ახალი ამბები

ახალ სტრუქტურულ ელემენტს, პრემიერის აპარატს გიორგი ჭოლაძე უხელმძღვანელებს

2 ივლისი, 2018 • 4803
ახალ სტრუქტურულ ელემენტს, პრემიერის აპარატს გიორგი ჭოლაძე უხელმძღვანელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატს, რომელიც მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბდა, გიორგი ჭოლაძე უხელძღვანელებს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში ადასტურებენ.

აღნიშნული თანამდებობა მამუკა ბახტაძის პრემიერობის დროს შეიქმნა. როგორც პრესსამსახური ამბობს, აპარატს დაექვემდებარება საზოგადოებრივი ურთიერთობების, პროტოკოლისა და საგარეო ურთიერთობათა სამსახურები. მათივე თქმით, აპარატის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნა მხოლოდ პრემიერ-მინისტრის უფლებაა.

რაც შეეხება თავად გიორგი ჭოლაძეს, იგი მამუკა ბახტაძის მინისტრობის დროს ფინანსთა სამინსიტროს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი იყო.  ჭოლაძე ბახტაძესთან ერთად “საქართველოს რკინიგზაშიც” მუშაობდა.

“საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს” ინფორმაციით, გიორგი ჭოლაძე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კომისიონერის თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე  მეორედ წარადგინა. პარლამენტში ჩატარებულ კენჭისყრაზე მან დანარჩენ ორ კანდიდატზე მეტი ხმა მიიღო (მის სასარგებლოდ პარლამენტის 25-მა წევრმა მისცა ხმა, წინააღმდეგი კი 21 დეპუტატი იყო), მაგრამ ეს ხმები აღნიშნულ თანამდებობაზე მის დასამტკიცებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

გიორგი ჭოლაძე შპს „საქართველოს მედია ჰოლდინგის” დირექტორი იყო, ეს კომპანია „ჩემექსიმ ინტერნეიშენალის” საკუთრებაა, ეს უკანასკნელი კი რობერტ ბეჟუაშვილის კონტროლის ქვეშ მყოფი მარშალის კონძულებზე რეგისტრირებული კომპანიაა. რობერტ ბეჟუაშვილი „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” მფლობელი დავით ბეჟუაშვილისა და გელა ბეჟუაშვილის მამაა.

ამასთანავე, ჭოლაძე 2000- 2004 წლებში თავდაცვის სამინისტროში საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში მუშაობდა. 2005 წლიდან 2007 წლამდე კი, საგარეო საქმეთა სამინისტროში. გიორგი ჭოლაძე 2007-დან 2009 წლამდე დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოში მუშაობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი