ახალი ამბები

საქართველოს მოქალაქეები ტაილანდის ვიზის აღებას საზღვარზე შეძლებენ

25 მარტი, 2019 • 2464
საქართველოს მოქალაქეები ტაილანდის ვიზის აღებას საზღვარზე შეძლებენ

საქართველოსა და ტაილანდის სამეფოს შორის სავიზო რეჟიმი მარტივდება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 14 აპრილიდან ტურისტული მიზნით ტაილანდის სამეფოში მიმავალი საქართველოს ორდინარული პასპორტის მქონე მოქალაქეთათვის ამოქმედდება Visa on Arrival რეჟიმი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს, ტაილანდში მგზავრობისას ვიზა საზღვარზე აიღონ და 15 დღის განმავლობაში ტურისტული ვიზიტით იმყოფებოდნენ ტაილანდის სამეფოში.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 14 მარტიდან ორივე ქვეყნის დიპლომატიური და ოფიციალური, ასევე, სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს აღარ ესაჭიროებათ წინასწარი ვიზის აღება. საქართველოს მთავრობასა და ტაილანდის სამეფოს მთავრობას შორის აღნიშნულთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წლის 26 სექტემბერს.

აქამდე ტაილანდის ვიზას საქართველოს მოქალაქეებისთვის ანკარაში ტაილანდის სამეფოს საელჩოს საკონსულო სამსახურის გასცემდა.

ამასთან, 31 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით, საქართველოს ეწვევა ტაილანდის სამეფოს ოფიციალური დელეგაცია, ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის გენერალური დირექტორის, სასივატ ვონგსინსავატის ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტროს, სოფლის მეურნეობისა და კოოპერატივების სამინისტროს, ასევე, ტაილანდის საერთაშორისო თანამშრომლობის საგენტოს წარმომადგენლები.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველოსა და ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი, რომლის დროს მხარეები ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს განიხილავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი