ახალი ამბები

ერდოღანის კონკურენტის თქმით, ბრძოლას გააგრძელებს

29 მაისი, 2023 • 1066
ერდოღანის კონკურენტის თქმით, ბრძოლას გააგრძელებს

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების არაოფიციალური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, მხარდამჭერებს მიმართა მოქმედი პრეზიდენტის მთავარმა კონკურეტმა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ. მისი სიტყვებით, ბრძოლას განაგრძობს, საარჩევნო პროცესი კი ყველაზე უსამართლო იყო ბოლო წლების განმავლობაში.

ქილიჩდაროღლუ თავისი პარტიის ოფისში სიტყვით მანამ გამოვიდა, სანამ თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭო ერდოღანს ოფიციალურად გამოაცხადებდა გამარჯვებულად. თუმცა, იმ დროს უკვე ნათელი იყო, როცა “ცესკოს” წინასწარი შედეგებით მოქმედი პრეზიდენტი იმარჯვებდა.

“ამ არჩევნებში, ყველა ზეწოლის მიუხედავად, ნათელი გახდა ხალხის ნება, შეცვალოს ავტორიტარული მთავრობა”, — დასძინა თურქეთის მთავარი ოპოზიციური პარტიის, “რესპუბლიკური სახალხო პარტიის”(CHP) ლიდერმა.

“ჩვენ გამოვცადეთ ყველაზე უსამართლო საარჩევნო პროცესი უკანასკნელ წლებში. სახელმწიფოს ყველა რესურსი მიმართული იყო პოლიტიკური პარტიისაკენ, ერთი კაცის ფეხქვეშ”, — თქვა მან, რითაც ერდოღანსა და მის პარტიაზე მიანიშნა.

თურქეთის “ცესკოს” თავმჯდომარის, აჰმეთ იენერის თანახმად, ერდოღანმა ხმათა 52.14%, ანუ 27,513,587 ხმა მიიღო, მის კონკურენტს, ქემალ ქილიჩდაროღლუს კი — 47.86% აქვს, ანუ 25,260,109 ხმა. მათ შორის განსხვავება 2 მილიონი ხმაა.

პარალელური დათვლის შედეგების მიხედვით, პირველი ტურის მსგავსად, ქილიჩდაროღლუმ კვლავ მოიგო თურქეთის 5 უდიდესი ქალაქიდან ოთხი — სტამბოლი, ანკარა, იზმირი და ადანა. ამასთან, ოპოზიციის კანდიდატმა ისევ გაიმარჯვა ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვისპირა რეგიონების დიდ ნაწილში, ისევე, როგორც ქურთებით დასახლებული პროვინციების დიდ ნაწილში.

უწინდელის მსგავსად, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მაღალი შედეგები აჩვენა ცენტრალურ თურქეთსა და შავიზღვისპირეთში. პარალელური დათვლის მიხედვით, მან თებერვლის მიწისძვრით ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონებშიც მოიგო, სადაც იქამდეც დიდი მხარდაჭერა ჰქონდა.

ქილიჩდაროღლუს არჩევნებში მარცხი ხაზგასმით არ უღიარებია, თუმცა დასძინა, რომ აწუხებს “მძიმე დღეები”, რომლებიც, მისი თქმით, თურქეთს ელის.

“ჩვენ გავაგრძელებთ ამ ბრძოლის პიონერებად ყოფნას, სანამ ნამდვილი დემოკრატია არ მოვა ჩვენს ქვეყანაში”, — დასძინა მან CHP-სა და მის მოკავშირეებზე საუბრისას.

მანამდე მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა ერდოღანმაც, რომელმაც თქვა, რომ მეორე ტურში თურქეთმა და დემოკრატიამ გაიმარჯვეს.

არჩევნებში ქილიჩდაროღლუს  მხარს უჭერდა იდეოლოგიურად განსხვავებული 6 პარტიისგან შემდგარი ალიანსი. ალიანსში არ შესულა, თუმცა ამავე კანდიდატს დაუჭირა მხარი პრო-ქურთულმა “ხალხთა დემოკრატიულმა პარტიამაც”(HDP), რომელიც არის  ქურთების საკითხზე ორიენტირებული უმსხვილესი პოლიტიკური ძალა თურქეთში.

ერდოღანი და მისი მოკავშირეები არაერთგზის ცდილობდნენ ოპონენტების დისკრედიტაციას სხვადასხვა გზით, რომელთა შორისაც იყო ტერორიზმთან კავშირში დადანაშაულება, ისევე როგორც მტკიცება, რომ მოქმედი ხელისუფლება “ოჯახის სიწმინდეს” იცავს “ლგბტ ოპოზიციისგან”.

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც 14 მაისის არჩევნებში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო გამარჯვებისათვის საჭირო 50%-ზე მეტის მოპოვება.

არჩევნების პირველი ტური ერთ-ერთი ყველაზე რთულად პროგნოზირებადი იყო უკანასკნელ ათწლეულებში. მიზეზებს შორის დომინირებდა ერდოღანის მმართველობისას გამწვავებული ეკონომიკური კრიზისი, ისევე, როგორც ოპოზიციის ერთიანობა მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ.

საერთაშორისო დამკვირვებელთა თქმით, მოქალაქეებს პირველ ტურში არჩევანის საშუალება ჰქონდათ, თუმცა თურქეთს არ შეუსრულებია ძირითადი პრინციპები დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად. ეუთო/ოდირის შეფასებით, “მოქმედი პრეზიდენტი და მმართველი პარტიები სარგებლობდნენ გაუმართლებელი უპირატესობით, მათ შორის, მიკერძოებული მედიაგაშუქებით”.

უკანასკნელ წლებში პრეზიდენტმა ერდოღანმა არა მხოლოდ გაიფართოვა ძალაუფლება, არამედ, გააძლიერა განსხვავებული აზრის დევნა, რომელიც შეეხო როგორც პოლიტიკურ სპექტრს, ისე მედიას, აკადემიურ სივრცესა და სასამართლოს.

სხვადასხვა ბრალდებით, რომელთა შორისაა ტერორიზმთან კავშირი, ხელისუფლების დამხობის მცდელობა  თუ პრეზიდენტის შეურაცხყოფა, ერდოღანის მრავალი კრიტიკოსი დაუკავებიათ და გაუსამართლებიათ.

ოპოზიციის დაპირება იყო, რომ გამარჯვების შემთხვევაში დემოკრატიულ რეფორმებს გაატარებდა, თურქეთს საპრეზიდენტოდან საპარლამენტო სისტემაზე დააბრუნებდა, უზრუნველყოფდა მოქალაქეთა თავისუფლებების დაცვას და მეტად დაუახლოვდებოდა დასავლეთის ბლოკს.

ერდოღანის მადლობა მხარდამჭერებს “თურქეთის კიდევ 5 წლით მართვის” შესაძლებლობისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი