რეჯეფ თაიფ ერდოღანი ისევ თურქეთის პრეზიდენტია. ოპოზიციის იმედი, რომ ერთი კანდიდატის გარშემო გაერთიანება თუ თურქეთის მოსახლეობაში სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებით გამოწვეული უკმაყოფილება ხელისუფლების შეცვლაში დაეხმარებოდა, არ გამართლდა.
ოპოზიციისთვის დამაიმედებელი მდგომარეობა არც პარლამენტშია: უმრავლესობა კვლავ ერდოღანის “სამართლიანობისა და განვითარების პარტიას”(AKP) აქვს, თავის ნაციონალისტ და ისლამისტ მოკავშირეებთან ერთად. იდეოლოგიურად ჭრელი ოპოზიციური ალიანსი უმცირესობაშია.
“თურქეთის არჩევნებში ერდოღანმა არ გაიმარჯვა, ოპოზიცია დამარცხდა”, — დაწერა თურქოლოგმა სანდრო ბაკურაძემ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ.
რას ნიშნავს ეს? როგორ შეძლო ერდოღანმა, გამოწვევების მიუხედავად, ხელისუფლებაში დარჩენა და რა სახის შეცდომები დაუშვა ოპოზიციამ? ამ საკითხებზე სანდრო ბაკურაძე “ნეტგაზეთს” ესაუბრა.
არჩევნების შედეგების ტექნიკური დახასიათებით დავიწყოთ: თურქეთის რომელი რეგიონები მოიგო ერდოღანმა და რომელი — ქილიჩდაროღლუმ?
ერდოღანმა ძირითადად გაიმარჯვა შიდა ანატოლიაში, შავიზღვისპირეთში და აღმოსავლეთის გარკვეულ ნაწილში. ქილიჩდაროღლუმ გაიმარჯვა დიდ ქალაქებსა და ქურთულ პროვინციებში.
ქურთული პროვინციების შემთხვევაში გამოჩნდა [თურქეთის უმსხვილესი პრო-ქურთული პარტიის], “ხალხთა დემოკრატიული პარტიის”(HDP) ლიდერების მოწოდებების გავლენა. მათ მოუწოდეს ამომრჩეველს, ქილიჩდაროღლუსთვის მიეცათ ხმა…
მიუხედავად იმისა, რომ [მეორე ტურში] ამომრჩევლის გარკვეული ნაწილი არ მივიდა უბნებზე, შეიძლება ითქვას, რომ ქილიჩდაროღლუმ პროცენტულად ყველაზე მეტი ხმა სწორედ ქურთებით დასახლებულ რეგიონებში აიღო.
რით შეიძლება აიხსნას დიდ ქალაქებში, მათ შორის, სტამბოლსა და ანკარაში ოპოზიციის წარმატება? რა გავლენა ჰქონდა ამ ქალაქებზე ამჟამინდელ ეკონომიკურ კრიზისს — ფასების ზრდასა და თურქული ლირის დევალვაციას?
დიდი ქალაქების შემთხვევაში [ოპოზიციის წარმატება] მართლაც შეიძლება აიხსნას ეკონომიკური კრიზისის მნიშვნელოვანი როლით, რადგან არსებული ეკონომიკური კრიზისი ძირითადად ქალაქის მოსახლეობას და საშუალო კლასს ეხება. ეს საშუალო კლასი ძირითადად სწორედ დიდ ქალაქებშია თავმოყრილი.
ხელისუფლების მიერ შექმნილი მთელი რიგი ქსელები — სოციალური დახმარებები, რელიგიური ორგანიზაციების ხელით დივიდენდების დარიგება და ა.შ. — ამ ეკონომიკურ პრობლემებს [დიდ ქალაქებში] უკვე ვეღარ ერევა.
ზოგადად, ოპოზიციასთან აფილირებული, საშუალო კლასის წარმომადგენელი, ქალაქებში მცხოვრები ამომრჩევლის სამომხმარებლო ჩვევებიც ისეთია, რომ იქ უფრო მეტად დაზარალდნენ ეკონომიკური კრიზისისგან, ვიდრე სოფლებში მცხოვრები, ღარიბი, ტრადიციულად ხელისუფლების ამომრჩეველი მოსახლეობა. მაგალითად, ხელისუფლების ტრადიციული ამომრჩეველი შეიძლება არ ჭამდეს ხორცს, არ ჰქონდეს რაიმე ჰობი, ალკოჰოლს არ სვამდეს ან თვითონ ხდიდეს.
შესაბამისად, ისე გამოდის, რომ ეს ხარჯები უფრო მეტად ქალაქებში მცხოვრებ საშუალო კლასსა და ქალაქების მოსახლეობის ერთ ნაწილს დააწვა. პროვინციებში მცხოვრებ მოსახლეობას კი ნაკლები მოთხოვნების და სხვაგვარი სამომხმარებლო ქცევების გამო ეს კრიზისი ისე არ შეეხოთ.
მეორე მხრივ, გვაქვს შიდა ანატოლია (ცენტრალური თურქეთი), სადაც ერდოღანს, წარსულშიც და ახლაც, ამომრჩევლის დიდი ნაწილი აძლევს ხმას. მოქმედი პრეზიდენტის ამ წარმატებას შიდაანატოლიურ პროვინციებში მრავალგზის უკავშირებენ რელიგიური, კონსერვატიული განწყობების სიძლიერეს ამ რეგიონში. იზიარებთ ამ ხედვას?
შიდა ანატოლია მართლაც გამოირჩევა კონსერვატიული და ნაციონალისტური განწყობებით, მაგრამ იდეოლოგიური ფაქტორის მნიშვნელობას მე პირადად არ ვიზიარებ. რა თქმა უნდა, არის იდეოლოგიური ამომრჩეველიც და მათი რაოდენობა არ არის მცირე, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ საქმე ორმა ფაქტორმა გადაწყვიტა:
პირველი იყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ის მეთოდები, რომლებიც ჩვენთვისაც ძალიან ცნობილია: იგივე, სოციალური დახმარების შეწყვეტის მუქარები და ა.შ. ამ მეთოდებმა განსაკუთრებით კარგად იმუშავა თებერვლის მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში.
მეორე მომენტი იყო ფსიქოლოგიური ფაქტორები: ანუ ამომრჩევლის 2-3%-იანი ნაწილი, რომელიც ყოველთვის გამარჯვებულის მხარეს დგას. ის ან ხელისუფლების ამომრჩეველია, ან ისეთი ოპოზიციური პარტიის, რომელსაც გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი აქვს. პირველ ტურში წარუმატებლობამ და პროცესების არაეფექტიანმა მართვამ ამომრჩევლის ეს სეგმენტი ფაქტობრივად ჩამოაშორა ოპოზიციას.
სანდრო ბაკურაძე
კონკრეტულად რა იგულისხმება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში? ჩვენთან ეს პრაქტიკა უფრო მეტად რესურსცენტრების ხელმძღვანელების, სკოლების თუ ბაღების მასწავლებლებისა და დირექტორების მობილიზებაში გამოიხატება ხოლმე წინასაარჩევნოდ. თურქეთის შემთხვევაშიც, როცა ადმინისტრაციულ რესურსს ვახსენებთ, ამას ვგულისხმობთ?
თურქეთის დასავლეთ ნაწილში მაგას ვგულისხმობთ. აღმოსავლეთსა და სასოფლო არეალში ამას ემატება ჯარი და პოლიციაც, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში მუქარასაც შეიძლება მიმართავდეს. აქ ძალიან ბევრია დამოკიდებული კონკრეტულ რეგიონზე, კონკრეტული რეგიონის პოლიციის უფროსის ან ჟანდარმერიის გარნიზონის მეთაურის პოლიტიკურ სიმპათიებზე. ფაქტობრივი განუკითხაობაა ამ მხრივ.
თურქეთის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებს შორის რატომ გვაქვს ასეთი განსხვავება? რატომ ხდება ისე, რომ აღმოსავლეთში პირდაპირ ჯარსა და პოლიციას იყენებენ და დასავლეთში — სხვა რესურსს?
აღმოსავლეთ თურქეთში, კერძოდ, ქურთებით დასახლებულ რეგიონებში, ხელისუფლება ხშირად იყენებს “ტერორიზმთან ბრძოლის” არგუმენტს. ეს, დიდწილად, “ქურთისტანის მუშათა პარტიის”(PKK) კონტექსტში ხდება, რომელთან კავშირის ბრალდებითაც 14 მაისის არჩევნების წინაც დააკავეს ადამიანები.
დასავლეთ თურქეთში ის მიზეზი, როგორიცაა ოფიციალურად ტერორიზმთან ბრძოლა, ამ მასშტაბებით არ არსებობს, რადგანაც ის რადიკალური ორგანიზაციები, რომლებიც თურქეთის დასავლეთში მოქმედებდნენ (“რევოლუციური სახალხო განმათავისუფლებელი პარტია/ფრონტი”, მაოისტები…) დღეს დიდწილად გამქრალები არიან პოლიტიკური არენიდან.
სანამ გადავიდოდეთ იმაზე, თუ რა შეცდომები დაუშვა ოპოზიციამ, შევაჯამოთ ის საკითხი, თუ როგორ ჩატარდა კენჭისყრა. თქვენი აზრით, შესაძლებელია, ამ არჩევნებს ვუწოდოთ თავისუფალი და დემოკრატიული?
ეს არჩევნები არ იყო არც თავისუფალი და არც სამართლიანი. ოპოზიციას ყველანაირად შეზღუდული ჰქონდა ეფექტიანი კამპანიის წარმოება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქემალ ქილიჩდაროღლუს, ფაქტობრივად, სარეკლამო SMS-ების გაგზავნის საშუალებაც არ მისცა თურქეთის ხელისუფლებამ.
