა მაშინ, როცა ოპოზიცია, განსაკუთრებით არაბთა უფლებებზე ორიენტირებული პარტიები, მას დისკრიმინაციულად და ანტიდემოკრატიულად მიიჩნევდა.

“ახლო აღმოსავლეთში ისრაელი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც მხარს უჭერს [ადამიანის უფლებებს]. ეს ჩვენი ქვეყანაა, ებრაული სახელმწიფო. ბოლო წლებში ზოგიერთი ცდილობდა ეს და ჩვენი როლი ეჭვქვეშ დაეყენებინა”, – განაცხადა კანონის მიღების შემდეგ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა. მისი თქმით, “ისრაელი ებრაელი ხალხის ეროვნული სახელმწიფოა, რომელიც მხარს უჭერს ყველა მოქალაქის უფლებებს”.

ისრაელში ორგანიზაცია “ადალაჰმა” კი, რომელიც არაბული უმცირესობის უფლებებს იცავს, კანონს უწოდა  რასიზმით მოტივირებული ეთნიკური უპირატესობის გამოვლინება.

“ისრაელის ეროვნული სახელმწიფოს კანონი აპარტეიდის ელემენტებს შეიცავს, რომელიც არის არა მხოლოდ ამორალური, არამედ ის აბსოლუტურად მიუღებელია საერთაშორისო კანონმდებლობითაც”, – აცხადებს ცენტრის დირექტორი.

პროტესტის ნიშნად, ქნესეთის არაბმა კანონმდებლებმა კანონის ასლები დახიეს, ერთ-ერთმა მათგანმა კი შავი დროშა ააფრიალა. ერთ-ერთი არაბი დეპუტატის, აიმან ოდეჰის თქმით, კანონი არაბებს ეუბნება, რომ ისინი ყოველთვის მეორეხარისხოვანი მოქალაქეები იქნებიან.

კანონპროექტის განხილვა ქნესეთში რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. დისკუსიების ფონზე დოკუმენტიდან ამოიღეს არაერთი საკამათო პუნქტი; მათ შორის, პუნქტი “მხოლოდ ებრაული საზოგადოებების” შექმნის შესახებ. კანონპროექტიდან ასევე ამოიღეს პუნქტი უმაღლესი სასამართლოს ებრაული ტრადიციით მოწყობის შესახებ.

ისრაელის მოსახლეობა 9 მილიონს აღწევს. აქედან 20%-ს პალესტინელი არაბები შეადგენენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან