ახალი ამბები

რამ გამოიწვია მოზარდების დაპირისპირება და რა მოხდა ხორავაზე პროკურატურის ვერსიით

25 ივნისი, 2018 • 2955
რამ გამოიწვია მოზარდების დაპირისპირება და რა მოხდა ხორავაზე პროკურატურის ვერსიით

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის პროკურორი, ზვიად ფხაკაძე დღეს, 25 ივნისს, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის წევრების კითხვებს პასუხობს. როგორც პროკურორი ამბობს, გამოძიების ვერსიით, 51-ე სკოლის მე-9 და მე-11 კლასელებს შორის დაწყებულ დაპირისპირებაში სათამაშო იარაღი ფიგურირებს. ფხაკაძის თქმით, სკოლის საპირფარეშოში მე-9 კლასელ ა.ს-სა და თ.ჩ-ს კონფლიქტი მოუვიდათ ამავე სკოლის მე-11 კლასელებთან, დ.ღ.-სა და დ.ნ-სთან:

“მოხდა კონფლიქტი. აქ იყო ნახსენები პნევმატური იარაღი, აბსოლუტურად არანაირ პნევმატურ იარაღზე არ არის საუბარი. ეს არის სათამაშო პისტოლეტი. პისტოლეტი ჰქვია, მაგრამ აბსოლუტურად სათამაშოა, პლასტმასისაა და გაისვრის ხოლმე სანტიმეტრზე პატარა ყვითელ ბურთულებს. სათამაშო პატარა პისტოლეტი იყო, რომელიც სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა. შელაპარაკდნენ ბავშვები- მოდი, აბა, გესვრი თუ გეტკინებათ, დ.ღ. ეუბენება ა.ს-ს. შემდეგ ხსენებულმა პირებმა გადაწყვიტეს, რომ ეს საკითხი გაერკვიათ გაკვეთილების შემდეგ” – ამბობს პროკურორი.

ზვიად ფხაკაძის თქმით, მეცხრე კლასელებმა დასახმარებლად ა.ს-ს დეიდაშვილს, მ.კ-ს დაუკავშირდნენ და გადაყწვიტეს, გაკვეთილების შემდეგ მე-11 კლასელებთან ესაუბრათ. გამოძიების ვერსიით, მ.კ. 51-ე სკოლასთან მივიდა გ.ბ-ს, გ.ჯ-ს, ა.დ-ს, გ.ი-ს და გ.მ-სთან ერთად. ვინაიდან სკოლის მიმდებარე პერიმეტრს ვიდეოკამერები აკონტროლებდა, სკოლის ტერიტორიას გასცდნენ და ხორავას ქუჩაზე გადაინაცვლეს:

“თავიდან სასაუბროდ შევიდა არკაში თ.ნ, რომელიც არის 51-ე საჯარო სკოლელი და ასევე არის ორივე მხარის ახლობელი. არკაში შევიდა მ.კ; შევიდა ა.ს. ასევე, გარდაცვლილი სარალიძე, დ.მ, დ.ღ. სასაუბროდ შეიკრიბა 10-მდე პიროვნება. როგორც ამბობენ, მე-11 კლასელ დ.ნ-სა და მეცხრე კლასელ თ.ჩ-ს (ვინც დაჩაგრულად გრძნობდა თავს) შორის შედგა საუბარი და მე-11 კლასელმა დ.ნ-მ უთხრა, რომ არ უნდა მოქცეულიყო იმგვარად და ფაქტობრივად ბიჭები წავიდნენ შერიგებისკენ” – ამბობს ზვიად ფხაკაძე.

პროკურორის თქმით, გამოძიების ვერსიით, სწორედ ამ დროს მოხდა შელაპარაკება გ.ჯ-სა და დავით სარალიძის შორის. ამ ეპიზოდს მოწმეები სხვადასხვაგვარად ყვებიან. ერთი ვერსიით, დავით სარალიძემ გ.ჯ-ს შეაგინა და სიგარეტის ნამწვი ესროლა. მეორე ვერსიით კი, სარალიძემ ზოგადად შეიგინა:

“მოხდა კონფლიქტი და უკვე როდესაც შეხლა-შემოხლა მოხდა, მხარეებმა გადაინაცვლეს ფარდულთან 3-4 მეტრის წინ. შეხლა-შემოხლა ძირითადად მიდიოდა დავით სარალიძესა და გ.ს-ს შორის. დათო სარალიძე მორაგბე იყო, მორაგბეემა რომ იციან, ისე შეეჯახა, რამე ხელის დარტყმა არ ყოფილა. გ.ჯ. წაბორძიკდა და აღმოჩნდა ფარდულის შუაში. დათო სარალიძე შეჰყვა წაბორძიკებულ გ.ჯ-ს. გ.ჯ. დაწოლილი არაა, ჩამუხლულია, სარალიძემ შებოჭა, წელის არეში მოუჭირა ხელი. როდესაც შეხლა-შემოხლა დაიწყო, აქ უკვე 12 ბიჭი აღარ არის, არკაში მყოფები ვინც ელოდებოდნენ, ისინიც, კერძოდ, გ.მ; გ.ი; გ.ბ და ა.დ. შევიდნენ ასევე 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებიც. ამ შეხლა-შემოხლის დროს ტერიტორიაზე ფიქსირდება 25 ბავშვი. უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც გ.ჯ-ს ეჯახება სარალიძე და არიან ფარდულში, ჩხუბი სამ ლოკაციაზე ვითარდება.

როდესაც დათო სარალიძეს უჭირავს გ.ჯ, წინ დარნარჩენი ბავშვები ჩხუბობენ. სასამართლომ ეს არ გაიზიარა, მაგრამ ბრალდება ადასტურებდა, გ.ბ, რომელიც შესულია ეზოში, პირველი მიდის და ხელთ არსებული დანით აყენებს დაზიანებებს სარალიძეს მარჯვება მხარეს. კერძოდ, ბარძაყის არეში 2 ჭრილობას, ასევე არის მარჯვენა გულმკერდის არეში, ღვიძლის გამჭოლი ჭრილობა. ამის შემდეგ გ.ბ-მ იმავე ფეხის საზარდულის არეში მიაყენა ჭრილობა, რომელმაც არტერიის სრულად გადაჭრა განაპირობა და ვენა დააზიანა. ამ ჭრილობის შედეგად, იმდენად საშიშია ეს სიცოცხლისთვის, რამდენიმე წამში ადამიანის რეფლექსები დუნდება. ექსპერტების თქმით, ამ დაზიანების შმეთხვევაში 5 წუთში იცლება ადამიანი სისხლიდან. ეს მოქმედება ხდება წამიერად. დათო სარალიძე ოდნავ იცვლის პოზიციას, შეიცვალა პოზიცია გ.ჯ-მაც. ამ დროს, შემობრუნებულს გ.ბ. კიდევ აყენებს ერთ დაზიანებას გულმკერდის არეში უკვე მარცხენა მხარეს. ამ დროს უკვე მოდის აქ მ.კ. როდესაც უკვე ამ მდგომარეობაშია დათო, გ.ჯ. ისევ დაჭერილი ჰყავს. გ.ჯ იქნევს ხელს დანით მარცხენა იღლიის არეში. ეს არის გულმკერდის არეში შემავალი სიცოცხლისათვის საშიში დაზიანება. ეს ყველაფერი ხდება დაახლოებით 7-8 წამის განმავლობაში” – ამბობს პროკურორი.

ფხაკაძის თქმით, ამ დროს მ.კ. ფარდულთან მიდის და ცდილობს, დათო სარალიძეს გ.ჯ-ზე ხელი გააშვებინოს. ამის გამო მარჯვენა ხელით ქაჩავს სარალიძეს ქურთუკში, მარცხენა ხელით კი მუშტს ლავიწის არეში ურტყამს. გამოძიების ვერსიით, ამ დროს სარალიძესთან გ.მ-ც მიდის და მას მხრის არეში, თავისკენ ქაჩავს:

“აღსანიშნავია, როდესაც გ.ბ. არტყამს ხელს მოხრილ სარალიძეს და მიდის მარცხნივ, მარცხნივ არის ა.დ. და ცემენ მას. განმარტავენ, რომ მის დასახმარებლად წავიდნენ. ფარდულში დათოს არტერიის გადაჭრიდან დაახლოებით 10 წამია გასული, დათო წაიქცა და ხელი გაუშვა გ.ჯ-ს. წაქცეული დათო წამოდგა და ეზოს მიმართულებით მოძრაობს. აქ ხვდება მისი მეგობარი დ.ღ, მხარში შეუდგება, რადგან ფეხი არ ემორჩილება. დ.ღ-მ დათო დააწვინა ამ დროს, როდესაც დათო აქეთ მოემართება, დაიძახეს, დაიჭრაო და მოჩხუბარი ბიჭები ვინც არიან, ეზოდან გარბიან” – ამბობს პროკურორი.

გამოძიების ვერსიით, გაქცევისას ა.დ. წაიქცა. პროკურორის თქმით, იმ ადგილას, სადაც ა.დ. წაიქცა, იმყოფებოდა ლევან დადუნაშვილიც. ჩხუბში მონაწილეები, პროკურორის თქმით, ჩვენებაში ამბობენ, რომ დადუნაშვილი ა.დ-ს მიმართულებით მიდიოდა და არკის შემოსასვლელ ორ ბოძს შორის იმყოფებოდა:

” პირველ ბოძთან ლევან დადუნაშვილი არის პირისახით არკის გასავლელისკენ, ხოლო გ.ბ. არის მის პირისპირ. ამ დროს, როდესაც ლევანი მისკენ მიიწევს, გ.ბ. ხელთ არსებულ იმავე დანას უქნევს ლევან დადუნაშვილს და ლევან დადუნაშვილი მოხრილ მდგომარეობაში იშვერს ხელებს, არ დამარტყაო, ხელს აჩვენებს. ამ დროს ხდება მარცხნივ, მუცლის არეში შემავალი ჭრილობა 4 სმ სიგრძის და მეორე ჭრილობა გულმკერდის წინა არეში. ეს არის ჭრილობა, რამაც გამოიწვია მისი გარდაცვალება” – ამბობს ზვიად ფხაკაძე.


 

მასალების გადაბეჭდვის წესი