ასევე ძალიან ხშირი იყო ისეთ ადგილებში, სადაც ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით ამის გამართლება შეიძლებოდა, ღია მუქარის გამოყენება.
ძალიან ხშირი იყო, მაგალითად, ურფას პროვინციაში ქალების მაგივრად ხმების გამოყენება. სოფლებში ძალიან ხშირი იყო შემთხვევები, როცა სოფლის მუჰთარი, ანუ მამასახლისი, მთელი სოფლის მაგივრად იყენებდა ხმის უფლებას და ა.შ.
თუმცა ოპოზიციამ, არაორგანიზებულობის თუ სხვა მიზეზთა გამო, ვერ შეძლო დარღვევების ეფექტრიანად აღრიცხვა. საკმაოდ ბევრი სამხილი არსებობდა იმაზე, რომ გაყალბებებიც მოხდა. უბრალოდ, რადგანაც ოპოზიციას ამის დოკუმენტირებისთვის საჭირო რესურსი და პოლიტიკური ნება არ გააჩნდა, მასშტაბებთან დაკავშირებით უკვე სპეკულაციების მეტი არაფერი დაგვრჩენია.
რას გულისხმობთ, როცა ვამბობთ, რომ ოპოზიცია არაორგანიზებული იყო? რა არ ჰქონდათ მათ: მონდომება, ადამიანური რესურსი თუ რაიმე სხვა?
მაგალითად, იმას, რომ არანაირი მეთოდები არ არსებობდა ოპოზიციის კვოტით გაგზავნილი დამკვირვებლების გაცხრილვასთან დაკავშირებით, მით უმეტეს, დიდი ქალაქების გარეთ და, როგორც აღმოჩნდა, ძალიან ბევრი მათგანი, რეალურად, მმართველი პარტიისა და მისი მოკავშირეების წარმომადგენელი იყო.
ასევე ვერ მოხერხდა საარჩევნო ოქმების დროულად მოპოვება და დროულად შეყვანა სისტემაში. აღმოჩნდა, რომ ოპოზიციის მიერ გაპიარებული “ალტერნატიული დათვლის სისტემები”, დიდი ალბათობით, არ არსებობდა. და ზოგადად, ტექნოლოგიური კუთხითაც ოპოზიციამ ვერანაირად ვერ შეძლო სიტუაციის კონტროლი.
პრობლემა იყო ისიც, რომ ოპოზიციასთან აფილირებული მედიასაშუალებები გასული რამდენიმე დღის განმავლობაში ძალიან გაურკვეველ სარედაქციო პოლიტიკას ატარებდნენ… მაგალითად, ფაქტობრივად უცვლელად აქვეყნებდნენ ერდოღანის პროპაგანდას მილიტარისტულ და სხვა საკითხებზე, რომლებზეც მოქმედმა პრეზიდენტმა მთელი თავისი კამპანია ააგო.
ოპოზიციას განცხადებაც კი არ გაუკეთებია იმაზე, თუ რა მოხდა და როგორ მოხდა. კი, პირველი ტურის შემდეგ საჩვენებლად შეცვალეს საარჩევნო საკითხებზე პასუხისმგებელი პირი, მაგრამ რაიმე რეალური ცვლილება, როგორც ჩანს, არ გატარებულა.
ერთ-ერთ ფეისბუკ-პოსტში იმასაც ამბობთ, რომ ერდოღანმა კი არ მოიგო, ოპოზიცია დამარცხდა. გარდა არაორგანიზებულობისა, რომელზეც ისაუბრეთ, რას გულისხმობთ ამაში?
ოპოზიციამ, ერთი მხრივ, ვერ გადალახა თავისი შიდა დაპირისპირებები, მეორე მხრივ კი, ვერ გამოიჩინა საკმარისი თავგანწირვა, რომელიც საჭირო იყო მსგავსი ტიპის რეჟიმის შესაცვლელად. მან ვერ მოახერხა საარჩევნო პროცესის ეფექტიანი მართვა და პირველი ტურის შემდეგ თავისი ამომრჩევლის მოტივაციის რეალური შენარჩუნება.
მან ვერ შეძლო თავად ოპოზიციური ალიანსის შიგნით განსხვავებების ისე შეფუთვა, რომ ამას ამომრჩეველში ეჭვი არ გამოეწვია, მეორე მხრივ კი, ისე გააგრძელა საარჩევნო კამპანიის წარმოება, თითქოს თურქეთში იურიდიულად ყველაფერი რიგზე იყო და თითქოს ორივე კანდიდატს ჰქონდა თანაბარი საშუალება, ერთნაირად ეწარმოებინა საარჩევნო კამპანია. არადა, ასე არ იყო. ამავე დროს, ოპოზიცია ძალიან ოპტიმისტურად უდგებოდა კანონის უზენაესობის არსებობას თურქეთში.
ამასთან, საარჩევნო კამპანიის დროს ნათლად ჩანდა, რომ ოპოზიციური ალიანსი ერთად არ მოქმედებდა. ფაქტობრივად ბოლო მომენტამდე, არანაირად არ იქმნებოდა იმის შთაბეჭდილება, რომ თუნდაც მერალ აქშენერი გულწრფელად მუშაობდა ქილიჩდაროღლუსთან.
[მერალ აქშენერი მთავარი ოპოზიციური ალიანსის სიდიდით მეორე პარტიის, მემარჯვენე-ნაციონალისტური “კარგი პარტიის”(IYI) ლიდერია. თავდაპირველად ის ღიად ეწინააღმდეგებოდა ქილიჩდაროღლუს კანდიდატურას, მიაჩნდა რა, რომ ამ უკანასკნელს არ ჰქონდა გამარჯვებისათვის საჭირო მონაცემები. ამის გამო აქშენერმა მცირე ხნით დატოვა კიდეც ალიანსი, თუმცა მალევე დაბრუნდა. ავტ.]
რამდენიმე თვის წინ ქილიჩდაროღლუსა და აქშენერს შორის მომხდარი დაპირისპირება იმდენად დამანგრეველი აღმოჩნდა ოპოზიციის ერთიანობის იმიჯისათვის, რომ მისი შედეგების აღმოფხვრა ბოლომდე ვერ მოახერხეს. ამომრჩევლის თვალში ამან ოპოზიციის ერთიანობას ძალიან უარყოფითი ჩრდილი მიაყენა.
ამასთან, არ ჩანდა, რომ ალიანსში შემავალი სხვა პარტიების ლიდერები, იგივე ალი ბაბაჯანი და აჰმეთ დავუთოღლუ, რეალურად იყვნენ დაინტერესებულნი ოპოზიციის გამარჯვებაში.
დიდი პრობლემები შექმნა იმანაც, რომ ქილიჩდაროღლუმ ძალიან დიდი კონტინგენტი მისცა, მაგალითად, აჰმეთ დავუთოღლუს “მომავლის პარტიას”(GP), რომელიც ასევე შედის ალიანსში და რომელსაც, სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, თითქმის არანაირი საარჩევნო წონა არ აქვს. მსგავსმა გარემოებებმა გააჩინა იმის ეჭვი, რომ 4 პარტია ქემალ ქილიჩდაროღლუმ მხოლოდ იმისათვის დაიმატა, რომ საკუთარი კანდიდატურა თავს მოეხვია ოპოზიციური ალიანსისთვის.
რა უნდა გაეკეთებინა ოპოზიციას პირველ და მეორე ტურებს შორის პერიოდში? რა უნდა გაეკეთებინათ და რა არ გააკეთეს?
პირველ რიგში, ოპოზიციას უნდა ჰქონოდა დამატებითი გეგმები იმ სცენარისთვის, თუ მოახერხებდნენ გაყალბების ფაქტების დადასტურებას ან რაიმე მსგავსს. ამას სჭირდებოდა იმის ცოდნა, ღირდა თუ არა კონკრეტულ მომენტში ქუჩაში გასვლა და საპროტესტო აქციები, არჩევნების შედეგის საკანონმდებლო დონეზე გაპროტესტება ან რაიმე მსგავსი, თუმცა არანაირი გეგმა არ არსებობდა. ოპოზიციას, შეგვიძლია ვთქვათ, არჩევნებზე აპელირების გარდა არანაირი ბერკეტი არ გააჩნდა. ალტერნატიული სცენარი მათ, უბრალოდ, არ ჰქონდათ.
რით შეიძლება ეს აიხსნას?
ამას ობიექტური და სუბიექტური მიზეზები აქვს. ჩემი აზრით, მთავარი მიზეზი მაინც ის იყო, რომ ოპოზიცია თურქეთში არსებულ პოლიტიკური პატრონაჟის სისტემებში ძალიან კარგად არის ინტეგრირებული და ნებისმიერი სახის სამოქალაქო პროტესტი და ერდოღანის ხელისუფლებასთან რეალური კონფრონტაცია მათ სერიოზულ ფინანსურ დანაკარგებს უქადდათ. ვფიქრობ, ოპოზიციის ხელმძღვანელობამ ეს ფაქტორი გაითვალისწინა და, შესაბამისად, ამჯობინეს, რომ რაიმე სახის ოდნავ რადიკალური ზომისთვისაც არ მიემართათ.
არაერთი ვარაუდობდა, რომ ეკონომიკურ კრიზისი, რომელიც ბოლო წლებია, თურქეთის დღის წესრიგში დგას, მნიშვნელოვნად ზრდიდა ოპოზიციის შანსს და საფრთხეს უქმნიდა ერდოღანს. დიდ ქალაქებში ის მართლაც დამარცხდა, თუმცა, არჩევნებში გაიმარჯვა. სამომხმარებლო ჩვევების გარდა, რომელიც ზემოთ ახსენეთ, კიდევ რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ კრიზისმა ვერ მოახდინა გავლენა არჩევნების საბოლოო შედეგზე?
ეკონომიკური კრიზისი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ აქ ერთი დეტალია: იმ კლასებს, რომლებიც ერდოღანს აძლევენ ხმას, კრიზისი იმაზე ნაკლებად შეეხო, ვიდრე ელოდნენ.
აქ მეორე მომენტიც იყო: საშუალო და წვრილ მეწარმეებს, რომლებიც ერდოღანის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დასაყრდენად მოიაზრებოდნენ, ძალიან შეუწყო ხელი იმან, რომ მათ სრული საშუალება მიეცათ, გამოეყენებინათ ლტოლვილების — სირიელებისა და ავღანელების — იაფი მუშახელი.
ანუ, ერდოღანმა, ვითომ ჰუმანისტური და სტუმართმოყვარეობის რიტორიკით, მოახერხა იაფი მუშახელის მომლოდინე წვრილი და საშუალო მეწარმეების გულის მოგება, ხოლო, თავის მხრივ, ამ იაფმა მუშახელმა შესაძლებელი გახადა მასობრივი მოხმარების გარკვეული საგნების ფასების მეტ-ნაკლებად ხელმისაწვდომ დონეზე შენარჩუნება.
ამ ყველაფერმა მოიტანა ის, რომ ერდოღანის ამომრჩევლის მნიშვნელოვანმა ნაწილმა ეკონომიკური კრიზისის გავლენა ისე ვერ იგრძნო.
ზოგიერთი იმასაც ამბობს, რომ ეკონომიკური კრიზისი განსაკუთრებულად სწორედ სიღარიბეში მცხოვრებმა მოქალაქეებმა იგრძნეს საკუთარ თავზე…
ერთი შეხედვით შეიძლებოდა ასე გამოჩენილიყო, მაგრამ აქ, ვფიქრობ, ერთი დეტალი ვერ გათვალეს: ზოგადად, თურქეთში ძალიან გავრცელებულია მთელი ქვეყნის საკუთარი პოზიციიდან შეფასება. ისეთი დეტალები, როგორიცაა განსხვავებული სამომხმარებლო ჩვევები, ხშირ შემთხვევაში არასათანადოდ ფასდება და ჩემი აზრით, თურქი ექსპერტების საკმაო ნაწილის შეცდომაც ამასთან იყო დაკავშირებული. ანუ, მათ ვერ გათვალეს მოსახლეობის ღარიბი ფენების სამომხმარებლო ჩვევებში არსებული განსხვავებები, რომლებიც, საქმე საქმეზე რომ მიდგა, არ აღმოჩნდა იმდენად პრობლემატური.
საყურადღებოა, რომ ერდოღანმა მოიგო თებერვლის მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რეგიონების დიდი ნაწილიც. ეს რით აიხსნება?
აქ რამდენიმე ვარიანტი იყო: ძალიან კარგად იმუშავეს ერდოღანთან აფილირებულმა რელიგიურმა ორგანიზაციებმა, ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისა და სხვა კუთხით. თუმცა მთავარი ფაქტორი ეს არ მგონია. მთავარი ფაქტორი იყო ის, რომ კარგად გამოიყენეს სახლების ხელახლა აშენების დაპირებები, მეორე მხრივ კი, გამოიყენეს ის რიტორიკაც, რომ თუკი ოპოზიცია გაიმარჯვებდა, ეს დაპირებული მშენებლობები აღარ გაგრძელდებოდა და ვერაფერს ვეღარ მიიღებდნენ დაზარალებულები. კიდევ ერთი მიზეზი იყო ის, რომ განსაკუთრებით ჰათაის პროვინციაში ყველაზე მეტად ყველაზე ოპოზიციური რაიონები დაზარალდა.
ოპოზიცია როგორ პასუხობდა ამ პროპაგანდას, რომ მათი გამარჯვების შემთხვევაში სახლები აღარ აშენდებოდა?
რა შთაბეჭდილებაც დამრჩა, ოპოზიციას დიდად თავი არც მოუკლავს [ანტიპროპაგანდით]. ის დიდწილად შემოფარგლული იყო იმ რაიონებში პროპაგანდით, სადაც ისედაც სერიოზული დასაყრდენი აქვთ. ერდოღანი სადაც ძლიერი იყო, იქ დიდად არც უცდიათ წასვლა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა ოპოზიციის მიტინგებზე, ოპოზიცია ამ ადგილების პროვინციული ცენტრების მონახულებით შემოიფარგლებოდა. დანარჩენ ადგილებში — მაგალითად, სოფლებში — ადგილობრივი დინამიკის გათვალისწინებით წყდებოდა საარჩევნო კამპანიის რაიმე ფორმით წარმოება.
ამას სჭირდებოდა მეტი გამბედაობა და მეტი რისკის აღება. მაგალითად, კონკრეტულ რეგიონში შესვლა, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე იქ ჩხუბი მოხდა და ა.შ. მაგრამ, ნაცვლად ამისა, “პროვოკაციებზე არ წამოვეგეთო” და იქ წესიერი კამპანიის ჩატარებაზე უარიც კი თქვა ქემალ ქილიჩდაროღლუმ, რაც ძალიან დიდი შეცდომა იყო.
ქილიჩდაროღლუს იმიჯში სიმამაცე მაინცდამაინც არც ფიგურირებს, მაგრამ ამან კიდევ უფრო დიდი ზარალი მიაყენა მის [იმიჯს] და ძალიან ბევრს, ვისაც მის პოლიტიკურ უნარებში ეჭვი ეპარებოდა, ეს ეჭვები კიდევ უფრო გაუღრმავა.
ერდოღანი გაუთავებლად ავლებდა პარალელებს ოპოზიციასა და ტერორიზმს შორის; აცხადებდა, რომ მსხვილი პრო-ქურთული პარტიის უკან, რომელიც ქილიჩდაროღლუს უცხადებდა მხარდაჭერას, რეალურად “ქურთისტანის მუშათა პარტია”(PKK) დგას და ოპოზიციის კანდიდატსაც PKK უმაგრებს ზურგს. ფიქრობთ, რომ ამ პროპაგანდამ რეალურად გაამართლა?
მე ვთვლი, რომ აქ ემოციური და ადმინისტრაციული რესურსების ამბავია, ვინაიდან იგივე ამომრჩეველი ერდოღანს ხმას აძლევდა იმ წლებშიც, როცა მისი ხელისუფლება “ქურთისტანის მუშათა პარტიასთან”(PKK) სამშვიდობო პროცესს აწარმოებდა და პირიქით, ნაციონალისტები იყვნენ დემონიზებულები.
შესაბამისად, არ მიმაჩნია სწორად ამ ყველაფრის დაყვანა ნაციონალიზმამდე და ანტიტერორიზმამდე. მიუხედავად იმისა, რომ მილიტარისტულ პროპაგანდას, “ბაირაქთარებს” და სხვა საკითხებს გავლენა აქვს ამომრჩევლის გარკვეულ ნაწილზე, მთავარი მომენტი ეგ არ მგონია. აქ არის ადმინისტრაციული რესურსი ისევე, როგორც ის, რომ ოპოზიცია არ იძლეოდა ეფექტიანი მოქმედების რწმენას.
გავრცელებულია მოსაზრება, რომ ერდოღანს ძირითადად რელიგიური კონსერვატორები აძლევენ ხმას, ოპოზიციას კი — ლიბერალი სეკულარები, რომლებიც რელიგიისა და სახელმწიფოს გამიჯვნას ემხრობიან. ეთანხმებით ამ პათოსს? მოქალაქეთა არჩევანში რელიგიის ფაქტორია გადამწყვეტი?
ეს არანაირად არ არის მართალი. დავიწყოთ იქიდან, რომ თურქეთის კონტექსტში დოგმატური რელიგიურობის დონე მაინცდამაინც მაღალი არ არის. რელიგია დიდწილად ტრადიციული პატრიარქალური, პროვინციული ცხოვრების სტილისათვის ლეგიტიმაციის მინიჭების საშუალებად გვევლინება და არა მის მიზეზად. შესაბამისად, მიუხედავად მსგავსი კლიშეებისა და ამომრჩევლის გარკვეული კატეგორიის არსებობისა, რომელიც მართლაც რელიგიურობის გამო აძლევს ხელისუფლებას ხმას, საბოლოო სურათში რელიგია ხელისუფლების ამომრჩევლის მთავარ მოტივაციას არ წარმოადგენს.
ერდოღანს რელიგიური ამომრჩევლის უმეტესობა მართლაც აძლევს ხმას, თუმცა ოპოზიციის შიგნითაც არიან გარკვეული რელიგიური ფრაქციები.
საბოლოო ჯამში, მგონია, რომ უფრო მეტად საქმე გვაქვს კლასობრივ და ეკონომიკურ მომენტებთან და ისეთი სეკულარი ამომრჩეველი, რომელიც ადმინისტრაციული რესურსით სარგებლობს, პირიქით, ერდოღანს აძლევს ხმას. ხოლო [ასეთ რესურსს] მოკლებული რელიგიური ამომრჩევლისთვის ოპოზიციაა რეალური არჩევანი.
რაში მდგომარეობს ცხოვრების სტილის უმთავრესი განსხვავებები, რომლებიც მოქალაქის არჩევანზე ახდენს გავლენას? ასევე საინტერესოა, რა ფორმით იყენებს ასეთ განსხვავებებს თავის სასარგებლოდ ერდოღანი?
ცხოვრების სტილის განსხვავებები მდგომარეობს პირველ რიგში იმაში, რომ ოპოზიციურ ამომრჩეველში ბევრად მეტია ისეთი, ვინც თავს მიიჩნევს, ასე ვთქვათ, თანამედროვედ, ანუ რელიგიას მის ცხოვრებაში ბევრად უფრო ნაკლები გავლენა აქვს. ხოლო ერდოღანის შემთხვევაში მთელი აპელირება ხდება იმაზე, რომ ეს არსებული, პროვინციებში გავრცელებული ცხოვრების სტილი ტრადიციულია და ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში ეს ყველაფერი დაირღვევა და განადგურდება. სრულიად არის იგნორირებული ის ფაქტი, რომ რეალურად, ტრადიციული ცხოვრების სტილის ცვლილება ურბანიზაციას უკავშირდება და აქ, ისეთ შემთხვევებშიც, როცა ურბანიზაციის გამო ხდება მანამდე არსებული ცხოვრების სტილის დარღვევა, მთავარ პასუხისმგებლად ისევ ერდოღანამდელი პერიოდია წარმოჩენილი. ამით ხდება ამ ყველაფრის ერთგვარი გადაფარვა.
ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ერდოღანს ხმას არ აძლევენ ისეთი მოქალაქეები, ვისაც თანამედროვე ცხოვრების სტილი აქვთ და ვის ცხოვრებაშიც რელიგია ნაკლებ როლს ასრულებს. ასეთების წილი ერდოღანის ამომრჩეველში არც ისე მცირეა, მაგრამ აქ რამდენიმე ფაქტორთან გვაქვს საქმე: მათი ნაწილი ის ამორმჩეველია, რომელიც ერდოღნათან ალიანსში მყოფმა ნაციონალისტურმა პარტიებმა მოიყვანეს. კიდევ ერთი ნაწილი არის ადმინისტრაციული რესურსისა თუ სხვა მიზეზების გამო პარტიასთან და ხელისუფლებასთან დაკავშირებული ხალხი, კიდევ ერთი კი, როგორც უკვე აღვნიშნე, ყოველთვის გამარჯვებულ მხარეს რომ უყვართ ყოფნა, ის ამომრჩეველია.
რაც შეეხება ოპოზიციას, მათი რელიგიური ამომრჩეველი უფრო მეტად ისინი არიან, ვინც კლასობრივი მობილობის შედეგად აღმოჩნდნენ მეტ-ნაკლებად სეკულარულ კლასებთან ერთად და მათი სოციალიზაცია ისე მოხდა, რომ რელიგიის მიმართ პირადი რწმენის დონეზე დამოკიდებულებაც არ დაუკარგავთ. აქ ვგულისხმობ მეტწილად სეკულარულ უნივერსიტეტებში მოხვედრილ, პირად დონეზე მორწმუნე სტუდენტებს, მაგალითად.
შესაძლებელია თუ არა, ოპოზიციური ალიანსის წევრებს შორის შიდა დაპირისპირებებს ველოდოთ ამ მარცხის შემდეგ? ეს საკითხი განსაკუთრებით საინტერესოა იმ ფონზე, რომ ალიანსში განსხვავებული პოზიციები იყო ქილიჩდაროღლუს კანდიდატურის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით.
ძალიან რთული სათქმელია, თუმცა, რაც ჩანს, ოპოზიციიდან არავინ არსად აპირებს გადადგომას და ოპოზიციის მმართველობაში რაიმე სახის ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. მაგრამ დიდი შანსია, რომ ოპოზიციური ალიანსის შიგნით გაგრძელდება გარკვეული დაპირისპირება.
ვინაიდან ოპოზიცია გამორიცხავს ნებისმიერი სახის ქუჩის პროტესტს, უკვე მოდის მოწოდებები, რომ შემდეგი, ანუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის მოემზადონ. ეს არჩევნები 2024 წელს ტარდება. ამჯერად უკვე დიდი ქალაქების არდაკარგვაზე ექნებათ მთელი აქცენტი გადატანილი, თუმცა ის, თუ როგორ ჩატარდა ამჟამინდელი არჩევნები, ნათლად აჩვენებს, რომ ძალიან რთული იქნება [ოპოზიციის ხელში ამჟამად არსებული ქალაქების] შენარჩუნება მათთვის.
მინდა, ქურთების საკითხზეც გკითხოთ. როგორც აღვნიშნეთ, უმსხვილესი პროქურთული პარტია, “ხალხთა დემოკრატიული პარტია”(HDP) ქილიჩდაროღლუს მხარს უჭერდა წინასაარჩევნოდ. მეორე მხრივ, არაერთხელ გისაუბრიათ ქილიჩდაროღლუს პარტიის დოგმატურ მიდგომებზე ქურთების საკითხისადმი. რაში მდგომარეობს ეს მიდგომები?
მთავარი პრობლემაა ის, რომ ქილიჩდაროღლუს “რესპუბლიკური სახალხო პარტია”(CHP) საკუთარ თავს აცხადებს მუსტაფა ქემალ ათათურქის მიერ დაფუძნებული ამავე სახელწოდების პარტიის მემკვიდრედ. ვინაიდან ათათურქის ხაზი ყოველთვის ხასიათდებოდა მკვეთრად ანტიქურთული მიდრეკილებებით და შეურიგებელი დამოუკიდებლობით ნებისმიერი სახის პოლიტიკური დეცენტრალიზაციის მიმართ — და ქურთების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ დეცენტრალიზაციაა — აქ ძალიან სერიოზული იდეოლოგიური შეჯახება იბადება. ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც CHP-ს მანევრირების საშუალებას უზღუდავს, სწორედ ეს დოგმატური მიდგომებია.
