ახალი ამბებიხელოვნება

„პენმარათონის“ წერითი სესია დაიწყო

20 ივნისი, 2018 • 2341
„პენმარათონის“ წერითი სესია დაიწყო

ორიგინალური ფორმატის ლიტერატურული კონკურსის, „პენმარათონის“ წერითი სესია დაიწყო. „სიცრუის ჩანგლით შენ დაიჭერ სიმართლის თევზსა“ – სწორედ ეს ფრაზა-ეპიგრაფია შექსპირის „ჰამლეტიდან“  წლევანდელი კონკურსის თემა.

კონკურსის ფინალში გადასულ მწერლებს 24 საათი აქვთ ნაწარმოების დასაწერად. მათ არ აქვთ წვდომა ინტერნეტსა და ციფრულ ტექნიკაზე. შესაბამისად, ხელით წერენ.

„კონკურსანტებს საკმაოდ რთული ამოცანა აქვთ. შექსპირის ნებისმიერი ციტატა რთული დასამუშავებელია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ისინი თავს გაართმევენ,“ – ამბობს გამომცემლობა „დიოგენეს“ ხელმძღვანელი თამარ ლებანიძე.

„პენმარათონი 2018“ – ის წერითი სესია ბაკურციხეში, სასტუმრო „მაროშენის“ ტერიტორიაზე ტარდება. წლევანდელი მარათონი  მთლიანად ეძღვნება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტს და საერთაშორისო, ქართულ-გერმანულ ფორმატში ტარდება. კონკურსის ფინალურ ეტაპში 14 ქართველი და 10 გერმანელი ავტორი მონაწილეობს.

„პენმარათონი 2018“-ის ქართველ ფინალისტთა სია ასეთია: მინდია არაბული; ინა არჩუაშვილი; დავით ბადალაშვილი; შალვა ბაკურაძე; სოფო ბანძელაძე; თეა თოფურია; ირმა მალაციძე; ელენე რევიშვილი; ბესო სოლომანაშვილი; თამრი ფხაკაძე; ლევან შატბერაშვილი; ალეკო შუღლაძე; ბესო ხვედელიძე და ნინო გუგეშაშვილი (ბოლო პენმარათონის გამარჯვებული, რომელიც სპეციალური მოწვევით იღებს მონაწილეობას). 

„ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო ფრაზაა. საკმაოდ რთულია, მაგრამ ძალიან საინტერესო და შესაბამისად ფიქრებს აღძრავს. კიდევ ერთხელ გამახსენდა როგორი გენიალურია შექსპირი,“- ამბობს მწერალი ნინო გუგეშაშვილი.

10 გერმანელი ავტორის გარდა, პროექტის ფარგლებში საქართველოს ეწვია გერმანული დელეგაცია კონკურსის ჟიურის, თანაორგანიზატორების, ლიტერატურის კრიტიკოსებისა და ბლოგერების შემადგენლობით. მათთვის ჩატარდა სპეციალური ლიტერატურული ვორქშოფი და მრავალფეროვანი კულტურული პროგრამა.

პენმარათონის მონაწილეები

კონკურსზე პრემიები ცალ-ცალკე გაიცემა გერმანელ და ქართველ გამარჯვებულებზე.

I პრემია- 3000€

II პრემია- 2000€

III პრემია 1000€  

„პენმარათონი 2018“ დასრულდება ოქტომბერში, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში. უშუალოდ ბაზრობის ტერიტორიაზე, საქართველოს, როგორც საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონში მოეწყობა კონკურსის შედეგად შექმნილი 10 საუკეთესო ნაწარმოებისაგან (5 გერმანული, 5 ქართული) შედგენილი ორენოვანი კრებულის (ქართულ და გერმანულ ენებზე) პრეზენტაცია. იმავე საღამოს ფრანკფურტში, ქალაქში მდებარე ერთ-ერთ კულტურულ ცენტრში ავტორები წაიკითხავენ ფრაგმენტებს თავიანთი ნაწარმოებებიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი