ტაილანდში მღვიმედან დღეს კიდევ 2 ბავშვი გამოიყვანეს

დღეს მაშველებმა ტაილანდში მღვიმეში ჩარჩენილი კიდევ ორი ბავშვი გამოიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

ამჟამად მღვიმეში სულ 4 ბავშვი და მათი 25 წლის საფეხბურთო მწვრთნელი რჩება.

მღვიმე, სადაც ტაილანდელი ბავშვები იმყოფებიან ილუსტრაცია ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

BBC-ის ცნობით, ტაილანდში მოზარდების გამოქვაბულიდან გამოყვანის ოპერაცია განახლდა. 12 ბიჭიდან, რომელიც ფეხბურთის მწვრთნელთან ერთად გამოქვაბულში ჩარჩა, ოთხი გუშინ, 8 ივლისს გამოიყვანეს.

მყვინთავები იძულებული გახდნენ, გუშინ შეეწყვიტათ გამოყვანის ოპერაცია, რადგან ჰაერის ბალონების შეცვლა იყო საჭირო. მყვინთავებმა ჯერ ის ბავშვები გამოიყვანეს, ვისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც ყველაზე სუსტი იყო.

ბავშვები და მათი მწვრთნელი მთის სიღრმეში, 4 კილომეტრის მანძილზე იმყოფებიან. ისინი გამოქვაბულში მაშინ შევიდნენ, როდესაც ტერიტორია სრულიად მშრალი იყო. მოგვიანებით წყალი მოულოდნელად მოვარდა სეზონური წვიმების გამო.

გზა, რომელიც ბავშვებმა უნდა გაიარონ გარეთ გამოსასვლელად, ძალიან რთულია,  ფეხით სიარულის გარდა, მათ წყალში სირული, ცოცვა და, რაც მთავარია, ყვინთვა უწევთ. გამოქვაბულის ზოგიერთი ნაწილი იმდენად ვიწროვდება, რომ საჭიროა ჰაერის ბალონის ცალკე გატანა. ოპერაციას ერთი მყვინთავი ემსხვერპლა, როდესაც გამოქვაბულში მყოფთათვის ჟანგბადის ბალონები მიიტანა და უკან ბრუნდებოდა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com