გიგა ბოკერიას განცხადება და ანეკდოტი თეა წულუკიანის გამოსვლაზე [ვიდეო]

დღეს, 20 ივნისს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ თეა წულუკიანის გამოსვლასთან დაკავშირებით რონალდ რეიგანის ანეკდოტი გაიხსენა.

“შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ერთი ძველი, მაგრამ ცნობილი ანეკდოტი გამახსენდა: ამერიკის მოქალაქე და საბჭოთა მოქალაქე რომ კამათობდნენ ერთმანეთში. ამერიკელი ეუბნება, რომ ჩვენთან სიტყვის თავისუფლებაა – გამოხვალ თეთრი სახლის წინ და შეგიძლია გააკრიტიკო/გალანძღო მთავრობაო. ამაზე მკვირცხლი პასუხი გასცა საბჭოთა მოქალაქემ – რა პრობლემაა? ჩვენთანაც, კრემლის წინ გამოხვალთ და ამერიკის მთავრობას რამდენსაც გინდა გალანძღავო.”

გიგა ბოკერიას ანეკდოტის  შემდეგ რეპლიკის გაკეთებას ცდილობდა უმრავლესობის დეპუტატი, გუგული მაღრაძე. გიგა ბოკერიამ ამის შემდეგ განმარტა, თუ რატომ მოყვა ანეკდოტი:

“ქალბატონო გუგული, შეიძლება ახლა თქვენ რაღაც მოგონებები გაგიღვიძეთ, მაგრამ დამშვიდდით, თუ შეიძლება… რატომ გამახსენდა ეს ანეკდოტი?

გუშინ წულუკიანს დაკვირვებით უსმინეთ კომიტეტზე? გენიალური ფრაზა თქვა და თქვენ მოგმართათ, თქვენ გამუნათებდათ – უმრავლესობას. შეიძლება ბოლოჯერ გამოვდივარ მინისტრის რანგში (მეფე ლირის მსგავს სიტყვები იყო), მაგრამ გახსოვდეთ, ჩემი მთავარი მიღწევაა, რომ ყოფილი მთავრობის, აწ უკვე ოპოზიციის წარმომადგენლები ვეღარ აკონტროლებენ სასამართლოსო. ანუ, ყოფილი კი არა, დღევანდელი მთავრობა აკონტროლებს და ეს არის მიღწევაო. ხედავთ, რამხელა გარღვევაა? ყოფილი მთავრობა კი არა, დღევანდელი მთავრობა აკონტროლებს სასამართლოს და ეს არის მიღწევა.

ქალბატონი წულუკიანის ამ გენიალურ პასაჟზე ნებისმიერ აბსოლუტურად ავტორიტარული ქვეყნის წარმომადგენელს შეიძლება მკვირცხლად მიეგო, რომ ჩვენთანაც ეგრეაო. ყველა დიქტატურაში ყოფილი მთავრობა კი არა, მოქმედი მთავრობა აკონტროლებს სასამართლოს. მიხვდით, რატომაც გამახსენდა უკვდავი რონალდ რეიგანის ანეკდოტი?”

ევროპული საქართველოს ლიდერის თქმით, ბიძინა ივანიშვილთან ერთად თეა წულუკიანია “ქართული ოცნებისა” და პოლიტიკური სიძულვილის სახე. გიგა ბოკერია პრემიე-მინისტრობის კანდიდატს, მამუკა ბახტაძეს ურჩევს, არ დატოვოს თანამდებობაზე თეა წულუკიანი:

“ოპოზიციისთვის საარჩევნოდ კარგიც შეიძლება იყოს, მაგრამ თქვენ და მთელ თქვენს გუნდს ძალიან ძვირი ფასი დაგიჯდებათ, თუ გნებავთ, რომ თეა წულუკიანი იყოს თქვენი სახე და ის განასახიერებდეს თქვენს დამოკიდებულებას სასამართლოს მიმართ, მართლმსაჯულების მიმართ, წარსულის და აწმყოსი. ახლა ეს არჩევანი გააკეთეთ ყველამ, ვინც აქ სხედხართ.”

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.