ახალი ამბები

გაუჩინარებული მალაიზიური ბოინგის ძებნა საბოლოოდ შეწყდა

29 მაისი, 2018 • 2718
გაუჩინარებული მალაიზიური ბოინგის ძებნა საბოლოოდ შეწყდა

უშედეგოდ დასრულდა მალაიზიური ბოინგ 777-ის ძებნის მორიგი ეტაპი ინდოეთის ოკეანის ფსკერზე. ჯერჯერობით კვლავ პასუხგაუცემელია კითხვა, 2014 წლის მარტში სად და რატომ გაუჩინარდა თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 239 ადამიანი იმყოფებოდა.

ამერიკული კერძო კომპანია Ocean Infinity გაუჩინარებული თვითმფრინავის ძებნის ოპერაციაში 2018 წლის დასაწყისში იმ პირობით ჩაერთო, რომ ანაზღაურებას მხოლოდ თვითმფრინავის პოვნის შემთხვევაში მიიღებდა. Ocean Infinity-მ მაღალტექნოლოგიური წყალქვეშა მოწყობილობებით ინდოეთის ოკეანის ფსკერზე 25 ათასი კვადრატული კილომეტრი შეამოწმა, თუმცა, უშედეგოდ. მალაიზიის მთავრობა ამბობს, რომ ძებნის ამ ეტაპის დასრულების შემდეგ არ აქვს არანაირი გეგმა ახალი ოპერაციის დასაწყებად.

რაც ზუსტად ვიცით გაუჩინარებულ თვითმფრინავზე, არის ის, რომ ნამდვილად ინდოეთის ოკეანეში ჩამოვარდა. 2015-2016 წლებში აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროებსა და კუნძულ რეუნიონზე თვითმფრინავის არაერთი ნაწილი იპოვეს, მათ შორის, ფრთისა და როლს როისის ძრავის დეტალი. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ეს ფრაგმენტები სწორედ გაუჩინარებული ბოინგ 777-ის ნაწილებია, აფრიკის სანაპიროებამდე კი ინდოეთის ოკეანის დინებამ ჩაიტანა.

ყველაფერი 2014 წლის 8 მარტს დაიწყო. მალაიზიის ავიახაზების ბოინგ 777, რეისის ნომრით MH370, კუალა ლუმპურის საერთაშორისო აეროპორტიდან ჩინეთის დედაქალაქ პეკინისკენ 00:41 საათზე აფრინდა. ის დანიშნულების ადგილზე დაახლოებით 5 საათში, 06:30-ზე უნდა ჩაფრენილიყო. მალე რადარებიდან გაუჩინარდა და ავიაციის ისტორიაში ყველაზე ამოუხსნელ მასშტაბურ ტრაგედიად იქცა.

უფრო მეტი MH370-ის შესახებ, გაიგეთ ნეტგაზეთის სტატიიდან:

მალაიზიური თვითმფრინავის ძებნის ბოლო ეტაპი – დეტალები, რაც ვიცით

მასალების გადაბეჭდვის წესი