ახალი ამბები

დავალება ყველა თვალსაზრისით კორექტულია – ნაეკის განმარტება ტერორიზმზე ესეის შესახებ

6 ივლისი, 2018 • 6089
დავალება ყველა თვალსაზრისით კორექტულია – ნაეკის განმარტება ტერორიზმზე ესეის შესახებ

გამოცდების ეროვნული ცენტრი აცხადებს, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტში თემები არგუმენტირებული ესეისათვის შეირჩა პრობლემის აქტუალურობიდან გამომდინარე. შესაბამისად, აბიტურიენტებს მოეთხოვებოდათ ტოლერანტობის, ქსენოფობიის, დისკრიმინაციისა და ტერორიზმის შესახებ მსჯელობა.

რაც შეეხება ტესტის IV ვარიანტს, ცენტრი აცხადებს, რომ ეს დავალება ყველა თვალსაზრისით კორექტულია, თუ განგებ არ დანაწევრდება და ფრაგმენტები არასწორი აქცენტებით არ გავრცელდება.

“ტერმინის განმარტება დავალების განუყოფელი ნაწილია, განმარტებაში გამოკვეთილია პრობლემის ის ასპექტი, რომელიც დავალების შესრულებაში ეხმარება აბიტურიენტს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მხოლოდ დავალების ნაწილის განხილვა და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფორმით საზოგადოებისათვის მიწოდება, სულ ცოტა, არასწორი და არაობიექტურია. კითხვას, რამდენად ადეკვატურად გაიგეს აბიტურიენტებმა დავალება, პასუხს გასცემს აბიტურიენტთა ნაშრომები. დავალების ფრაგმენტით ვნებათაღელვის გამოწვევა კი ნაკლებად სავარაუდოა, აბიტურიენტების ინტერესების გამო ხდებოდეს”,- აცხადებს ცენტრი. 

მათივე ცნობით, დავალების წყარო ენციკლოპედიური ლექსიკონია, სადაც წერია, რომ  – ტერორიზმი წარმოადგენს ბევრად უფრო ფართო და რთული სოციალური, ეკონომიკური, იდეოლოგიური თუ პოლიტიკური პრობლემების ნაკრების გამოვლენას, შეიძლება ითქვას – წარმოადგენს ამ პრობლემების გადაჭრის ექსტრემალურ საშუალებას. 

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის მეოთხე ვარიანტში არგუმენტირეული ესეის დავალება ეხებოდა ტერორიზმს. დავალება შემდეგნაირადაა ფორმულირებული:

ტერორიზმი არის რთული სოციალური თუ პოლიტიკური პრობლემების გადაჭრის უკიდურესი საშუალება.

გაიაზრეთ ამ ტერმინის არსი და ისე შეასრულეთ ქვემოთ მოცემული დავალება:

როდესაც ადამიანები ცდილობენ გაამართლონ ძალადობრივი ქმედებები, უნებურად ხელს უწყობენ ტერორიზმის გაძლიერებას.

დავალების თანახმად, მოსწავლეები არგუმენტირებული მსჯელობით უნდა დაეთანხმონ ამ მოსაზრებას ან უარყონ ის.

არგუმენტირებულ ესეის დავალებას უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა სოციალური ქსელებით. რადგან ტერორიზმის ამგვარ განმარტებას მიუღებლად მიიჩნევენ.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, განათლების სპეციალისტს ნინო ლომიძე ყურადღებას ამახვილებს დავალების ბუნდოვანებაზე:

“ცოტა რთული გასაგებია, კონკრეტულად რის შესახებ მსჯელობას ითხოვს ეს თეზისი და რამდენად არის დაკავშირებული პირველი თეზისი – “ტერორიზმი არის რთული სოციალური თუ პოლიტიკური პრობლემების გადაჭრის უკიდურესი საშუალება“, მეორე სამსჯელო თეზისთან, – “როდესაც ადამიანები ცდილობენ გაამართლონ ძალადობრივი ქმედებები, უნებურად ხელს უწყობენ ტერორიზმის გაძლიერებას“. ცოტა კავშირი მაფიქრებს, თუ რამდენად გასაგებად არის ჩამოყალიბებული”,- ამბობს მასწავლებელი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი