აქცია “ნუ მომკლავ” დღეს დასრულდა, თუმცა “უფრო მასშტაბურად გაგრძელდება”

რუსთაველის გამზირზე აქცია “ნუ მომკლავ” დასრულდა, თუმცა, როგორც მისი ორგანიზატორი ზაზა სარალიძე ამბობს, თუ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტი არ გამოაშკარავდება და ყველა დამნაშავე არ დაისჯება, აქციები გაგრძელდება.

“ნუ მომკლავ” – ზაზა სარალიძის და სხვა მოქალაქეების აქცია რუსთაველზე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით. 27/05/18 © ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

“ნუ მომკლავ” – ზაზა სარალიძის და სხვა მოქალაქეების აქცია რუსთაველზე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით. 27/05/18 © ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

“ნუ მომკლავ” – ზაზა სარალიძის და სხვა მოქალაქეების აქცია რუსთაველზე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით. 27/05/18 © ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

“ეს აქცია დღეს არ დასრულდება და გაგრძელდება მანამ, სანამ ყველაფერი სააშკარაოზე არ გამოვა. არ ვგულისხმობ მარტო იმ ადამიანებს, ვინც ჩემი შვილის მკვლელობაში მიიღო მონაწილეობა, ყველა ის ადამიანი, ვინც ჩვენება შეცვალა, ვინც მე სიმართლე დამიმალა, ყველა მკვლელია, ყველა დანაშაულის ჩამდენია”, – ამბობს ზაზა სარალიძე.

მისივე თქმით, ცნობილი გახდა დამოუკიდებელი ექსპერტის, მაია ნიკოლაიშვილის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგები, რომელიც მის ეჭვებს კიდევ უფრო ამყარებს.

 

“მაია ნიკოლაიშვილის საექსპერტო დასკვნიდან დგინდება, რომ სამსახრაულის ექპსერტიზამ დამალა ფაქტები, გაანადგურა ერთ-ერთი ნივთმტიკცება- დანა. დანის პირს ისეთი დეფორმაცია აქვს მიღებული, რომ ხელახალი ექსპერტიზის ჩატარება უკვე გამორიცხულია”, – ამბობს სარალიძე.

ის ასევე აკრიტიკებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორებს და ამბობს, რომ ეს უკანასკნელები მასზე და მაია ნიკოლაიშვილზე ზეწოლის მოხდენას ცდილობდნენ.

 

ზაზა სარალიძემ, რომლის არასრულწლოვანი შვილი გასულ წელს მოკლეს თბილისში, აქცია თბილისში, პარლამენტის შენობასთან დღეს გამართა. ის შვილის მკვლელობის სრულყოფილად გამოძიებას მოითხოვს.

აქციის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი სცეს შარშან მოკლული არასრულწლოვნების ხსოვნას.

აქციის მონაწილეების განცხადებით, 2 დღის წინ იმყოფებოდნენ პროკურატურაში, სადაც “კარები მიუხურეს”:

“შოთაძეს [გენერალურ პროკურორს] შეეშინდა იმ კრიტიკული კითხვების, რაც გვქონდა.
რადგან პროკურატურამ არ ისურვა ეს კრიტიკული კითხვები, მას მოუწევს აქედან, ათასობით ადამიანის თვალწინ მოისმინოს და გასცეს პასუხები კითხვებს”.

აქციაზე იმყოფებოდნენ პოლიტიკოსები, უფლებადამცველები და სხვა მოქალაქეები.

გასული წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბი, რა დროსაც ორი არასწრულწოვანი მოკლეს, ერთ-ერთი გახმაურებელი საქმეა.

27 მაისს გამართულ აქციას პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამაც შეუერთდა. როგორც მან “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ აქციას მის გარდა პანკისის ხეობის რამდენიმე მცხოვრები შეუერთდება.

“იქაც უსამართლობას ვხედავ, ამ უსამართლობით ვარ განწირული და იმ ადამიანშიც იმავეს ვხედავ, განწირულია ის ადამიანიც და მინდა გვერდით დავუდგე”, – უთხრა “ნეტგაზეთს” მალხაზ მაჩალიკაშვილმა.


  • 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს ცივი იარაღით ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. სასწრაფო დახმარების სამსახურმა დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა გზაში ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. მეორე არასრულწლოვანი 2 დეკემბერს გარდაიცვალა.
  • ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
  • პოლიციამ 2001 წელს დაბადებული ბრალდებული განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავა. 3 დეკემბერს პროკურატურამ 2 მოზარდი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა.
  • საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ხორავას ქუჩაზე კონფლიქტში მონაწილე მოზარდების ძალიან მცირე ნაწილმა გამოთქვა გამოძებასთან თანამშრომლობის სურვილი, რაც უდიდეს პრობლემას წარმოადგენს არასრულწლოვნებს შორის დანაშაულების პრევენციისთვის.
  • 3 დეკემბერს, 51-ე სკოლასთან არასრულწლოვნებს შორის ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის დროს მოკლული ბავშვების ოჯახებისადმი სოლიდარობის ნიშნად აქცია გაიმართა. მოქალაქეები მეორე დღეა 51-ე სკოლასთან მიდიან – ისინი მოკლული ბავშვების ხსოვნას ყვავილებითა და სანთლებით სცემენ პატივს.
  • საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მირზა სუბელიანი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილის მამაა, 3 დეკემბერს საგამოძიებო უწყებას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებით მიმართა. პროკურატურამ მისი მოთხოვნა 4 დეკემბერს დააკმაყოფილა და გაათავისუფლა სამსახურიდან.

ვრცლად ზაზა სარალიძის პოზციების შესახებ წაიკითხეთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე

ზაზა სარალიძე ხორავას ქუჩაზე მკვლელობის სამართლიანი გამოძიების მოთხოვნით აქციას აანონსებს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com