რუსეთმა აფხაზეთიდან ყირიმში სამ ათას ტონამდე ინერტული მასალა გაიტანა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა, ადგურ არძინბამ სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პირველი სატვირთო გემი სამი ათასი ტონა დამსხვრეული ქვით სოხუმის პორტიდან ყირიმში გაემგზავრა.

აფხაზეთიდან ინერტული მასალების მიწოდება რუსეთის ფედერაციაში იმ შეთანხმების საფუძველზე განხორციელდება, რომელსაც აფხაზურ-რუსულ საქმიან ფორუმზე სოხუმში ხელი მოეწერა 2017 წლის 22 ოქტომბერს.

“შარშანდელი ფორუმის ფარგლებში ხელი მოვაწერეთ კონტრაქტს ინერტული მასალების მიწოდებაზე. ჩვენი მეწარმეები შეთანხმდნენ რუს პარტნიორებთან იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ტერიტორიაზე 600 ათას ტონამდე ინერტული მასალები გაიგზავნება. ეს საჭიროება რუსეთის ტერიტორიაზე ფედერალური მიზნობრივი პროგრამების რეალიზებასთან დაკავშირებით გაჩნდა. მთელი ეს დრო, რა თქმა უნდა, დოკუმენტების გაფორმებას დასჭირდა – ხარისხთან დაკავშირებული დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოთხოვნები რუსეთში გართულდა.

პირველი გემი გუშინ გაემგზავრა. მიმდინარე წლის ბოლომდე, წინასწარი გათვლებით, 200 ათას ტონამდე ინერტული მასალა იქნება მიწოდებული. შემდეგ წელს ეს სამუშაო ასევე გაგრძელდება. ვფიქრობთ, არსებობს შესაძლებლობა დავიბრუნოთ მყარი პოზიციები რუსულ ბაზარზე”.

ოფიციალური ცნობითვე, 200 ათასი ტონა ინტერტული მასალისთვის საგადასახადო შემოსავლები აფხაზეთის ბიუჯეტში 2018 წლის ბოლომდე დაახლოებით 20 მილიონი რუბლი [316 847 აშშ დოლარი] იქნება.

რუსეთში გასატანი ინტერტული მასალების მოპოვება ამ ეტაპზე ოჩამჩირის რაიონიდან ხდება.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი