ახალი ამბები

ომბუდსმენის წარმომადგენელი: მემანქანეების გაფიცვა კანონიერია

4 ივნისი, 2018 • 1806
ომბუდსმენის წარმომადგენელი: მემანქანეების გაფიცვა კანონიერია

სახალხო დამცველის წარმომადგენელი თათული თოდუა მიიჩნევს, რომ მემანქანეების გაფიცვა კანონიერია და მათ არანაირი პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროთ. ამის შესახებ თოდუამ მეტროს გაფიცულ მემანქანეებთან შეხვედრისას, დღეს, 4 ივნისს განაცხადა.

“სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით მემანქანეებს სამუშაო დროს გაფიცვა განუსაზღვრელი ვადით შეეზღუდათ, სახალხო დამცველის მხრიდან შეფასდა როგორც საშიში და საზიანო პრეცედენტი.

მეტროს მემანქანეებმა მხედველობაში მიიღეს სასამართლოს გადაწყვეტილება და ისინი გაიფიცნენ არასამუშაო დროს. შესაბამისად, ეს ქმედებები კანონიერების ფარგლებში ჯდება. შესაბამისად, შეუძლებელია აქ საუბარი სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობაზე და მასთან დაკავშირებით რაიმე პასუხისმგებლობის დაკისრებაზე”, – თქვა თათული თოდუამ.

მისივე განმარტებით, გაფიცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი უფლება, რომელიც აქვს დასაქმებულს და ამ უფლების არსი გამოიხატება იმაში, რომ დამსაქმებელზე უნდა განხორციელდეს წნეხი, მას უნდა მიადგეს ზარალიც კი სერვისების შეჩერებითა და სამუშაოების შეუსრულებლობით იმისთვის, რომ დასაქმებულებმა დაიკმაყოფილონ თავიანთი ინტერესები, რომელიც უკავშირდება სოციალურ–ეკონომიკურ საკითხებს.

ომბუდსმენის წარმოამდგენლის თქმით, მნიშვნელოვანია შეთანხმების მიღწევა, რათა არ გამწვავდეს სიტუაცია.


მემანქანეები უკვე რამდენიმე თვეა ხელფასების მომატების მოთხოვნით გაფიცვას აანონსებენ. მათ გაფიცვა დაიწყეს 3 ივნისს, არასამუშაო დროს, თუმცა მეტროს მუშაობა 4 ივნისის დილიდან შეჩერებულია. თბილისის მერია და სატრანსპორტო კომპანია აქამდე აცხადებდნენ, რომ მათი მოთხოვნები უსაფუძვლო იყო და გაფიცვის საქმემ სასამართლოში გადაინაცვლა. 18 მაისს სასამართლომ მემანქანეებს აუკრძალა სამუშაო საათებში გაფიცვა.

როგორც ორგანიზაცია EMC-ის იურისტმა ლინა ღვინიანიძემ ნეტგაზეთს განუცხადა, დაწყებული შიმშილობის გამო გაუარესდა მემანქანეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათ ვერ გაიარეს სტანდარტული სამედიცინო შემოწმება და, შესაბამისად, მათ მიერ მეტროს მატარებლების მართვა არ იქნებოდა უსაფრთხო. სწორედ ამიტომ არის შეჩერებული მეტროს მუშაობა. იურისტის თქმით, სამართლებრივად, მეტროს მემანქანეებს არ დაურღვევიათ სასამართლოს გადაწყვეტილება.

მასალების გადაბეჭდვის წესი