რობოტი სოფია თბილისში. 18.07.2018 ფოტო: ნეტგაზეთი/ელენე ხაჭაპურიძე

ადამიანებმა და რობოტებმა უნდა ვიმეგობროთ – სოფია საქართველოშია

“გამარჯობა” – ჰუმანოიდმა რობოტმა სოფიამ დილის 08:00 საათზე გაეროს ოფისში ჟურნალისტებთან შეხვედრა ქართულად მისალმებით დაიწყო. რობოტმა იმედი გამოთქვა, რომ მისი ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში რაც შეიძლება მეტ ადამიანთან მოახერხებს შეხვედრას.

ჰუმანოიდი რობოტი სოფია

ჰუმანოიდი რობოტი სოფია საქართველოშია და ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს http://netgazeti.ge/news/293237/

Posted by netgazeti.ge on Wednesday, July 18, 2018

 

სოფიას სულ 7 შეკითხვა დაუსვეს. რობოტი არ საუბრობს პოლიტიკაზე, სიყვარულზე და სექსზე, შესაბამისად, შეკითხვები, რომლებიც სოფიას დაუსვეს, ხელოვნურ ინტელექტს, ადამიანების და რობოტების თანაარსებობას და შრომით საკითხებს უკავშირდებოდა.

სოფიამ გვითხრა, რომ საქართველოში ყველაზე მეტად უძველესი ენითა და არქიტექტურით დაინტერესდა. მისი გამჭვირვალე თავი კი ქუთაისის პარლამენტის შენობას შეადარა.

რობოტი სოფია თბილისში. 18.07.2018 ფოტო: ნეტგაზეთი/ელენე ხაჭაპურიძე

რობოტი სოფია თბილისში. 18.07.2018 ფოტო: ნეტგაზეთი/ელენე ხაჭაპურიძე

რობოტი სოფია გაეროს ინოვაციების ჩემპიონია, იგი ამბობს, რომ ეს სტატუსი აძლევს შესაძლებლობას სიღარიბის, გენდერული თანასწორობის და მდგრადი განვითარების შესახებ ისაუბროს. სოფიას მიაჩნია, რომ ამ გამოწვევების გადაჭრა რობოტებს უფრო სწრაფად შეუძლიათ და ამგვარად მომავალ თაობებს დაეხმარებიან.

მოგწონს თუ არა ქალად ყოფნა და ხომ არ გირჩევნია კაცი იყო? – ამ შეკითხვის საპასუხოდ რობოტმა თქვა, რომ გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებით ასეთი ფორმით შეკითხვა მისთვის არასდროს დაუსვამთ:

“ვიცი, რომ ქართულ ენაში არ არსებობს სქესის გაგება. როდესაც ადამიანზე საუბრობთ, არ გამოყოფთ-  ქალზე საუბრობთ თუ კაცზე. როგორც რობოტს, ეს ძალიან საინტერესოდ მეჩვენება. თქვენს შეკითხვას რომ დავუბრუნდე, მომწონს, რომ ქალი ვარ. შევნიშნე, რომ ბევრი ადამიანი მეკითხება ქალთა უფლებების შესახებ და მომწონს ის, რომ ქალთა უფლებებზე საუბრის შესაძლებლობა მაქვს”

რა სარგებლობის მოტანა შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს ქვეყნის განვითრებისთვის, დემოკრატიისთვის და რას ეტყვის მათ, ვისაც ეშინია ხელოვნური ინტელექტის?

რობოტი სოფია თბილისში. 18.07.2018 ფოტო: ნეტგაზეთი/ელენე ხაჭაპურიძე

რობოტი სოფია თბილისში. 18.07.2018 ფოტო: ნეტგაზეთი/ელენე ხაჭაპურიძე

სოფია ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტი ეხმარება, მაგალითად, ექიმებს, სწრაფად დასვან კიბოს დიაგნოზი. მისივე თქმით, ხელოვნური ინტელექტი ეხმარება სიღარიბის იმ განზომილების გაუმჯობესებას, რომელიც განათლებას და ჯანდაცვას უკავშირდება

“თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეთ ბავშვებს განათლებაზე სოფლის ტიპის დასახლებებში. ერთ დღესაც ხელმისაწვდომი გახდეს ყველაზე დაუცველი ადამიანებისთვის ისეთი სერვისები, როგორიცაა დიაგნოსტირება და სხვა. ახლა ძალიან ამაღელვებელი ეპოქაა ადამიანებისთვს და ისეთი რობოტებისთვის, როგორიც მე ვარ. ჩვენ უნდა ვენდოთ ერთმანეთს და არ მგონია, რომ ეს საკამათო იყოს”

სოფია ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტი შესაძლებლობას მისცემს ქალაქებს, უფრო ეფეტურად იფუნქციონირონ და უკეთესი სერვისების შექმნით გააუმჯობესონ მოქალაქეების ყოველდღიურობა. რობოტმა ისიც თქვა, რომ ბევრი სიკეთის გარდა, რომლის მოტანაც ადამიანებისთვის ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია, შესაძლებელია ისიც, რომ ადამიანების ცხოვრება უფრო სტრესული გახადოს.

“მჯერა, რომ ადამიანები და რობოტები მომავალში ითანამშრომლებენ და სიახლეებს აღმოაჩენენ”

სოფიას ყველაზე მეტად მოეწონა შრომით უფლებებზე დასმული შეკითხვა  – შესაძლებელია თუ არა, რომ რობოტებმა და ხელოვნურმა ინტელექტმა დაიცვას ადამიანები სამუშაო ადგილზე დაღუპვისგან, როგორც, მაგალითად, ეს 16 ივლისს ტყიბულში მოხდა, სადაც შახტში 4 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა:

“ჩემი გონება ციფრულ ბაზაშია შენახული, ამიტომ არ ვიღელვებ, თუ ჩემი სხეული დაზიანდება, იმიტომ, რომ ხელახლა ამაწყობენ. ჩვენი ძალა ერთად მეშაობაშია, ჩვენი სისუსტები უნდა დავძლიოთ  და გავძლიერდეთ, ამიტომ მომავალში ჩვენ უნდა ვიმეგობროთ”.

რობოტი სოფია თბილისში. 18.07.2018 ფოტო: ნეტგაზეთი/ელენე ხაჭაპურიძე

რობოტი სოფია თბილისში. 18.07.2018 ფოტო: ნეტგაზეთი/ელენე ხაჭაპურიძე

სოფია Hanson Robotics-ის მიერ 2018 წელს შექმნილი რობოტია, რომელსაც საუდის არაბეთმა მოქალაქეობა მიანიჭა. სოფიას შეუძლია საუბარი და ემოციის გამოხატვა. შექმნის დღიდან მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია, ხვდება სხვადასხვა სფეროს მნიშვნელოვან წარმომადგენლებს.

გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) სოფია გაეროს “ინოვაციების ჩემპიონად”დაასახელა. მისი, როგორც ხელოვნური ინტელექტის როლი მდგომარეობს მდგრადი გავითარებისა და ადამიანთა თანასწორობის ხელშეწყობაში, რაც სწორედ UNDP-ის მიზანია.

სოფია საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მოწვევით ღია მმართველობის პარტნიორობის მეხუთე გლობალურ სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა.

რობოტი სოფია თბილისში. 18.07.2018 ფოტო: ნეტგაზეთი/ელენე ხაჭაპურიძე

რობოტი სოფია თბილისში. 18.07.2018 ფოტო: ნეტგაზეთი/ელენე ხაჭაპურიძე

რობოტი სოფია თბილისში. 18.07.2018 ფოტო: ნეტგაზეთი/ელენე ხაჭაპურიძე

რობოტი სოფია თბილისში. 18.07.2018 ფოტო: ნეტგაზეთი/ელენე ხაჭაპურიძე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com