პირობითად, ქურთულ რეგიონებში სულ რომ გაუქმებულიყო არჩევნები, ოპოზიცია საპროტესტო აქციებს ვერ და არ დაიწყებდა. ქურთების დემონიზების პირობებში, რომელშიც ძალიან დიდი როლი შეასრულა თავად ქილიჩდაროღლუმ, ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ნორმალურ პრაქტიკად იქცა ქურთულ რეგიონებში არჩეული მერების თანამდებობიდან მოხსნა, დაკავება და მათ ადგილას ცენტრიდან გამოგზავნილი მოხელეების დანიშვნა.
თუმცა ფაქტია, რომ ქურთულმა პარტიებმა ქილიჩდაროღლუს მხარი დაუჭირეს წინასაარჩევნოდ…
დიახ, თუმცა ეს იყო მთლიანად ტაქტიკური მხარდაჭერა, რადგან ქურთები თვლიდნენ, რომ ქილიჩდაროღლუ ნაკლები ბოროტება იყო ორ კანდიდატს შორის.
არაერთხელ ახსენეთ, რომ ოპოზიცია გამორიცხავს ნებისმიერი სახის ქუჩის პროტესტს. რა არის ამის მიზეზი? ქემალისტური იდეოლოგია, რომელზეც CHP დგას თუ თავად ქილიჩდაროღლუს მიდგომები?
ორივე. ქემალიზმის ეტატისტური და იერარქიულ-კორპორატისტული კულტურა და მემკვიდრეობა არ ტოვებს სახალხო პროტესტის ადგილს. თავად ქილიჩდაროღლუს რაც შეეხება, საკმაოდ აკლია გამბედაობა, რომ რადიკალური ნაბიჯი გადადგას ან პარტიული ოლიგარქიის წინააღმდეგ წავიდეს.
გასულ წლებში ერდოღანის ხელისუფლებამ მკვეთრად გააძლიერა განსხვავებული აზრის დევნა. მისი მრავალი ოპონენტი დააკავეს და გაასამართლეს, არაერთი კრიტიკული მედიასაშუალება დაიხურა… როგორ ფიქრობთ, რაიმე შეიცვლება ამ კუთხით მისი პრეზიდენტობის კიდევ ერთ ვადაში?
ყველაფერი ისევ ისე იქნება, უბრალოდ ერდოღანი, დიდი ალბათობით, უფრო მეტად გააგრძელებს საზოგადოების თავის ყაიდაზე მოჭრის მცდელობას. სხვა მხრივ, რეპრესიები, პოლარიზაცია, ყველაფერი ისევ ისე გაგრძელდება, როგორც არის. ერთადერთი, ერდოღანმა შეიძლება სცადოს სტამბოლსა და ანკარაში [ოპოზიციონერი] მერების ჩანაცვლება. თუმცა, ვინაიდან ადგილობრივი არჩევნები საკმაოდ მოახლოებულია და სტამბოლის არჩევნების გზით აღების პრესტიჟი ერდოღანისთვის შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს, შესაძლოა, მაინც შეიკავოს თავის [სტამბოლის მერის], ექრემ იმამოღლუს [პირდაპირ გადაყენებისგან].
თურქეთის საგარეო პოლიტიკაში თუ ელით მნიშვნელოვან ცვლილებებს?
გაგრძელდება ყველანაირი სახის ე.წ. დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა. დასავლეთს კვლავ სერიოზული პრობლემები ექნება არაერთი კუთხით თურქეთთან მიმართებაში, თუმცა, თუკი დასავლეთი რეალურად გადადგამს რაიმე ისეთ ნაბიჯს, რომელსაც ერდოღანი რეალურად ვერაფერს დაუპირისპირებს, შესაძლოა, მას მოუწიოს არჩევანის გაკეთება და პირველ რიგში, პუტინზე უარის თქმა, რადგან უკრაინაში მიმდინარე ომი ნათლად აჩვენებს, რომ რუსეთი ისეთი ძლიერი არ არის, როგორიც ერდოღანს წარმოედგინა.
თუმცა, იმისათვის, რომ ერდოღანმა ეს გააკეთოს, უკრაინაში რუსეთის დამაჯერებელი მარცხია საჭირო. როგორი და რანაირი მასშტაბებით იქნება ეს, ამის თქმა არის ძალიან რთული. სანამ ეს სურათი არ გამოიკვეთება, ერდოღანი, დიდი ალბათობით, გააგრძელებს ორმაგ თამაშს დასავლეთსა და რუსეთს შორის.