ახალი ამბები

აუქციონზე ნაყიდ ევკალიპტს არ გვირეგისტრირებენ – “დმანისის გადარჩენის ფონდი”

25 მაისი, 2018 • 1659
აუქციონზე ნაყიდ ევკალიპტს არ გვირეგისტრირებენ – “დმანისის გადარჩენის ფონდი”

“დმანისის გადარჩენის ფონდის” ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო საკუთრებაში არ ურეგისტრირებს მათ მიერ აუქციონის გზით შეძენილ ასწლოვან ევკალიპტის ხეს. ფონდის წარმომადგენლის, თამთა შამათავს განცხადებით, უწყების მოთხოვნით, მიღება-ჩაბარების აქტს მას შემდეგ გაუფორმებენ, როცა ხეს ტერიტორიიდან გაიტანენ. თამთა შამათავს შეფასებით, სააგენტო კანონს არღვევს, როდესაც მათ მიერ შეძენილ ნივთს საკუთრებაში არ ურეგისტრირებს.

“მიუხედავად ჩვენი არაერთი წერილობითი მოთხოვნისა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებასთან დაკავშირებით, დოკუმენტს სააგენტო არ არეგისტრირებს. მათი გაცხადებით, მიღება-ჩაბარების აქტი მას შემდეგ გაფორმდება, რაც ხეს ადგილიდან გავიტანთ. ამავდროულად, უწყება გვიცხადებს, რომ საბანკო რეკვიზიტი უნდა მივიტანოთ, რათა მოახდინონ ჩვენ მიერ გადახდილი თანხის  2020 ლარის უკან გადმორიცხვა. რითაც ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდება და მათ საშუალება მიეცემათ, აუქციონი თავიდან გამოაცხადონ იმ კონკრეტული კომპანიისთვის, ვისთვისაც თავიდანვე იყო გამოცხადებული,”-აცხადებს თამთა შამათავა.

თამთა შამათვას თქმით, აუქციონი ერთი კომპანიისთვის, “ურეკი რეზიდენსისთვის” გამოცხადდა. „ურეკი რეზიდენსის“ 100% წილის მფლობელი კი ბერა ივანიშვილია. ამ კომპანიის საკუთრებაშია ის ტერიტორია ოზურგეთის სოფელ შეკვეთილში, სადაც მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს მრავალწლოვანი ხეები გადააქვს.

“ურეკი რეზიდენსი” 2016 წელს ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნოდა და  2017 წელს 4 მლნ ლარად თავის შვილს ბერა ივანიშვილს მიჰყიდა. ამით კიდევ ერთხელ დასტურდება ის, რასაც “დმანისის გადარჩენის ფონდი” თავიდანვე საუბრობდა. აღნიშნული აუქციონი კონკრეტულად ერთი ადამიანისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვისაა,” – ამბობს “დმანისის გადარჩენის ფონდის” წარმომადგენელი.

ევკალიპტის ხე 27 მარტს აუქციონზე 14 ოპოზიციური პარტიის მიერ დაფუძნებულმა ფონდმა 2020 ლარად შეიძინა. ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ 20 აპრილს „ნეტგაზეთს“ წერილობით აცნობა, რომ თუ მყიდველი ვერ უზრუნველყოფს ქონების გატანას განთავსების ადგილიდან, ელექტრონული კონტრაქტი მოიშლება ცალმხრივად.

ევკალიპტის ხე აუქციონზე ოპოზიციურმა პარტიებმა პროტესტის ნიშნად იყიდეს, რათა ამ გზით, როგორც თვითონ ამბობენ, ხელი შეეშალათ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილისთვის, რომლის კომპანიები გასული წლიდან მოყოლებული ეზიდებიან ასწლოვან ხეებს აჭარიდან და სხვა რეგიონებიდან და შეკვეთილში რგავენ.

მომსახურების სააგენტოდან 20 აპრილს მიღებული წერილით ასევე ირკვევა, რომ ევკალიპტის ხე, რომელიც სახელმწიფომ აუქციონზე გაიტანა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის [ბსუ] ბალანსზე ირიცხებოდა და განკარგვის მიზნით სააგენტოს უნივერსიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად გადაეცა.

აუქციონის პირობების მიხედვით, „დმანისის გადარჩენის ფონდს“ ევკალიპტის ხე ნაკვეთიდან უნდა გაეტანა  მიმდინარე წლის 4 მაისამდე, თუმცა ოპოზიციური პარტიები არ გეგმავენ მის სხვა ადგილას გადარგვას.

დასტურდება, რომ ევკალიპტის ხე აუქციონზე ივანიშვილისთვის გაიტანეს

მასალების გადაბეჭდვის წესი