კულტურის, დევნილთა და სასჯელაღსრულების უწყებები სხვა სამინისტროებს უერთდება

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, 26 ივნისს გამართულ ბრიფინგზე დაასახელა ის სტრუქტურული ცვლილებები, რომლებიც მთავრობაში იგეგმება.

დაგეგმილი ცვლილებებით, საქართველოში იქნება 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეერწყმება განათლების სამინისტროს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო შეერწყმება იუსტიციის სამინისტროს. დევნილთა სამინისტრო უქმდება და მისი  ფუნქციები გადანაწილდება სამ სამინისტროზე. განსახლების საკითხები გადავა ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომპეტენციაში, მიგრაციის საკითხები – შსს–ში, ხოლო სოციალური პოლიტიკა გადაეცემა ჯანდაცვის სამინისტროს.

ცვლილება შეეხება რელიგიის სააგენტოს და ის შეერწყმება შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს.

გარდა ამისა, როგორც მამუკა ბახტაძემ თქვა, ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი ასევე გადავა ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

“დარწმუნებული ვარ, ამ ცვლილებებით ჩვენ დასაბამს მივცემთ მცირე მთავრობის იდეის განხორციელებას, რადგან სწორედ ასეთი მთავრობის ყოლა შედის დღეს ჩვენი ხალხის ინტერესებში. რასაკვირველიას, ტრუქტურული ცვლილებების კვალდაკვალ შემცირდება სამთავრობო ხარჯები და ის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ეტაპობრივად ჩამოვა 3.9%–ზე. ჩვენთვის სწორედ ეს 3.9% იქნება ის ზედა ზღვარი, რითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ”, – თქვა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებით პარლამენტს დღესვე მიმართავს. მამუკა ბახტაძეს არ დაუსახელებია კონკრეტული პირები, რომლებიც უხელმძღვანელებენ გაერთიანებულ სამინისტროებს. როგორც მან თქვა, კონკრეტული კანდიდატების ხილვა პარლამენტში იქნება შესაძლებელი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.