ნეტგაზეთი | ზაზა სარალიძე ხორავას ქუჩაზე მკვლელობის სამართლიანი გამოძიების მოთხოვნით აქციას აანონსებს ზაზა სარალიძე ხორავას ქუჩაზე მკვლელობის სამართლიანი გამოძიების მოთხოვნით აქციას აანონსებს – Netgazeti
RU | GE  

ზაზა სარალიძე ხორავას ქუჩაზე მკვლელობის სამართლიანი გამოძიების მოთხოვნით აქციას აანონსებს

დეკემბერში ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამა საქმის სრულყოფილ გამოძიებას მოითხოვს და 27 მაისს თბილისში, პარლამენტის წინ აქციის გამართვას აპირებს.

ამის შესახებ მან ხორავას ქუჩაზე, იმ ეზოში განაცხადა, სადაც დავით სარალიძესა და ლევან დადუნაშვილს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს.

“ამ ეზოში პირველად ვარ, აქამდე არ ვიყავი, არ მინდოდა იმ ტერიტორიის ნახვა, სადაც ჩემი შვილი მოკლეს. ძალიან ემოციურდ ვარ ახლაც განწყობილი, მაგრამ ემოციების დრო უკვე აღარ მაქვს, იქიდან გამომდინარე, რა მარაზმის წინაშეც ვდგავარ, როგორ მალავენ ჩემი შვილის მკვლელებს. მართალია, ის ორი პიროვნება, რომელიც დაკავებულია, არიან მკვლელები, მაგრამ, კიდევ არის ორი პიროვნება, რომელმაც უშუალოდ მიიღო მონაწილეობა ჩემი შვილის დაჭრაში,”- ამბობს დავით სარალიძე.

ხორავას ქუჩა – ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის ადგილი

მისივე თქმით  შეუძლებელია, ასეთ პატარა ეზოში ვერავის დაენახა მისი შვილის მკვლელობა.

“ვერავინ დამაჯერებს იმას, რომ ვერავინ დაინახა ჩემი შვილის მკვლელობა. ეს გამორიცხულია. 25 ბავშვი აქ იყო და ვერავინ დაინახა ეს?”- ამბობს ის.

ზაზა სარალიძის თქმით, სამართლიან გამოძიებას მოითხოვს:

“სამართლიანად წარიმართოს ყველაფერო და დააკავონ ის პირები, ვინც უშუალოდ მიიღო მონაწილეობა არა მარტო მკვლელობაში, არამედ ვინც არია საქმის მსვლელობა, მფარველობენ მკვლელებს; ის ადამიანები, ვინც არასწორი ჩვენებები მისცა, ვინც დამალა ეს ფაქტი, რომ დაინახა და დამალა, აბსოლუტურად ყველა პასუხისმგებაში უნდა მიეცეს იმის მიხედვით, ვის რა წილი მიუძღვის ამ დანაშაულში”- განაცხადა მან.

ზაზა სარალიძის თქმით, გამოძიების ყველაზე დიდი შეცდომა ფარდულის დანგრევა იყო. ამ ფარდულის დანგრევასთან დაკავშირებით იანვარში პრეტენზიებს გამოთქვამდა ბრალდებულის ადვოკატიც, რადგან, მისი თქმით, ადგილზე საგამოძიებო ექსპერიმენტი უნდა ჩატარებულიყო. რუსთავი 2-თან საუბრისას ადგილობრივებმა თქვეს, რომ ფარდული მათ პოლიციის ნებართვის შემდეგ დაანგრიეს.

“უდიდესი შეცდომა, რაც გამოძიებამ დაუშვა, ფარდულის დანგრევა იყო. მთავარი ნივთმტკიცება, სადაც მკვლელობა მოხდა, გაანადგურეს. აქედან გამომდინარე, თუ ფარდიული გაანადგურეს, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ყველა მოწმეზე ზეწოლა განახორციელეს,”-  ამბობს სარალიძე.

ზაზა სარალიძე ჟურნალისტებს უჩვენებს იმ ადგილს, სადაც ფარდული იყო განთავსებული

იგი ასევე ამბობს, რომ ბრალდებულის სკამზე უნდა იყოს პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანიც, რომელიც თავისი ქვისლის, თენგიზ კალანდიას მსგავსად, მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.ჯ-ს დანაშაულს ფარავდა:

“მირზა სუბელიანს იგივე წვლილი მიუღძვის ამ დანაშაულის დაფარვაში, რაზეც დღეს მისი ქვისლი, თენგიზ კალანდია არის დაკავებული. აბსოლუტურად ყველა ფაქტი ადასტურებს იმას, რომ მირზა სუბლიანმა იცოდა მკვლელი სად იყო და გადამალვაში დაეხმარა,”- განაცხადა მან.

მკვლელობაში ბრალდებული ორი მოზარდის გარდა, ამავე საქმეზე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით კიდევ 3 პირი დააკავეს.

მირზა სუბელიანი, ხორავაზე მომხდარი ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილის მამა, საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო. მან თანამდებობის დატოვებაზე განცხადება მომხდარიდან 3 დღის შემდეგ,  3 დეკემბერს დაწერა.

მირზა სუბელიანმა მაშინ განაცხადა, რომ მისი შვილი (ა.ს.) ფაქტს მხოლოდ შეესწრო და ჩხუბის მონაწილე არ იყო, თუმცა იმას, რომ ა.ს. მოზარდებს შორის დაპირისპირების ერთ-ერთი ორგანიზატორია, თავად პროკურატურის განცხადება ადასტურებს.

ირაკლი შოთაძემ მირზა სუბელიანის საკითხთან დაკავშირებით 24 მაისს განაცხადა, რომ მირზა სუბელიანის ბრალეულობა არ გამოიკვეთა.

“რაც შეეხება მირზა სუბელიანის საკითხს, არცერთი მტკიცებულება ამ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება მირზა სუბელიანის მიერ რაიმე სისხლის სამართლის დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე,”- განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი