ზაზა სარალიძე შსს-ს ეზოში აქციას მართავს

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში აქციას მართავს.

მისი თქმით, ის კრიმინალური პოლიციის უფროსს შეხვდა და ჰკითხა, რა ეტაპზე იყო გამოძიება. სარალიძე ასევე დაინტერესდა, დააკავებდნენ თუ არა პირს, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის მონაწილეა, რის პასუხადაც განუცხადეს, რომ ამისათვის მტკიცებულებები არ არსებობს.

“მაინტერსებდა, რა ეტაპზე იყო გამოძიება, იძიებდნენ თუ არა მ.კ-სთან დაკავშირებით საქმეს. მითხრეს, რომ ჯერ ვერ დააკავებენ მ.კ-ს, რადგან არ აქვთ საკმარისი მტკიცებულებები. შესაბამისად, სავარაუდოდ, ისევ ხელს აფარებენ მას და არ სურთ გამოძიება”, – უთხრა სარალიძემ “რადიო თავისუფლებას”.

ზაზა სარალიძემ შიმშილობის დაწყების შესახებ მანამდე გახმიანერებული ინფორმაცია არ დაადაასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ შსს-ს ეზოში მანამ დარჩება, სანამ თავისი შვილის მკვლელობაში მონაწილეებს არ დააკავებენ.

პარალელურად, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის სხდომა გრძელდება, სადაც დეპუტატები ზვიად კუპრავას უსმენენ.


პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც სასამართლომ განაცხადა, რომ დავით სარალიძის მკვლელი საქმეში არ არსებობს და მხოლოდ დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის გამოუტანა ერთ პირს განაჩენი. ამის შემდეგ დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ აქციები დაიწყო. იგი და მისი მხარდამჭერები სრულყოფილ გამოძიებას და იმ ადამიანების დასჯას ითხოვენ, ვინც ხორვას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის მონაწილე პირებს ხელს აფარებენ.

ხორავას ქუჩაზე მომხდარ გამოძიებასთან დაკავშირებით გადადგა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე. საქმეში მოწმეებზე შესაძლო ზეგავლენის მოხდენის საქმეზე გამოძიება დაიწყო შსს-მ და ამ გამოძიების ფარგლებში დაკავებულია ორი პირი, მათ შორის, ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი.

რამ გამოიწვია მოზარდების დაპირისპირება და რა მოხდა ხორავაზე პროკურატურის ვერსიით, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან