საზოგადოება

ჰააგამ გირკინს და 2 პირს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა MH17 თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის

17 ნოემბერი, 2022 • 1386
ჰააგამ გირკინს და 2 პირს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა MH17 თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის

ნიდერლანდების სასამართლომ „მალაიზიური ავიახაზების“ კუთვნილი MH17 თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე ბრალდებული 4 პირიდან 3 (ორი რუსი და ერთი უკრაინელი) დამნაშავედ ცნო, ერთი კი გაამართლა.

ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ შეიარაღებული ძალების ყოფილი მეთაური იგორ გირკინი, ისევე როგორც მას დაქვემდებარებული მებრძოლები, სერგეი დუბინსკი და ლეონიდ ხარჩენკო, სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ოლეგ პულატოვი ოთხი ბრალდებულიდან ერთადერთი იყო, რომელსაც სასამართლო პროცესზე იურიდიული წარმომადგენლობა ჰყავდა. მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ მან იცოდა რაკეტის შესახებ, მაგრამ არ იყო დამნაშავე.

სასამართლომ გამოაცხადა, რომ გირკინმა, დუბინსკიმ და ხარჩენკომ მსხვერპლთა ნათესავებს 60 მილიონი ევროს კომპენსაცია უნდა გადაუხადონ. ამავდროულად, მათ სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

„მალაიზიის ავიახაზების” კუთვნილი სამგზავრო ბოინგი MH17 აღმოსავლეთ უკრაინის თავზე ჩამოაგდეს 2014 წლის 17 ივლისს, რის შედეგადაც 298 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი დაიღუპა.

მანამდე სასამართლომ, ფაქტობრივად, დაადასტურა MH17-ის ჩამოვარდნის მიზეზების უკრაინული ვერსია, თუმცა აღნიშნა, რომ მთავარი სამიზნე უკრაინული სამხედრო თვითმფრინავი უნდა ყოფილიყო. სასამართლოს ცნობით, 2014 წელს „მალაიზიის ავიახაზების“ რეისი MH17 ჩამოაგდეს რუსული წარმოების რაკეტით, რომელიც გასროლილი იქნა აღმოსავლეთ უკრაინიდან, სადაც სეპარატისტულ ძალებს იმ დროს რუსეთი აკონტროლებდა.

„ეჭვი არ არის, რომ MH17 ჩამოაგდეს BUK-ის სარაკეტო სისტემით“, — განაცხადა მოსამართლემ ჰენდრიკ სტინჰუისმა განაჩენის წაკითხვისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი