ახალი ამბები

ტაილანდის დედაქალაქი შეგვიძლია კვლავ ბანგკოკად მოვიხსენიოთ

17 თებერვალი, 2022 • 3073
ტაილანდის დედაქალაქი შეგვიძლია კვლავ ბანგკოკად მოვიხსენიოთ

ტაილანდის დედაქალაქის ოფიციალურ სახელწოდებაში მხოლოდ სასვენი ნიშნები შეიცვალა და მათთვის, ვინც ლათინურ ანბანს იყენებს, ის ბანგკოკად რჩება.

ეს განმარტება ტაილანდის სამეფო საზოგადოებამ, რომელიც პასუხისმგებელია აკადემიურ და ლინგვისტურ სტანდარტებზე, მას შემდეგ გააკეთა, რაც ოფიციალურ ინსტრუქციებში სასვენი ნიშნების ცვლილებამ გამოიწვია სპეკულაცია, რომ ქალაქის სახელი შეიცვალა.

ტაილანდის მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა სამეფო საზოგადოების წინადადება, რომლითაც დედაქალაქის საერთაშორისო სახელწოდება „კრუნგ თეპ მაჰა ნახონი; ბანგკოკი“ შეცვალა როგორც „კრუნგ თეპ მაჰა ნახონი (ბანგკოკი)“.

ტაი ენაზე ტაილანდის დედაქალაქს „კრუნგ თეპ მაჰა ნახონი“ ჰქვია. ადგილობრივები მას „კრუნგ თეპს“ უწოდებენ, რაც ანგელოზთა ქალაქს ნიშნავს. ეს არის შემოკლებული ვარიანტი სრული სახელწოდებისა (กรุงเทพมหานคร อมรรัตนโกสินทร์ มหินทรายุธยามหาดิลก ภพนพรัตน์ ราชธานีบุรีรมย์ อุดมราชนิเวศน์ มหาสถาน อมรพิมาน อวตารสถิต สักกะทัตติยะ วิษณุกรรมประสิทธิ์), რომელიც ითარგმნება, როგორც „ანგელოზთა ქალაქი, დიდი ქალაქი, მარადიული ძვირფასი ქალაქი, ღმერთ ინდრას საიმედო ქალაქი, ცხრა ძვირფასი თვლით დაჯილდოებული მსოფლიოს დიდებული დედაქალაქი, ბედნიერი ქალაქი, უხვი უზარმაზარი სამეფო სასახლე, რომელიც წააგავს ზეციურ სამყოფელს და რეინკარნირებული სულების ნავსაყუდელს. ინდრას მიერ მოცემული და ვიშნუკარმას მიერ აშენებული ქალაქი“. გინესის რეკორდების თანახმად, ეს ქალაქის ყველაზე გრძელი სახელწოდებაა. უცხოელები ტაილანდის დედაქალაქს ბანგკოკს (ველური ქლიავის ან ზეთისხილის სოფელი) უწოდებენ.

ტაილანდის დედაქალაქის საერთაშორისო სახელწოდებაში ცვლილებებმა გააჩინა მოსაზრება, რომ ბანგკოკმა ფრჩილებში გადაინაცვლა, როგორც ყოფილმა სახელწოდებამ და საერთაშორისო საზოგადოებას ტაილანდის დედაქალაქი ამიერდან ადგილობრივი სახელწოდებით უნდა მოეხსენიებინა. თუმცა სამეფო საზოგადოებამ Facebook პოსტში განმარტა, რომ ეს მხოლოდ სტილისტური ცვლილება იყო.

„დედაქალაქის ოფიციალური სახელი რომაული ანბანით შეიძლება დაიწეროს ორივენაირად: Krung Thep Maha Nakon და Bangkok“, — ნათქვამია სამეფო საზოგადოების განმარტებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი