ახალი ამბები

ბოლო ერთ კვირაში მსოფლიოში რეკორდული სიცხე დაფიქსირდა, მაქსიმუმი იყო თბილისშიც

4 ივლისი, 2018 • 2999
ბოლო ერთ კვირაში მსოფლიოში რეკორდული სიცხე დაფიქსირდა, მაქსიმუმი იყო თბილისშიც

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით სიცხის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსრიდა. როგორც Washington Post წერს, იმ ქვეყნებს შორის, სადაც განსაკუთრებული სიცხე დაფიქსირდა, სომხეთიც შედის. თუმცა, გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს ინფორმაციით, გასული კვირის სიცხე რეკორდული იყო თბილისისთვის, მაგრამ არა  მთლიანად საქართველოსთვის. 

როგორც სამმართველოში გვითხრეს, 30 ივნისს თბილისში, დიღმის მასივში, 39.9 გრადუსი დაფიქსირდა, რაც რეკორდულ მაჩვენებლად შეიძლება ჩავთვალოთ. თუმცა, რეგიონების მიხედვით, ისტორიული მაქსიმუმი ერთმანეთისგან განსხვავდება. მაგალითად, ფოთისთვის რეკორდული სიცხე 45.2 გრადუსი იყო, რომელიც 2000 წელს დაფიქსირდა. იმავე წელს რეკორდი დაფიქსირდა სამტრედიაშიც, კერძოდ, 44.8 გრადუსი.

მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს თქმით, წინა კვირას მაქსიმალური ტემპერატურა დაფიქსირდა დედოფლისწყაროში, 41 გრადუსი. თუმცა დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 32-33 გრადუსს არ ასცდენია.  

“დასავლეთ საქართველოში 8 ივლისის ჩათვლთ დაიკლებს ტემპერატურა და შეიძლება, 30 გრადუსზე ქვემოთაც ჩამოვიდეს. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, დაახლოებით 36 გრადუსები იქნება 6 და 7 რიცხვებში. 8-9 ივლისისთვის დაიწყება ტემპერტურის მომატება და მიუახლოვდება 39-ს”, – ამბობს სამმართველოს უფროსი დოდო გვაზავა.  

საქართველოს მსგავსად, მაღალი სიცხე დაფიქსირდა ჩრდილოეთ ამერიკაში. დენვერში (აშშ) 28 ივნისს ჰაერის ტემპერატურამ მაქსიმალურ ნიშნულს, 40 გრადუსს ცელსიუსით მიაღწია. ბურლინგტონში (აშშ) მაქსიმალური ტემპერატურა, 28 გრადუსი 2 ივლისს დაფიქსირდა. მონრეალში (კანადა) ისტორიული მაქსიმუმი 2 ივლისს იყო, 36.6 გრადუსი.

წინა კვირა რეკორდულად ცხელი აღმოჩნდა ევროპის ზოგიერთი ქვეყნისთვისაც. შოტლანდიაში 28 ივნისს 32.9 გრადუსი დაფიქსირდა. იმავე დღეს ირლანდიაში, ბელფასტში, 29.5 გრადუსი, ხოლო შენონში 32 გრადუსი დაფიქსირდა.

ბოლო დღეებში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა იყო სომხეთშიც. ჰაერის ტემპერატურამ აქ 42 გრადუსს მიაღწია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი