ახალი ამბები

თურქეთის “რესპუბლიკური პარტიის” კანდიდატმა, მუჰარემ ინჯემ არჩევნების შედეგები აღიარა

25 ივნისი, 2018 • 2211
თურქეთის “რესპუბლიკური პარტიის” კანდიდატმა, მუჰარემ ინჯემ არჩევნების შედეგები აღიარა

თურქეთის მთავარი ოპოზიციური ძალის, “რესპუბლიკური პარტიის” ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, მუჰარემ ინჯემ არჩევნების შედეგები აღიარა.

პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ინჯემ ცნო ერდოღანის გამარჯვება და აღნიშნა, რომ მხარდაჭერის მოსაპოვებლად მუშაობას გააგრძელებს.

“თუ დამარცხდი, ესე იგი დამარცხდი. “მე ამას არ ვეთანხმები და მოდით, ყველანი გავიდეთ ქუჩაში” – ეს არ არის დემოკრატია”, – აღნიშნა მან.

პრესკონფერენციაზე მუჰარემ ინჯემ სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციაც უარყო, თითქოს რეჯეფ თაიფ ერდოღანი მას ემუქრებოდა.

“არავის დავუშინებივარ და ვერავინ იზამს ამას. ჭორები იმის შესახებ, რომ მე ვიყავი [საპრეზიდენტო]  სასახლეში და შევხვდი ერდოღანს, ყალბია”, – აღნიშნა მან.

ინჯემ სიტყვით გამოსვლისას ერდოღანსაც მიმართა:

“ბატონო ერდოღან, გთხოვთ, ნუ იმოქმედებთ ისე, როგორც “სამართლიანობისა და განვითარების პარტიის” პრეზიდენტი. თქვენ ახლა 81 მილიონი ადამიანის პრეზიდენტი ხართ”.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, რომელმაც, წინასწარი შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვა, მოგება უკვე იზეიმა. ანკარაში, “სამართლიანობისა და განვითარების პარტიის” სათავო ოფისიდან სიტყვით მიმართვისას, ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთში დემოკრატიამ გაიმარჯვა.

“უკვე ხვალიდან ჩვენ ყველანაირად შევეცდებით იმ დაპირებათა შესრულებას, რომლებიც ერს მივეცით”, – თქვა მან.

თურქეთის სახელმწიფო მედიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით, ერდოღანმა პირველ ტურში ხმათა 52.38% მიიღო. მისმა მთავარმა კონკურენტმა, მუჰარემ ინჯემ 30.79% დააგროვა, “ხალხთა დემოკრატიული პარტიის” კანდიდატმა, სელაჰათინ დემირთაშმა – 8.32%, ხოლო “კარგი პარტიის” მერალ აქშენერმა – 7.42%

მასალების გადაბეჭდვის წესი