ახალი ამბები

კალაძე კვრიკაშვილის გადადგომაზე: ახალი სისხლი შესაძლებლობას მოგვცემს უფრო ეფექტურები ვიყოთ

13 ივნისი, 2018 • 2784
კალაძე კვრიკაშვილის გადადგომაზე: ახალი სისხლი შესაძლებლობას მოგვცემს უფრო ეფექტურები ვიყოთ

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ხვალ, 14 ივნისს უმრავლესობის სხდომა გაიმართება, სადაც პრემიერ-მინისტრის კანდიდატს დაასახელებენ. “რაც შეეხება მომავალ პრემიერ – მინისტრს, ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს. ხვალ, უმრავლესობის სხდომა იქნება, სადაც კანდიდატის განხილვა მოხდება. კანდიდატს აუცილებლად წარვადგენთ,”-განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა გუშინ, 12 ივნისს გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრა:

“გუშინ, შეხვედრაზე მსჯელობა არსებულ ვითარებას შეეხებოდა. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა საპარლამენტო უმრავლესობა, მთავრობის წარმომადგენლები და პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც თავისი მოსაზრებები დააფიქსირა. მან მიუთითა იმ პრობლემებზე, რომლებიც ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში პრობლემურია. ესენია გადაწყვეტილების ეფექტურობა და კოორდინაცია, განსაკუთრებით- საპარლამენტო გუნდთან. რაც შეეხება გიორგი კვირიკაშვილის მოღვაწეობას, ბევრი დადებითი იყო მისი პრემიერობის პერიოდში, თუმცა არის სერიოზული გამოწვევები. ზოგადად, გუნდის განახლებას რაც შეეხება, ვიტყოდი, რომ ახალი სისხლი მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ უფრო ეფექტურები ვიყოთ და ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვის,”-განაცხადა კახა კალაძემ.

დღეს, 13 ივნისს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გადადგა. ბრიფინგზე გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ აზრთა სხვადასხვაობა ხშირად ჰქონია პარტია “ქართული ოცნების”თავმჯდომარესთან და ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან და მიიჩნევს, რომ ახლა მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, სურვილისამებრ დააკომპლექტოს მთავრობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი