ახალი ამბები

გარდაიცვალა ნიკ ბერესფორდი, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში

23 აგვისტო, 2023 • 1551
გარდაიცვალა ნიკ ბერესფორდი, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში

საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) მუდმივი წარმომადგენელი, ნიკ ბერესფორდი გარდაიცვალა. ცნობას თავად UNDP ავრცელებს და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს.

“მისმა ურყევმა ერთგულებამ გაეროს ღირებულებების მიმართ უდიდესი გავლენა მოახდინა გაეროს განვითარების პროგრამის საქმიანობაზე.

მას სჯეროდა სიღარიბის დაძლევის და ყველაზე ბედნიერი მაშინ იყო, როდესაც იმ ოჯახებსა და თემებს სტუმრობდა, რომელთა ცხოვრება გაეროს განვითარების პროგრამის წყალობით შეიცვალა”, — წერს ორგანიზაცია ნიკ ბერესფორდის შესახებ.

UNDP-ს სიტყვებით, “საქართველოში გატარებული ორი წლის განმავლობაში ნიკ ბერესფორდმა საყოველთაო სიყვარული, ნდობა და პატივისცემა დაიმსახურა. მისმა თავმდაბლობამ და კეთილშობილებამ წარუშლელი კვალი დატოვა საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის გუნდის წევრთა გულებში”.

ბერესფორდი UNDP-ს საქართველოს წარმომადგენლობას სათავეში 2021 წელს ჩაუდგა. მანამდე კამბოჯაში, ბანგლადეშში, სომალისა და აღმოსავლეთ ტიმორში, ასევე, ნიუ-იორკში, გაეროს სათავო ოფისში საქმიანობდა.

“ნიკ ბერესფორდთან დამშვიდობების მსურველთათვის სამძიმრის წიგნი გაიხსნება 24 და 25 აგვისტოს 10:00-დან 18:00 საათამდე გაეროს სახლში (რ. ერისთავის ქ. 9, თბილისი)” ,— აღნიშნავს UNDP.

მასალების გადაბეჭდვის წესი