ირაკლი კობახიძე ირაკლი შოთაძეს გადადგომისთვის მადლობას უხდის

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომას ეხმაურება და აცხადებს, რომ პროკურორმა თანამდებობა დატოვა არა დადასტურებული გადაცდომის, არამედ ეჭვის გამო. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს ამ ხელისუფლების პირობებში არსებული ახალი სტანდარტია.

“დღევანდელი სტანდარტი მდგომარეობს იმაში, რომ ხელისუფლება პასუხისმგებლობას იღებს. ნახეთ, რომ მთავარი პროკურორი გადადგა არა იმ პირობებში, როდესაც რაიმე დანაშაული ან გადაცდომაა მის მიმართ დამტკიცებული, არამედ გადადგა მაშინ, როცა გარკვეუული ეჭვი გაჩნდა ხარვეზებზე თუ გადაცდომებზე, რომელიც შეიძლება ამ საქმეს უკავშირდებოდეს.  ეჭვი მისი გადადგომის საფუძველი გახდა. ეს იყო ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება და მე ამ გადაწყვეტილებისთვის  მინდა ირაკლი შოთაძეს მადლობა გადავუხადო,”- აცხადებს ირაკლი შოთაძე.

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე დღეს, 31 მაისს, გადადგა. მის გადადგომა წინ უძღოდა სარალიძის ოჯახისა და მისი მხარდამჭერების აქცია.


თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება იმავე ჩხუბის დროს მოკლულ დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

სასამართლოს გადაწყვეტლების გამოცხადების შემდეგ, მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები პროკურატურასთან მივიდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ სანამ მისი შვილის მკვლელებს არ დააკავებენ და არ დაისჯება ყველა დამნაშავე, მათ შორის, პროკურორები, აქციებს არ შეწყვეტს. სარალიძე გამოძიების ხელახლა ჩატარებას ითხოვს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.